ჩვენი ქალაქი კულტურულ მემკვიდრეობას, სამუშაო ადგილებს, ისტორიულ სახეს კარგავს და რაც ყველაზე მთავარია ადამიანებს კარგავს – თბილისის გადარჩენის ერთადერთი შანსია: მცოდნე, გამოცდილი, კომპეტენტური ადამიანების ერთობლიობა, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ თბილისის მერობის კანდიდატმა ანა ბიბილაშვილმა წარდგენაზე განაცხადა.
მისივე თქმით, პრობლემები, რომელსაც თბილისში ვხედავთ, არასწორი ურბანული პოლიტიკის შედეგია.
„ჩვენი ქალაქი კულტურულ მემკვიდრეობას, სამუშაო ადგილებს, ისტორიულ სახეს კარგავს და რაც ყველაზე მთავარია, თბილისი ადამიანებს კარგავს. ადგილობრივ ხელისუფლებას მისი უმთავრესი პასუხისმგებლობა დაავიწყდა. ხელისუფლებას დაავიწყდა, რომ თბილისის ქუჩებში ადამიანები ნარჩენებში იღებენ საკვებს, შშმ პირებს არ შეუძლიათ ქალაქში გადაადგილება.
დღეს ჩვენ პანდემიის გამო ძალიან მძიმე მონაცემები გვაქვს. ის პრობლემები, რომელსაც თბილისში ვხედავთ, არასწორი ურბანული პოლიტიკის შედეგია. თბილისის გადარჩენის ერთადერთი შანსია: მცოდნე, გამოცდილი, კომპეტენტური ადამიანების ერთობლიობა. გვაქვს კიდევ 4 წელიწადი იმისთვის, რომ კიდევ ვუყუროთ, როგორ ნადგურდება თბილისი?! არ გვაქვს! ჩვენ თქვენთან, „ლელოს“ ძლიერ გუნდთან ერთად აუცილებლად შევქმნით ისეთ მომავალს, რომ თბილისი გახდეს წარმატებისა და შესაძლებლობების ქალაქი“, – განაცხადა ბიბილაშვილმა.