გიორგი ჩალაძის ინფორმაციით, ,,მიხეილ სააკაშვილს ფანჯარასთან მისვლის და, მით უმეტეს, გამოღების უფლებას არ აძლევენ, მიუხედავად იმისა, რომ ფანჯარას მჭიდრო გისოსები აქვს. ბადრაგი ესწრება სამედიცინო პროცედურებსაც, რაც პაციენტისთვის დაუშვებელია”
,, ბადრაგი არ უნდა ერეოდეს სამედიცინო პროცესში და არ უნდა წყვეტდეს, ვინ შევა, ვინ გამოვა” – ამის შესახებ ცენტრ “ემპათიას” ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი საუბრობს. ცნობილი ხდება, რომ ცენტრმა პენიტენციური დაწესებულებისგან მიიღო თანხმობა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის რეაბილიტაციის პროცესში ჩაერთოს.
მარიამ ჯიშკარიანი ამბობს, რომ ამ ეტაპზე ექსპერტიზის ამოცანა იქნება, შეფასდეს ის ზიანი, რაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას მიადგა.
მისივე თქმით, მესამე პრეზიდენტის მკურნალ ექიმსა და ადვოკატებს მასთან შესვლის შესაძლებლობა 24-საათიან რეჟიმში უნდა ჰქონდეთ და ამას ბადრაგი არ უნდა აკონტროლებდეს.
“ვფიქრობ, რომ იუსტიციის სამინისტროს ნებართვა უნდა ჭრიდეს იქაც, ვინაიდან პატიმარი ეკუთვნის იუსტიციის სამინისტროს. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ჩვენ ვაპირებთ წასვლას. ექსპერტიზა გრძელდება და ვფიქრობ, ამ ეტაპზე, ექსპერტიზის ამოცანა იქნება იმ ზიანის შეფასება, რაც მიადგა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას, მათ შორის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შედეგად.
ადვოკატებს უნდა ჰქონდეთ ყოველდღიური, 24 სათიანი რეჟიმში შესვლის საშუალება, ასევე მის მკურნალ ექიმს. სამედიცინო პროცესში არ უნდა ერეოდეს ბადრაგი და არ უნდა წყვეტდეს, ვინ შევა, ვინ გამოვა”,-თქვა მარიამ ჯიშკარიანმა.