ზუგდიდში ოპოზიციური პარტიების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები საკრებულოებში შექმნილ კრიზისს აპროტესტებენ. ზუგდიდის საკრებულო თავმჯდომარეს ამ დრომდე ვერ ირჩევს.
როგორც პარტიის წევრი და პარლამენტის დეპუტატი ანა წითლიძე აცხადებს, შექმნილ კრიზისზე პასუხისმგებელია ქართული ოცნება, რომელმაც საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან ერთად სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა და მათ ერთი მანდატი მოპარა.
“ჩვენ დღეს კიდევ ერთხელ გავაპროტესტებთ ქართული ოცნების ქმედებებს ზუგდიდში. დღეს რომ ზუგდიდში პოლიტიკური კრიზისია, ვერ ირჩევა საკრებულოს თამვჯდომარე, რაც ავტომატურად ნიშნავს, რომ სრულყოფილად თავის უფლებამოსილებას ვერ ახორციელებს ზუგდიდის მერი, რაც აისახება თითოეული ზუგდიდელის ყოველდღიურ ცხოვრებაზე უარესობისკენ, ეს არის ქართული ოცნების დამსახურება.
ქართულმა ოცნებამ საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან მირანდა მესხთან ერთად ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული, როდესაც ჩვენ წაგვართვა ერთი მანდატი და ამით დაგვაკარგვინა სრული უმრავლესობა, რომელიც აუცილებელი იყო საკრებულოს თავმჯდომარის არჩევისთვის”, – თქვა წითლიძემ.
ზუგდიდის საკრებულოში ნაციონალურ მოძრაობას 22 დეპუტატი ჰყავს, ქართულ ოცნებას – 20, გიორგი გახარიას პარტიას 3.
წინა კვირაში გამართული სხდომა პროტესტის ნიშნად ნაციონალური მოძრაობის წევრებმა დატოვეს, შემდეგ – გახარიას პარტიის.