ელენე ხოშტარიას განცხადებით, თუ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის შესახებ მის მოთხოვნაზე გარკვეული დროის შემდეგ რეაგირება არ იქნება, პროტესტი უფრო მწვავე გახდება. დროას ლიდერი პარლამენტში უკვე მე-3 დღეა შიმშილობს.
“რაღაცა დროის შემდეგ, თუ არ იქნება რეაგირება, მე ვფიქრობ, ასევე ამ პროტესტის გამწვავებაზე. მერე გეტყვით, ჯერ ვერ გეტყვით, მაგრამ არის ფორმები, რომლებზეც ნაფიქრი მაქვს და კიდევ უფრო გამწვავდება. როდესაც გადავწყვეტ, მაშინ გეტყვით. ეს არ არის თამაში, ეს არ არის ხუმრობა, ეს არ არის რაღაცა პოზიორობა პოლიტიკური, ეს ეხება პრეზიდენტის სიცოცხლეს”, — უთხრა მან ჟურნალისტებს.
ელენე ხოშტარიამ ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. კახა კუჭავა ამ დროისთვის ქართული ოცნების ერთადერთი წარმომადგენელია, რომელიც ხოშტარიასთან მივიდა, დროას ლიდერის შიმშილობას პარტიის კიდევ რამდენიმე წარმომადგენელი გამოეხმაურა, მათ შორის, ირონიულად.