ახლა, როცა დღეში 60- 70 ადამიანი ეწირება კორონავირუსს, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის დასტაბილურებამდე მართებულია, დაიწყოს მსჯელობა არჩევნების გადადებაზე ამბობს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია
“რა უნდა ხდებოდეს ქვეყანაში უფრო საგანგაშო და სავალალო, უფრო ტრაგიკული, თუ არა ის, რაც დღეს ხდება. რა შემთხვევაში შეიძლება გამოცხადდეს საგანგებო მდგომარეობა ან როდის შეიძლება განვიხილოთ არჩევნების გადადება.
რატომ არავინ მსჯელობს – პრეტენზია მაქვს ოპოზიციასთანაც, რატომ არავინ მსჯელობს, ასეთ ვითარებაში შეიძლება თუ არა არჩევნების ჩატარება.
ვერ ვხედავ ვერც ერთი პოლიტიკური ძალის მიერ ამ თემის სადისკუსიო საკითხად წამოწევას მაშინ, როცა ასეთი ტრაგიკული და რთული დღეები უახლოეს ისტორიაში როდის გვქონია”. – თქვა ნინო ლომჯარიამ ტვ პირველის ეთერში.
სახალხო დამცველი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ საქართველოში კორონავირუსი არა მეცნიერული გათვლების საფუძველზე, არამედ პოლიტიკური მიზანშეწონილობით იმართება.
“საქართველოში პანდემიის მართვა ხდება არა ეპიდემიოლოგიური ან მეცნიერული გათვლების თუ მონაცემების საფუძველზე, არამედ პოლიტიკური მიზანშეწონილობით, რაც საფრთხეს უქმნის მოქალაქეთა ჯანმრთელობასა და სიცოცხლის უფლებას.
ყველაზე სამწუხარო არის ის, რომ იმ ადამიანებისგან, რომლებიც საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე არიან პასუხისმგებლები, გვესმის საუბარი ეკონომიკურ კეთილდღეობაზე. ყველა ადამიანმა უნდა ილაპარაკოს თავისი კომპეტენციიდან გამომდინარე. ეკონომიკაზე ილაპარაკონ პოლიტიკოსებმა, მინისტრებმა.
ვფიქრობ, რომ ის ადამიანები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროზე, არ გვესაუბრებიან იმაზე, თუ რა არის მათი პრინციპული პოზიცია და რატომ არ ლაპარაკობენ ამაზე ხმამაღლა. მინდა, მესმოდეს მათი პრინციპული პოზიციები, რა შეიძლება, რომ დღეს გავაკეთოთ“. – თქვა ნინო ლომჯარიამ.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს არის დანიშნული. მმართველი გუნდი აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას აწარმოებს. ამ კუთხით მუშაობა დაიწყო ოპოზიციამაც.