მთავარისიახლეებიმსოფლიოკორონავირუსი 30 ქვეყანას მოედო. შესაძლოა ტოკიოს წლევანდელი ოლიმპიადა ჩაიშალოს

კორონავირუსი 30 ქვეყანას მოედო. შესაძლოა ტოკიოს წლევანდელი ოლიმპიადა ჩაიშალოს

Published on

დღეისათვის კორონავირუსით მსოფლიოს 40-მდე ქვეყანაში დაავადებულთა საერთო რიცხვი 80 000-ს აჭარბებს, გარდაცვლილების – 2700-ს. ინფიცირების და გარდაცვალების შემთხვევების აბსოლუტური უმრავლესობა ჩინეთზე მოდის. ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის მიერ დღეს, 26 თებერვალს გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემებით, გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით (COVID-19) დაავადდა 406 ადამიანი, რაც 102-ით ნაკლებია წინა დღის მაჩვენებელზე. კორონავირუსით გარდაიცვალა 52 ადამიანი, რაც ბოლო სამი კვირის განმავლობაში ყველაზე დაბალი რიცხვია.

დაავადებულთა რაოდენობით ჩინეთის შემდეგ მეორე ადგილზეა სამხრეთი კორეა, სადაც კორონავირუსით ინფიცირების 169 ახალი შემთხვევა დაადასტურდა. საერთო რიცხვმა 1140-ს გადააჭარბა. გარდაცვლილია 10 ადამიანი.

რთულდება ვითარება იაპონიაშიც. იაპონიაში სულ დადასტურებულია კორონავირუსით დაავადების 164 შემთხვევა და კიდევ 691 მის ტერიტორიულ წყლებში მყოფ საკრუიზო გემზე. იაპონიის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უნდა გაუქმდეს ან შემცირდეს უახლოესი ორი კვირის განმავლობაში დაგეგმილი სპორტული და კულტურული ღონისძიებები. იაპონიაში იზრდება შეშფოთება იმის გამო, რომ კორონავირუსმა შესაძლოა ტოკიოს წლევანდელი ოლიმპიადა ჩაშალოს.

დღემდე გერმანიაში კორონავირუსის შემთხვევები იყო მხოლოდ ბავარიაში. ახლა საშიშ ზონაში მოექცა კიდევ ორი რეგიონი. კორონავირუსი დაუდგინდა ბადენ-ვიურტემბერგის ფედერალური მიწის ქალაქ გეპინგენში მცხოვრებ 25 წლის მამაკაცს, რომელიც იტალიის ქალაქ მილანში იმყოფებოდა.

ევროპაში კორონავირუსის გავრცელების მხრივ, ყველაზე რთული ვითარებაა იტალიის ჩრდილოეთში. 26 თებერვლის დილის მონაცემებით, იტალიაში სულ გარდაცვლილია 11 ადამიანი და 300-ზე მეტი დაავადდა.

კორონავირუსის ორი შემთხვევა დადასტურდა ავსტრიაში, ერთი შვეიცარიაში, ერთი ესპანეთსა და ერთი ხორვატიაში. ხუთივე დაავადებული იტალიის ქალაქ მილანში იმყოფებოდა. ამ შემთხვევების დადასტურებამდე ესპანეთის კუნძულ ტენერიფეს ერთ-ერთ სასტუმროში კორონავირუსი აღმოაჩნდა იტალიელ ექიმს. სასტუმროს ათასამდე მცხოვრები იზოლირებულია.

კორონავირუსი აღმოაჩნდა ალჟირში ჩასულ იტალიის მოქალაქესაც.

იტალიის გარდა, სარისკო ზონად მიჩნეულია ირანი, სადაც, ოფიციალური მონაცემებით, კორონავირუსით გარდაცვლილია 16 ადამიანი და ასამდე დაავადდა. ვირუსი აღმოაჩნდათ ირანის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს და პარლამენტის დეპუტატსაც.

სავარაუდოდ, კორონავირუსის პირველი შემთხვევაა ბრაზილიაში. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პირველადი დიაგნოზით, ვირუსი აქვს სან-პაულუში მცხოვრებ 61 წლის მამაკაცს, რომელიც ორი კვირით იტალიაში იმყოფებოდა. საკუთარ სახლში იზოლირებულ პაციენტს საბოლოო დიაგნოზისთვის მეორე ტესტი ჩაუტარეს. ბრაზილიამ გააძლიერა ქვეყანაში იტალიიდან, გერმანიიდან და საფრანგეთიდან ჩასული მგზავრების კონტროლი

სიახლეები

აშშ-ის ათობით სამხედრო თვითმფრინავი ახლო აღმოსავლეთისკენ მიფრინავს

ღია წყაროები დაზვერვის (OSINT) ანალიტიკოსები ფრენების ონლაინ მონაცემებზე დაყრდნობით წერენ, რომ აშშ-ს საჰაერო ძალების...

აშშ-ის პროკურატურამ Marinera-ს ქართველ კაპიტანს ბრალი წაუყენა

გაზიარება აშშ-ის პროკურატურამ Marinera-ს ქართველ კაპიტანს ბრალი წაუყენა აშშ-ში ბრალი წაუყენეს აშშ-ის მიერ დაკავებული ნავთობტანკერის ქართველ...

გინება, გაუპატიურებით დამუქრება და განმეორებითი ცემა – CPT-ს ანგარიში საქართველოზე

ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრევენციის კომიტეტმა (CPT) გამოაქვეყნა ანგარიში კომიტეტის 2024 წლის...

პირველკლასელთა რეგისტრაცია დაიწყო

2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია დღეს, 18 თებერვალს დაიწყო და ეტაპების შესაბამისად...