საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან თავის პოზიციას წერილით ახმიანებს და მის მომხრე დეპუტატებს, ასევე სხვა ოპოზიციონერებს მოუწოდებს, დატოვონ მანდატი და ამ ნაბიჯით დატოვონ “ქართული ოცნება” მარტო საკუთარი თავის პირისპირ.
“უნდა გვესმოდეს, რომ პარლამენტმა უკვე დაკარგა სახელისუფლებო პლატფორმის ფუნქცია, იქ ვერანაირი გადაწყვეტილება ვერ და არ იქნება მიღებული. ბანდიტებთან საუბარი რეფორმებსა და ქვეყნისთვის საკეთილდღეო ცვლილებებზე მხოლოდ დროის გაწელვას ემსახურება, რათა ჩაქრეს საპროტესტო მუხტი და შიგნითაც და გარეთაც ხელი ჩაიქნიონ ჩვენს ქვეყანაზე.
ამიტომ ჩემი რჩევა იქნება ყველა ჩემი თანამებრძოლის, ასევე უბრალოდ ქვეყნის პატრიოტების, წესიერი ხალხის მიმართ პარლამენტში – მიბაძონ ბატონ ხაზარაძეს, დატოვონ პარლამენტი და დატოვონ ოცნება საკუთარ თავთან მარტო”, – წერს მიხეილ სააკაშვილი წერილში.
მიხეილ სააკაშვილის წერილი ციხიდან მასთან შეხვედრის შემდეგ გამოსულმა ნიკა გვარამიამ წაიკითხა. წერილში მესამე პრეზიდენტი ხაზს უსვამს, რომ ის, ქართველი ხალხის მსგავსად, გაბრაზებულია, რადგან მოქალაქეებს არჩევნები წაართვეს.
მიხეილ სააკაშვილი მიესალმა მამუკა ხაზარაძის გადაწყვეტილებას, რომელმაც გუშინ, რუსთაველზე გამართულ აქციაზე პარლამენტის დატოვების შესახებ განაცხადა.
ასევე, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, “უნდა ვიყოთ ბევრნი და ბევრგან, უნდა მოვუსმინოთ ლიდერებს, მაგრამ ადგილებზე თავადაც უნდა ავიღოთ ინიციატივა”.
“მთლიანად ვეთანხმები ნიკა მელიას გამოსვლას”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.
წერილი სრულად:
“მე ვარ ძალიან გაბრაზებული და შეურაცხყოფილი და ყველა თავმოყვარე ქართველი უნდა ვიყოთ გაბრაზებულები და შეურაცხყოფილები. არჩევნები ცხვირწინ აგვწაპნეს ყველა დიდ ქალაქში. ეს არჩევნები ჩვენ მოვიგეთ და ბანდიტების ჯგუფმა, რომელმაც მიითვისა საქართველოს ხელისუფლება, ხელიდან გამოგვგლიჯა ეს გამარჯვება, გაგვძარცვა და წაგვართვა ჩვენი უმთავრესი უფლება – ვიყოთ ჩვენი ქვეყნის ბატონ-პატრონნი!
რა უნდა ვქნათ?
მხოლოდ ერთი – ვაზღვევინოთ ის ფასი, რომელსაც ახდევინებენ თავმოყვარე ერები გამყალბებელ ხელისუფალთ, წავართვათ ხელისუფლება და ვაგებინოთ პასუხი კანონის წინაშე! ასე მოიქცა ჩვენი მეზობელი სომხეთი, იქ პაშინიანი ოთხი ივანიშვილის კალიბრის ოლიგარქს ებრძოდა, რომელთა უკან იდგა რუსეთი და მასაც გაუყალბეს არჩევნები, მაგრამ სომეხმა ხალხმა მაინც გაიმარჯვა. ბევრი და კიდევ უფრო მეტი გამოვიდა ქუჩებში, სანამ ბანდიტური ხელისუფლება არ გატყდა, არ წავიდა და არ დანიშნა რიგგარეშე არჩევნები.
ზუსტად იგივე უნდა გაკეთდეს ჩვენთანაც, გამყალბებელი ბანდიტები უნდა წავიდნენ და დაინიშნოს რიგგარეშე ვადამდელი არჩევნები.
იგივე უქნეს უკრაინელებმა იანუკოვიჩს, როცა ის ბოლომდე რუსეთს მიემხრო, არადა, იანუკოვიჩი მრავალგზის უფრო თავზეხელაღებული და მდიდარი იყო, ვიდრე ივანიშვილი.
ბოლოსდაბოლოს, ასეთი რევოლუციების იდეა შვა საქართველომ ჩვენი თაობის დროს და ნუთუ ჩვენ ვერ შევძლებთ იმას, რაშიც ადრე სხვები გვბაძავდნენ და გამოუვიდათ კიდეც.
ჩვენ არ გვაქვს ბევრი დრო!
უნდა ვიმოქმედოთ ბევრგან და ბევრმა!
უნდა მოვისმინოთ ლიდერების აზრიც და საკუთარ ხელშიც უნდა ავიღოთ ინიციატივა ადგილებზე. რა თქმა უნდა, პარალელურად, უნდა ვასაჩივროთ ყველაფერი, ვინაიდან – ასეთი კატასტროფული დასკვნები არ ყოფილა არც სომხეთში, არც ყირგიზეთში, არც ვარდების რევოლუციის დროს. მაგრამ, ახლა, ჩვენ გვაქვს სრული ლეგიტიმაცია ქუჩის პროტესტისა და ძალადობისადმი წინააღმდეგობის.
ძალიან შთამბეჭდავი იყო გუშინ ბატონ მამუკა ხაზარაძის ნაბიჯი, მთლიანად ვიზიარებ მის ამ პოზიციას და მთლიანად ვეთანხმები ნიკა მელიას გამოსვლას.
ერთი სული მაქვს როდის შემოგიერთდებით, მაგრამ ამაშიც თქვენი დახმარება მჭირდება. ვერცერთი ციხის კარები ვერ შეაკავებს ხალხის სამართლიან რისხვას. ამავე დროს, უნდა გვესმოდეს, რომ პარლამენტმა უკვე დაკარგა სახელისუფლებო პლატფორმის ფუნქცია, იქ ვერანაირი გადაწყვეტილება ვერ და არ იქნება მიღებული. ბანდიტებთან საუბარი რეფორმებსა და ქვეყნისთვის საკეთილდღეო ცვლილებებზე მხოლოდ დროის გაწელვას ემსახურება, რათა ჩაქრეს საპროტესტო მუხტი და შიგნითაც და გარეთაც ხელი ჩაიქნიონ ჩვენს ქვეყანაზე.
ამიტომ ჩემი რჩევა იქნება ყველა ჩემი თანამებრძოლის, ასევე უბრალოდ ქვეყნის პატრიოტების, წესიერი ხალხის მიმართ პარლამენტში – მიბაძონ ბატონ ხაზარაძეს, დატოვონ პარლამენტი და დატოვონ ოცნება საკუთარ თავთან მარტო”, – ნათქვამია მესამე პრეზიდენტის წერილში.
ნიკა გვარამიამ, წერილის წაკითხვამდე იმაზეც ისაუბრა, რას აპირებს საქართველოს ხელისუფლება კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანასთან დაკავშირებით.