ანგელოზის გამოცხადება
გულმხურვალე ლოცვისას ღვთისმშობელი ხშირად შესთხოვდა თავის ძეს, მასთან გადასახლების ბედნიერება ღირსებოდა.
ერთხელ ზეთისხილის მთაზე ღვთისმშობელს მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და ახარა, რომ მისი ზეცაში აყვანის დრო ახლოვდებოდა და ეს მოვლენა სამი დღის შემდეგ უნდა აღსრულებულიყო. ზეცაში აღსვლის მოწმობად წმინდა მარიამს მთავარანგელოზმა სამოთხეში ზრდილი ფინიკის ხის რტო გადასცა და უთხრა, რომ ეს ზეციური მცენარე ღვთაებრივი მადლით იყო გაბრწყინებული და მიძინების შემდეგ მოციქულებს მის საფლავთან უნად მიეტანათ.
შინ დაბრუნებულმა წმინდა მარიამმა მომხდარი თავის სახლეულს გაუზიარა და დიდი სიხარულით ამცნო, რომ სამი დღის თავზე თავის ძეს უნდა შეხვედროდა. თვითონ კი დაუყოვნებლივ შეუდგა სამზადისს.
მოციქულთა შეკრება
ღვთისმშობელმა იოსებ არიმათიელი და მაცხოვრის სხვა მოწაფეები მოიხმო და მათაც აცნობა, რომ მიძინებისთვის ემზადებოდა. ყოვლადწმინდა ქალწული ღმერთს შესთხოვდა, მასთან იოანე ღვთისმეტყველი მოსულიყო. წმინდა იოანემ სულით შეიგრძნო ღვთისმშობლის ნება და მანძილი ეფესოდან იერუსალიმამდე სასწაულებრივად სწრაფად გადალახა. იოანემ ყოველივე დაუყოვნებლივ აცნობა იერუსალიმის პირველ ეპისკოპოსს, იაკობ მოციქულს _ იოსებ დამწინდველის ძეს, იაკობმა კი ეს ამბავი არა მარტო იერუსალიმში, არამედ მთელ მის შემოგარენში გაავრცელა. ხალხი ყოველი მხრიდან იოანე ღვთისმეტყველის სახლისკენ მოდიოდა.
სასწაულებრივი იყო სხვა მოციქულების მობრძანებაც. მოულოდნელი მგზავრობით გაოცებული წმინდა მოციქულები ერთმანეთს სიხარულით შესცქეროდენ, უკვირდათ და ერთმანეთს ეკითხებოდნენ, ვერ აეხსნათ, ასე სწრაფად და მათთვის მოულოდნელად რისთვის და როგორ შეკრიბა უფალმა. წმინდა იოანე ღვთისმეტყველმა ცრემლნარევი სიხარულით ამცნოთ, რომ მოვიდა დრო, `ვითარ ქალწული აღუალს ქუეყანით ზეცას~, რადგან “მოკუდავი ცხოველ” არს.
ოთახში შესულმა მოციქულებმა სარეცელზე მწოლიარე ყოვლადწმინდა დედა კეთილმღიმარე იხილეს, მოიკითხეს და უამბეს იმ მოვლენის შესახებ, მათი ქადაგების ადგილებიდან უცნაურ მოგზაურობასთან რომ იყო დაკავშირებული. ღვთისმშობელმა ადიდა უფალი, რადგან მისი ლოცვა შეისმინა, მისი გულითადი თხოვნა აღასრულა და მიწიერი ცხოვრების დასასრულს მასთან მოციქულებსა და მოწაფეებს მოუყარა თავი.
როდესაც ხალხმა ზეცაში ამაღლების შესახებ თვით ღვთისმშობლისგან შეიტყო, მოთქმით აღავსო გარემო. ისინი ფიქრობდნენ, რომ ნუგეშინისმცემლის გარეშე რჩებოდნენ. ღვთისმშობელი აიმედებდა და ჰპირდებოდა, რომ ყველასთვის მსწრაფ¬ლშემწე იქნებოდა. ამ დაპირებაში კაცობრიობის საყოველთაო ნუგეშია დაუნჯებული.
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სულის ზეცად აღსვლა
ახლოვდებოდა ღვთისმშობლის მიძინების დრო. დღე, როდესაც მთავარანგელოზის წინასწარმეტყველება უნდა აღსრულებულიყო.
გამოცხადებიდან მესამე დღის სამი საათი იყო. წმინდა მოციქულები ღვთისმშობლის დამშვენებული სარეცლის გარშემო იდგნენ და უფალს გალობით ადიდებდნენ. ოთახი მრავალი სანთლით იყო განათებული. ყოვლადწმინდა მარიამი გულმხურვალედ ლოცულობდა.
მოულოდნელად გარემო გამოუთქმელი სინათლით აღივსო, ყველა და ყველაფერი შარავანდედით იქნა მოსილი. ოთახში ისეთი საოცარი და შეუცნობელი სიამე შემოიჭრა, როგორსაც ვერავითარი მიწიერება ვერ დაიტევდა. ყველამ ერთდროულად შეამჩნია, რომ ღვთაებრივი დიდების ნათელში სახლის ჭერი აღარსად ჩანდა. გარემოუცველი, უსაზომო სინათლე. სიყვარულით აღვსილმა ყოველმა სულმა ზეციურ ძალთა დასებით გარშემორტყმული დიდების მობრძანება შეიგრძნო _ უფალი იესო ქრისტე ყოვლადწმინდა დედას გამოეცხადა. ანგელოზთა გამოუთქმელმა გალობამ გარემო სრულად აღავსო. მის ფონზე მხოლოდ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ღვთივსულიერი ლოცვა ისმოდა: `ადიდებს სული ჩემი უფალსა და განიხარა სულმან ჩემმან ღვთისა მიმართ მაცხოვრისა ჩემისა~, რომელსაც ღვთაებრივი მოწოდება: `მოვედ, მოკეთეო ჩემო~ და კვლავ ანგელოზთა გალობა: `გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის!~ მოჰყვა, და ზეციურ ძალთა თანხლებით, უფლის ხელით ღვთისმშობლის სული ცათა სასუფეველში საზეიმოდ ამაღლდა.