მთავარისიახლეებისაზოგადოებაარასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას კრიზისის დიალოგის გზით გადაჭრისკენ მოუწოდებენ

არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას კრიზისის დიალოგის გზით გადაჭრისკენ მოუწოდებენ

Published on

არასამთავრობო ორგანიზაციები ნიკა მელიას დაკავების ფაქტს აფასებენ და ქვეყანაში შექმნილ კრიზისულ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ. ერთობლივ ბრიფინგზე, რომელსაც რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ლიდერი ესწრებოდა, ითქვა, რომ ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რათა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის არსებული უთანხმოება დიალოგის გზით გადაიჭრას.

„გვინდა მოვუწოდოთ ხელისუფლებას, თავი შეიკავოს სისხლისღვრისგან, თავი შეიკავოს ძალადობრივი დარღვევებისგან და გააკეთოს ყველაფერი, რომ აღდგეს დიალოგი მასა და ოპოზიციას შორის. მინდა მოვუწოდოთ სამართალდამცავებს, ნუ დაემორჩილებით უკანონო ბრძანებებს, ნუ იზამთ ისე, რომ ფუნდამენტური უფლება გამოხატვის თავისუფლებისა იყოს დარღვეული ამ ქვეყანაში. ხოლო საერთაშორისო თანამეგობრობას გვინდა მოვუწოდოთ, რომ რაც შეიძლება აქტიურად ჩაერთონ მოლაპარაკების პროცესში, რაც შეიძლება აქტიურად სცადონ, რომ ეს დამძიმებული სიტუაცია განიმუხტოს, დაიწყოს დეესკალაცია“, – განაცხადა ფონდ ღია საზოგადოების ხელმძღვანელმა, ქეთევან ხუციშვილმა საგანგებო ბრიფინგზე.

ამავე ბრიფინგზე საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა აღნიშნა, რომ მოვლენები, რომლებიც 23 თებერვალს განვითარდა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, არის ცუდი ქვეყნისთვის, რომელსაც აქვს სურვილი, გახდეს ნატოსა და ევროკავშირის წევრი:

„გადაწყვეტილება მთავრობის ცალსახად იყო მიმართული იმისკენ, რომ ჩვენი გაწევრიანება ნატოსა და ევროკავშირში გადაიდოს ბევრი წლით და ეს ყველაფერი არის ჩვენი მთავრობის პასუხისმგებლობა. ზუსტად ამიტომ ჩვენ მოვუწოდებთ პირველ რიგში ჩვენს მთავრობას, რომ დაფიქრდეს, რასაც აკეთებენ, იმაზე და გადადგან ნაბიჯები იმისკენ, რომ ჩვენს ქვეყანას უკეთესი მომავალი ჰქონდეს. სხვა შემთხვევაში ჩვენ როგორც სახელმწიფო უბრალოდ დავიღუპებით“, – განაცხადა ეკა გიგაურმა.

ნიკა მელიას დაკავების ფაქტს არასამთავრობო ორგანიზაციები დღეს ერთობლივი განცხადებითაც გამოეხმაურნენ. 22 არასამთავრობო ორგანიზაცია განცხადებაში გმობს ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომელიც, მათი შეფასებით, კიდევ უფრო გაამწვავებს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისს. ისინი ვითარებას ჩიხში შესულად აფასებენ და საერთაშორისო პარტნიორებს რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

სიახლეები

შსს-ს ახალი სამმართველოს საჩივრის საფუძველზე, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე, მოქალაქეს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე გიორგი გედენიძეს 2000-ლარიანი...

საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელზე ძებნა გამოცხადდა

საქართველოს რკინიგზის ყოფილ ხელმძღვანელზე, დავით ფერაძეზე ძებნა გამოცხადდა - სუს-მა სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში ჯამში...

რუსეთის დუმის არჩევნები 2026 წლის 20 სექტემბერს ჩატარდება

პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც მეცხრე მოწვევის სახელმწიფო დუმის არჩევნები 2026 წლის 20...

ლავრა საუკუნეებს გაუძლებს! მოსკოვი დაეცემა! – რობერტ „მადიარ“ ბროვდი

"ლავრა საუკუნეებს გაუძლებს! მოსკოვი დაეცემა!... ბრაზის აფეთქებების ნაცვლად საწვავის აფეთქებები – პრაგმატული სასჯელი, ემოციებისა და ზედმეტი...