ხვალ, 10 ნოემბერს, 11:00 საათზე ოპოზიცია 4 სხვადასხვა ადგილზე პარალელურ საპროტესტო აქციებს აანონსებს. ისინი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ.
9 ნოემბერს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ენმ-ს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ აქციები გაიმართება იუსტიციისა და ჯანდაცვის სამინისტროებთან, ასევე მოდულის შენობასთან. მანვე დაამატა, რომ მე-4 ლოკაციის მისამართს განგებ არ იტყვის.
“ხვალ, 10 ნოემბერს 11 საათზე ერთდროულად 3 ადგილზე გაიმართება აქცია – იუსტიციის სამინისტროსთან, მოსულის შენობასთან და ჯანდაცვის სამინისტროსთან, რომელიც ვალდებულია ხმა ამოიღოს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებთ, ამავე დროს, აქცია გაიმართება მე-4 ადგილზე, რომლის ადგილს განგებ არ დავასახელებ. ასე იქნება ყოველ დღეს”, – განაცხადა ნიკა მელიამ.
მისივე თქმით, თუკი მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომა ხვალ, 13:00 საათზე გაიმართება, აქციის მონაწილეები ერთად დაიძრებიან საქალაქო სასამართლოსკენ.
მიხეილ სააკაშვილი 8 ნოემბერს რუსთავის ციხიდან მისი ნების საწინააღმდეგოდ გლდანის N18 პენიტენციური დაწესებულების კლინიკაში გადაყვანეს. ის მე-40 დღეა შიმშილობს.
გარკვეული დროის განმავლობაში მესამე პრეზიდენტის ადგილსამყოფლის ვინაობა უცნობი იყო, მოგვიანებით კი პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოშია გადაყვანილი. მიზეზად პენიტენციურმა “ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენცია და მომატებული საფრთხეები” დაასახელა.
აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი ორჯერ შეამოწმა. პირველი შემოწმების დროს, ლომჯარიამ თქვა, რომ ვითარება სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე, არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით. მეორედ გლდანის ციხის საავადმყოფოს შემოწმება 4 ნოემბერს მოხდა, რა დროსაც სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ საავადმყოფო სრულად ისევ არ შეესაბამება რეკომენდაციებს.