საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიასთან შექმნილი საკონსულტაციო ჯგუფი დაიშალა – 12 დან 7-მა წევრმა ამ გაერთიანებაში ყოფნაზე უარი განაცხადა. მიზეზი, სავარაუდოდ, ჯგუფის სხვა წევრები არიან – მოძრაობა “სირცხვილიას” მონიტორინგით ირკვევა, რომ 9 ორგანიზაციამ სახელმწიფოსგან 2 მილიონზე მეტი ლარის საგრანტო დაფინანსება მიიღო. ეს ორგანიზაციები ტრადიციულად “ქართულ ოცნებასთან” მჭიდროდ დაკავშირებულები არიან. ამ ინფორმაციის გავრცელების პარალელურად, საკონსულტაციო ჯგუფი მათმა წევრებმა დატოვეს და გაერთიანებაც დაიშალა.
“სამოქალაქო საარჩევნო კომისიის კვლევით დადგინდა, რომ საკონსულტაციო ჯგუფში მყოფმა 9 ორგანიზაციამ სახელმწიფოსგან 2 341 229 ლარის დაფინანსება მიიღო.
ზემოხსენებული ორგანიზაციების დამფუძნებლები აფილირებულები არიან მმართველ პარტიასთან და გამოირჩევიან პროსამთავრობო განცხადებებით.
დადგენილების თანახმად, საკონსულტაციო ჯგუფი ცესკოს წარუდგენდა რეკომენდაციებს საარჩევნო დავებზე. ჯგუფი შესაძლოა ჩართულიყო კენჭისყრის შედეგების გადათვლის პროცესშიც”,- წერია “სირცხვილიას” განცხადებაში.