საველე ჰოსპიტალმა მუშაობა უკვე დაიწყო და პირველი ცხრა პაციენტი მიიღო. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, გუშინ საღამოს დადგა აუცილებლობა, რომ საველე ჰოსპიტალს ოპერირება დაეწყო.
დიღმის საველე ჰოსპიტლის კოორდინატორი რევაზ კუჭუხიძე აცხადებს, რომ მათთან მოთავსებული პაციენტები საშუალო სიმძიმის არიან..
„პაციენტები საშუალო სიმძიმის არიან. ამჟამად არიან სტაბილურად, ჟანგბადდამოკიდებულები. ძირითადად, დელტა შტამია. არიან შუახნის ქალბატონები და მამაკაცები. ისინი მდგომარეობის მიხედვით გაჩერდებიან აქ.
სრული მზაობა გვაქვს, ეტაპობრივად ხდება პაციენტების შემოყვანა. მედპერსონალი სხვადასხვა კლინიკიდანაა, მათ შორის, არიან სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები“, – განაცხადა რევაზ კუჭუხიძემ.
“საველე ჰოსპიტალი არის დროებითი დაყოვნებისთვის. ჩვენთვის მთავარია, რომ მოხდეს პაციენტის დროული სტაბილიზაცია და შემდეგ მისი გადამისამართება სიმძიმიდან გამომდინარე. ვფიქრობთ, 2-3 დღეზე მეტი არ უნდა მოგვიხდეს საველე ჰოსპიტალში პაციენტის დაყოვნება”, – განაცხადა გაბუნიამ.
დიღმის ოლიმპიური სოფლის ერთ-ერთ დარბაზში პირველი საველე ჰოსპიტალი 15 აგვისტოს მოეწყო. მასში 500-მდე საწოლია გაშლილი. მოგვიანებით, კიდევ ერთი საველე ჰოსპიტალი განთავსდა სამგორში, ტექნიკური გადამზადების ცენტრში. ჰოსპიტალში, დაახლოებით, 150 საწოლია, რაც თავდაცვის უწყებამ ჯანდაცვის სამინისტროს გამოუყო.
ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ საველე ჰოსპიტალები განთავსდება აჭარასა და იმერეთშიც.