ადვოკატებმა, რომელთაც დღეს პრეზიდენტი სააკაშვილი ციხეში მოინახულეს, აცხადებენ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო გართულებულია, აქვს დაბალი წნევა, დაცლილია ენერგიისგან, უჭირს გადაადგილება და ლაპარაკი.
მათი ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს დღეს დილით აუღეს პისიარ ტესტი, რომლის პასუხი ხვალ 16 ნოემბერს გვეცოდინება.
ეს საჭირო გახდა მას შემდეგ, რაც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გლდანის ციხის უფროსი კოვიდინფიცირებულია. მიხეილ სააკაშვილი ადასტურებს, რომ არაერთხელ ჰქონდა კონტაქტი მასთან
“ტვ პირველმა” გლდანის ციხის N18-ე სამკურნალო დაწესებულების ხელმძღვანელის, დავით დარასელიას,= შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოპოვება შეძლო.
წყარო “პირველებს” უყვება, რომ დარასელიას კორონავირუსი ოფიციალურად მიმდინარე წლის 12 ნოემბერს, 14:00 საათზე, დაუდასტურდა.
მეტიც, როგორც “ტვ პირველს” უყვებიან, ციხის საავადმყოფოს ხელმძღვანელის მონაცემები დაავადებათა კონტროლის ერთიან ბაზაში კორონადადებითი სტატუსით არის შეყვანილი, თუმცა ამის მიუხედავად იუსტიციის სამინისტროსა და პენიტენციური სამსახურის პრესსამსახურები დავით დარასელიას covid 19-ით ინფიცირების ფაქტს ჯიუტად არ ადასტურებენ.
გლდანის ციხის უფროსი სამსახურში ბოლო რამდენიმე დღეა, არ გამოჩენილა. უწყებაში გაავრცელეს ვერსია, რომ დავით დარასელიამ ცხვირის ოპერაცია გაიკეთა.