სავარაუდო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გუშინ მესამე პრეზიდენტი კიდევ ერთხელ გამოკითხა.
ციხის საავადმყოფოში გამომძიებლები, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატთან ერთად რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ.
მესამე პრეზიდენტს უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა, რომელმაც უნდა დაადგინოს, რა დაზიანებები მიიღო მან ციხის საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამოითხოვა, ის ტანსაცმელიც, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ფიზიკური ანგარიშსწორების დროს ეცვა.
“მიხეილ სააკაშვილმა მიაწოდა ინფორმაცია სახელმწიფო ინსპექტორის წარმომადგენელს მის მიმართ ჩადენილი დანაშაულებების შესახებ. ამასთან, მას აღენიშნება ფიზიკური დაზიანებები, რომელთა ფოტოგრაფირებაც მოხდა, ასევე მოხდა ფიქსაცია ამ დაზიანებების. ამოღებული იქნა ის ტანსაცმელი, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ეცვა გადმოყვანის დროს, რასაც ასევე აღენიშნება დაზიანებები. ეს არის შარვალი და პულოვერი, რომელიც შემოახიეს”, – თქვა ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი უკვე 42-ე დღეა შიმშილობს. ექიმებმა უკვე არაერთხელ აღნიშნეს, რომ მდგომარეობა დამძიმებულია და ის სამოქალაქო, მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას საჭიროებს. თუმცა, 3 დღის წინ, მრავალპროფილური კლინიკის ნაცვლად, ხელისუფლებამ მესამე პრეზიდენტი მოტყუებით და ძალის გამოყენებით გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანა, რომელიც ექიმთა კონსილიუმის კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, გლდანის ციხეში გადაყვანისას საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე გამოძიება 9 ნოემბერს დაიწყო.