მწერალი ზვიად კვარაცხელია ნინელი ჭითანავას გარდაცვალებაზე.
,,მეგონა, რომ ნინელი ჭითანავა სულ იქნებოდა. ყველგან იყო – დღესასწაული და ხალისი შეჰქონდა ყველგან, სევდას და უიმედობას არ დაგანებებდა, თვითონ ხომ საერთოდ არ შეიტყობდა. ჰერული ანდაზაა: „თეთრ კარში ქენ, შავ – შიგნიან“.
ნინელი მარტო ცხოვრობდა, მაგრამ ხალხმრავლობაში გასაბრწყინებლად იყო დაბადებული. სევდა შინ მიჰქონდა, მხოლოდ საკუთარი თავისთვის, სიკეთეს და სიხარულს კი ყველას უნაწილებდა. მეცხრე კლასში ვიყავი, ერთ-ერთი ღონისძიების ბოლოს მოვიდა და რა კარგი სიმღერაა, ვიცეკვოთო. დავიბენი, ზუგდიდის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ლეგენდარულ დირექტორთან ცეკვისოდენა სითამამე სად მქონდა! ხელი ჩამჭიდა და ძალით გამიყვანა.
ბოლოს ჭკადუაშში, ბერტა ფონ ზუტნერის პრემიის დაჯილდოებაზე შევხვდი აგვისტოში. ფოტოები გადავიღეთ, ნაცნობ ხუმრობებს ვახსენებდი, გულიანად, მისეულად გაიცინებდა ხოლმე, – ეს რეები გხსომებიაო. გთხოვ, თავიდან მოყევი-თქო. და ისიც, დაუზარებლად, – საქვეყნოდ ცნობილი ჩვენებური კაცი გარდაცვლილა, ძალიან პატივსაცემი და მის გასვენებაში შეიყარა თურმე მთელი ქვეყანა. ქელეხიდან მოსული ერთი ქალი გაკვირვებას ვერ მალავდა თურმე, – ოოო, ღორონთუმე, დავბერდი და ასეთი რამე არ მინახავს, ირდიხიდან (მეგრ. ყველა მხრიდან, ყოველი კუთხიდან) იყო ხალხი ჩამოსული, ტევა არ იყოო.
სამწუხაროდ, ისეთი დროა, ნინელის გასვენებაში მთელი ქვეყნიდან ჩასვლა გაჭირდება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, არა მხოლოდ საქართველოს, მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას მყოფ უამრავ ადამიანს გულს დასწყვეტდა მისი უსამართლო და მოულოდნელი გარდაცვალება. ღმერთმა გაანათლოს. ბევრი ჩვენგანის – წარსულში ბავშვის – ამაგი და ცრემლები გაუნათებს იმქვეყნად.”