ოპოზიციის ლიდერი გიგი უგულავა მარნეულის იზოლატორიდან საქალაქო სასამართლოში გადაიყვანეს.
“მარნეული მოვიარე, გამიშვებენ კიდე სადმე კურორტზე ხაშურში. აბასთუმანში თუ არის კაპეზე, აბასთუმანის კაპეზეს ვითხოვ, სუფთა ჰაერზე, ან ბორჯომის”, – თქვა გიგი უგულავამ პროცესის დაწყებამდე.
ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი ამბობს, რომ პროცესზე წარადგენს უწყვეტ ვიდეოკადრებს, რომელიც უგულავას უდანაშაულობას ამტკიცებს.
,,გიგი უგულავას აქციაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსი არ დაურღვევია, თუმცა ედავებიან წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის მუშაკისადმი დაუმორჩილებლობას. ჩვენ წარვადგენთ უწყვეტ ვიდეოკადრებს, სადაც ჩანს, რომ მას არანაირი სამართალდარღვევა არ ჩაუდენია”
ადვოკატი წინასწარ ვერ აკეთებს პროგნოზს, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო გიგი უგულავას მიმართ და არ გამორიცხავს, სასამართლომ ჯარიმა ან პატიმრობაც გამოიყენოს.
ცნობისთვის, გიგი უგულავა 2 დღის წინ მიხეილ სააკაშვილის პროცესის პარალელურად მიმდინარე აქციაზე დააკავეს. მას პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.