მთავარისიახლეებისაზოგადოებარა მოხდა სოხუმში 12 და 17 ივნისს? სად გადაიკვეთა დაზარალებული ოჯახის მამისა...

რა მოხდა სოხუმში 12 და 17 ივნისს? სად გადაიკვეთა დაზარალებული ოჯახის მამისა და ხაჯიმბას პირადი მძღოლის ინტერესები?

Published on

აფხაზეთში, ჯაგმაზიების ოჯახში 12 ივნისს მომხდარ ტრაგედიას არანაკლებ ტრაგიკული გაგრძელება მოყვა –  გუშინ, საღამოს 21.00 საათზე ნაპოვნია ამ ოჯახის კიდევ ერთი წევრის, 25 წლის ახალგაზრდა გოგონას ანჟელა ჯაგმაზიას ცხედარი, რომლის მკვლელობა  ცეცხლსასროლი იარაღით არის ჩადენილი–  გოგონას კეფაში აქვს დახლილი ტყვია. ცხედარი  სოხუმში, მისივე სახლის წინ ნახეს. ამ მკვლელობის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედი სააგენტო ,,აბხაზია ნოვოსტი'' ავრცელებს. ( საქმის სხვა დეტალები ჯერჯერობით არ ხმაურდება) 

12 ივნისს გავრცელდა ინფორმაცია მოკლულის არასრულწლოვანი დის გაუპატიურების შესახებ  – ამ ინფორმაციის თანახმად, გოგონა დედისა და დის თვალწინ  სახლიდან ტყეში წაიყვანა,   აწამა, გააუპატიურა და თავადვე დააბრუნა სახლში   ე.წ. სახელმწიფო დაცვის სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა ( რაულ ხაჯიმბას ყოფილმა მძღოლმა) ასტამურ ჯოპუამ. მისი მსხვერპლი – 2003 წელს დაბადებული გოგონა უმძიმეს მდგომარეობაშია და სოხუმის საავადმყოფოში იმყოფება… 
 
"აფსნი ლაიფი" წერს, რომ 12 ივნისს, დილის 4 საათზე, ასტამურ ჯოპუა, "იაგუარის" მარკის ავტომობილით მივიდა გოგონას სახლში, გუმისთაში. არასრულწლოვანი სახლიდან იარაღის მუქარითა და ძალის გამოყენებით გამოიყვანა, შემდეგ ავტომანქანაში ჩაისვა და ეშერაში, ყოფილი სპორტბაზის მიმართულებით წაიყვანა… "გარშემო ტყის მასივია და დასახლება არ არის. მან გოგონა რამდენიმე გასროლით შეაშინა, რის შემდეგაც მას ფიზიკურად გაუსწორდა. ცემისგან გონება დაკარგულ გოგონაზე კი, ძალა გამოიყენა, რის შემდეგაც ისევ მანქანაში ჩასვა და სახლში მიიყვანა…"
აფხაზური ინერნეტგამოცემის ინფორმაციით, – მომხდარის შესახებ, ადგილობრივ "სამართალდამცავებს" გოგონას დედამ უამბო, რომლის თქმითაც, – მათ სახლში მისული ჯოპუა ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იყო….
 
არის ინფომაცია, რომ სავარაუდოდ, საქმე ეხება პირად შურისძიებას და ეს ამბავი, სავარაუდოდ, გოგონას ოჯახის ერთ-ერთ წევრსა და მას შორის წლების წინ დაწყებული დაპირისპირების გაგრძელებაა.
 
ცნობას მომხდარის შესახებ აფხაზეთში, ბუნებრივია, მწვავე რეაქცია მოყვა.  "პრეზიდენტის მძღოლმა, სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომელმა გააუპატიურა არასრულწლოვანი გოგონა? დიახ, ჩვენ არამხოლოდ პოლიტიკურ ბანკროტებთან, არამედ მორალურად მახინჯ ადამიანებთან გვაქვს საქმე. დამნაშავე იძებნება? მინისტრი თავის პოსტზეა? პრეზიდენტი დუმს? ხელისუფლება ეცემა და ეცემა, სამწუხაროდ, ერთად მივდივართ უფსკრულში", – წერს აფხაზი იურისტი და პროფესორი,  ოპოზიციონერი ირინა აგრბა.
 
ადგილობრივი მოსახლეობა მიმალვაში მყოფი ბრალდებულის დაუყოვნებლივ პოვნასა და "ლინჩის წესით" გასამართლებას ითხოვდა, თუმცა ხელისუფლება რეაგირებას აგვიანებდა. მოსახლეობამ ეს იმით ახსნა, რომ   ხელისუფლებამ ვერ გაწირა ან სკანდალის მიჩქმალვა სცადა,  რადგან დამნაშავე დანასაულის მომენტშიც  რაულ ხაჯიმბას პირადი მძღოლი იყო, თუმცა კი "სახელმწიფო დაცვის სამსახურის" უფროსი ოთარ ბერზენია აცხადებს, რომ ასტამურ ჯოპუა, ე.წ. სახელმწიფო დაცვის სამსახურიდან სულ რამდენიმე დღის წინ, 8 ივნისს გაათავისუფლეს.  გათავისუფლების მიზეზები გაურკვეველია  და მოსახლეობა ეჭვობს, რომ ქაღალდი უკურიცხვით შეიქმნა. 
 
აფხაზები არ გამორიცხავენ, რომ ჯოპუას უკვე ზურგს უმაგრებს "პრეზიდენტის" კლანი, ასევე, მისი "დეპუტატი" ძმა, ასლან ჯოპუა და მისი გავლენინი წრე, რომელთაც სიტუაციის შესატრიალებელი გეგმა მოფიქრებული აქვს და შესაძლოა, დაზარალებული ბრალმდებლის პოზიციაში აღმოჩდეს და პირიქით, – ჯოპუა დაზარალებულად წარმოაჩინონ.
 
საშინელი ამბის გახმაურებიდან მესამე დღეს, სოციალური ქსელის მომხმარებლებმა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს ჯოპუები დაზარალებულის ოჯახში მივიდნენ და მათ დაშინებას შეეცადნენ. თუმცა, მას შემდეგ, რაც შეშინებამ არ გაჭრა, მათ თანხა შესთავაზეს. კიდევ ერთი ვერსიით, მათ სცადეს ეპოვნათ ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც "კარგი ანაზღაურების სანაცვლოდ" დანაშაულს თავის თავზე აიღებდა… "ასეთი რამების შემდეგ, ამ ქვეყანაში ვინმეს აქვს მშვიდად ცხოვრების საფუძველი?! საერთოდ, სად ვცხოვრობთ" – წერენ აფხაზები…
 

და აი, 17 ივნისს, სოციალურ ქსელში, აფხაზმა მომხმარებლებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ გაუპატიურებული გოგონას მამამ თავისი უფროსი შვილი მოკლა… რა გახდა მიზეზი და საერთოდ, როგორია საქმის ვითარება ამის შესახებ ჯერჯერობით ცნობილი არ არის.
 
საინტერესოა, რომ  ცხედრის პოვნის დღესვე  მანამდე ძებნილი და  გაუპატიურებაში ბრალდებული ჯოპუა მილიციას ჩაბარდა. ის "მილიციის ერთ-ერთ განყოფილებაში" ჟურნალისტებსაც შეხვდა და მათ მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც მის წინააღდეგ ეს ბრალდება აგორდა, ის საკუთარი მანქანით, რომელსაც თურმე აფხაზეთის ე.წ. შს სამინისტროს თანამშრომლები ეძებდნენ, ის ქალაქში მშვიდად გადაადგილდებოდა, რადგან არც კი იცოდა, რომ მის წინააღმდეგ "საქმე იყო აღძრული".
 
"მე დამნაშავე არ ვარ, რადგან მსგავსი არაფერი ჩამიდენია. მზად ვარ, ნებისმიერი სახის ექსპერტიზისთვის, თუკი ეს ჩემი უდანაშაულობის დასამტკიცებლად ერთადერთი საშუალება იქნება…" – განუცხადა ჯოპუამ ადგილობრივ ჟურნალისტებს. კითხვაზე, რატომ არ გამოცხადდა ის შესაბამის უწყებაში ორი დღის განმავლობაში, ჯოპუამ უპასუხა, რომ "ამ საშინელი ამბის გავრცელების შემდეგ, არ იცოდა, შეიძლებოდა თუ არა სამართალდამცველი ორგანოების ნდობა და ვის რაში დასჭირდა მისი დადანაშაულება ამ საშინელ საქმეში…"
 
ჯოპუას თქმით, – ის უკვე იმყოფებოდა გოგონას ოჯახში, რათა პირადად გაერკვია, რა მოტივით დააბრალეს ასეთი რამ, მაგრამ მათგან ადეკვატური პასუხი ვერ მიიღო… 12 ივნისს მომხდარ შემზარავ ფაქტთან  დაკავშირებით გამოძიება გრძელდება და დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში,  ჯოპუას 8-15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. სისხლის სამართლის საქმეა აღძრული 17 ივნისს მომხდართან დაკავშირებითაც 

 
 სოციალურ ქსელებში სვამენ კითხვებს, რომელთა ნაწილი თავად დაზარალებულ ოჯახსაც ეხება: 
. ,,თუ ეს  იყო შურისძიება ჯოპუას მხრიდან,  საინტერესოა სად გადაიკვეთა მისი და გოგონების მამის ინტერესები? ''
 
"უდავოა, რომ ჯოპუას მხეცურ საქციელს გამართლება არ აქვს, მაგრამ მამა იქამდე უნდა ყოფილიყო ყურადღებით''  
სად იყო დედა? –  როგორ გაატანა უხმაუროდ შვილი, მით უფრო, რომ გოგონას აუტისტური სპექტრის აშლილობა აქვს, ვიღაცას? 
რატომ დუმდა  დედა,  და რატომ მიმარტა მილიციას მხოლოდ  მეორე დღეს, ანუ თითქმის 24 საათის გასვლის შემდეგ  და არა, მაშინვე,  როგორც კი, ჯოპუამ მისი შვილი ძალის გამოყენებით ჩაისვა მანქანაში…?
რატომ არ მიიყვანეს  გოგონა მშობლებმა სამედიცინო ფაწესებულებაში, რატომ არ გამოიძახეს ექიმი,  მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, მიღებული სტრესისგან იგი უგონო მდგომარეობაში იყო?…
როგორ და რატომ გაუღეს უცნობ და შეიარაღებულ კაცს სახლის კარი?!.. ვინმეს სჯერა, რომ ახლა, ასეთ დროს აფხაზურ ოჯახში ერთი სანადირო თოფი მაინც არ ინახება?.. ვინმეს წარმოუდგენია შვილი ამ დროს უცხო, იარაღიან და მოძალადე კაცს გაატანოს და დაელოდოს, თავად როდის მოიყვანს მას უკან?.. ამიტომაც ჩნდება ეჭვი, რომ ყველაფერი  მარტივად არ არის. ''
 
რაც შეეხება მოკლულ გოგონას, მასზე წერენ, რომ შესაძლოია ის მამამ დასაჯა, დის მიმართ გამოჩენილი უყურადღებობის გამო. ან კიდევ უარესი, მან იცოდა ისეთი რამ, რაც სახიფათო იყო მამისთვის.
 
ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რა აკავშირებდათ მანამდე დაზარალებულსა და ბრალდებულს,  და სად, რა საქმეში გადაიკვეთა გოგონების მამისა და ბრალდებულის ინტერესები. 
 
,,დამნაშავე ყველა შემთხვევაში დასასჯელია და მას გარშემომყოფები უნდა გაუსწორდნენ, თუ საერთოდ შერჩენიათ ღირსება… ეს მათთვისაც იქნება სირცხვილის ჩამორეცხვის საშუალება…"
 

"დაიჭერენ, ცოტა ხნით ჩასვამენ და მალევე გამოუშვებენ… ისეთი მარკის მანქანა ჰყოლია, "უპატრონო" არ ჩანს… რამდენი გვინახავს ნარკოდანაშაულისა და სხვადასხვა სიმძიმის ბრალდებით დაკავებული და მალევე გამოშვებული?!.."– წერენ აფხაზები. 
 
 
 
 
 

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...