ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიესალმება ინსპექტორის სამსახურის გადაწყვეტილებას. მისი თქმით, ეს ნიშნავს, რომ საქართველოში არსებობს მინიმუმ 2 დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტი.
“მივესალმები სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებას, ჩემი უფლებების დარღვევის დადგენის თაობაზე და იუსტიციის სამინისტროსთვის შემდგომი ასეთი ქმედებების აკრძალვას. ეს ნიშნავს, რომ საქართველოში არსებობს მინიმუმ 2 დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტი — სახალხო დამცველის და სახელმწიფო ინსპექტორის სახით. ნიშანდობლივია, რომ ორივეს ქალი ხელმძღვანელობს”, — წერს სააკაშვილი.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის კადრების გავრცელების გამო იუსტიციის სამინისტრო და პენიტენციური სამსახური დააჯარიმა და მათი წაშლა დაავალა
ამასთან, ორივე უწყებას ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის 44-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის რამდენიმე ეპიზოდისთვის.
კერძოდ, ინსპექტორმა დარღვევად მიიჩნია ინფორმაციის გასაჯაროება ექსპრეზიდენტის მიერ წვენებისა და თაფლის შეძენისა და კვების რაციონის შესახებ. ასევე, უწყებამ დარღვევად შეაფასა საკვები დანამატების მიღების, რუსთავის ციხის დატოვების, რეანომობილში ყოფნისა და გლდანის ციხეში იძულებით შეყვანის კადრების გასაჯაროებაც.