ხალხს ვერ მოატყუებ,ხალხს ომს ვერ მოუგებ-ეს უნდა იცოდეს ყველამ. – მაია ორჯონიკიძე ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე პროცესებს აანალიზებს და გამოთქვამს იმედს, რომ ,,კლანურობა, ჩაკეტილობა სნობურ-კლუბური არაფორმალური მართვის მანერა და „ჩვენიანებად „ და „სხვისიანებად“ დაყოფის მავნე და მახინჯი ჩვეულება დამარცხდება, ბოლო წლებში კაბინეტური ტიპის პარტია ისევ სახალხო, გამჭვირვალე და დემოკრატიულ პარტიად გადაიქცევა და ეს 2017 წლის 20 იანვარს კანონიერად გაფორმდება.''
,,დღეს ნაცმოძრაობის უმცირესობაში დარჩენილი პოლიტელიტის რუპორი, გიგა ბოკერიას მეუღლე თამარ ჩერგოლეიშვილი დაუღალავად და ყოველდღიურად ავრცელებს ფეისბუკზე ახალ-ახალ ბრალდებებსა და იარლიყებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მისამართით. შეიძლება არც კი ღირდეს ამ ძალიან საეჭვო წარმომავლობის ბრალდებათა ტირაჟირება, რადგან აქ საინტერესო და მთავარი სხვაა-თუ როგორ "დაემთხვა" დროში საკუთარივე პარტნომენკლატურის ნაწილის მხრიდან სააკაშვილის წინააღმდეგ გაჩაღებული ცილისწამების ორკესტრირებული კამპანია იმ ურთულეს შიდაპოლიტიკურ ვითარებას, როდესაც ივანიშვილის კონტროლირებადმა მთავრობამ ქვეყნის პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის ბერკეტი ჩაიგდო ,რაც დიდ საშიშროებას უქადის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასა და პროგრესს, რა დროსაც პარტიის ერთიანობა ივანიშვილის რეჟიმის ისტორიის სანაგვეზე გასტუმრების მთავარი წინაპირობაა,ამის ნაცვლად კი რეალურად სხვა სურათი გვაქვს: პარტიაში დე-ფაქტო ძალაუფლების უზურპაციისა და არაფორმალური მმართველობის უმძიმესი ვითარება შეიქმნა,რომლის სათავეში გიგა ბოკერია დგას.
ისევე როგორც საღად მოაზროვნე ადამიანთა უმრავლესობას, მეც არ მახასიათებს კონსპიროლოგიური თეორიებისადმი განსაკუთრებული მიდრეკილება,მაგრამ როდესაც ფაქტების სიუხვე მკაფიო სურათს ქმნის,ამ დროს თვალის დახუჭვა რბილად რომ ვთქვათ, არასწორია. და რადგან ეს მოცემულობა უკვე ზედაპირზე დევს, მისი იგნორირებაც და ამ ყველაფერზე გაჩუმებაც დაუშვებლად მიმაჩნია. თუ უახლეს ისტორიულ წარსულში მოკლე ექსკურსს ჩავტარებთ, შესაძლებლობა მოგვეცემა დავინახოთ თუ როგორ ნაბიჯ-ნაბიჯ ვითარდებოდა ის სიტუაცია,რომელიც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ უკვე დაუფარავად გამოჩნდა.
როგორც გახსოვთ, 2013 წლის ნოემბერში პრეზიდენტმა სააკაშვილმა თავისი მეორე საპრეზიდენტო ვადა დაასრულა და იძულებულ იქნა ქვეყნის ფარგლები დაეტოვებინა მის მიმართ რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის მიერ წამოწყებული პოლიტიკური დევნის გამო. სწორედ ამ დროიდან მისი თანამებრძოლის, გიგა ბოკერიას მეუღლის მხრიდან მისივე ფეისბუკის კედელზე ნელ-ნელა ჩნდება სააკაშვილის მისამართით ირონიული,დამაკნინებელი ინტონაციის შემცველი დამცინავი პოსტები. ეს ამბავი სააკაშვილის ბევრ მხარდამჭერს ეხამუშა, მაგრამ მათმა უმრავლესობამ ყურადღების არმიქცევა ამჯობინა მრავალი მიზეზის გამო და ეს სრულიად გასაგები იყო-არავის უნდოდა ივანიშვილის რეჟიმის პირობებში მთავარი ოპოზიციური პროდასავლური პარტიის გავლენიანი ლიდერის,გიგა ბოკერიას მეუღლესთან საჯარო დაპირისპირება,რითაც მხოლოდ რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის მომხრეებს გაახარებდნენ.
როგორც ჩანს, არსებული ვითარება კარგად ესმოდა თამარა ჩერგოლეიშვილსაც, ისევე როგორც მისი მეუღლის-გიგა ბოკერიას მიმართ ნაცმოძრაობის მხარდამჭერებში არსებული პიეტეტი, რომელიც ასევე შემაკავებელ ფაქტორს წარმოადგენდა.როგორც ამ გადასახედიდან ჩანს,ეს გარემოება თამარამ შესანიშნავად გამოიყენა და ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მისი საჯარო პოსტები სწორედ სააკაშვილის მისამართით გასროლილ წერტილოვან დარტყმებს ჰგავდა,თუმცა ჯერ კიდევ შორს იყო იმ დაუფარავი ბრალდების შემცველი ტექსტებისგან, რომლის უფლებაც მან თავს მხოლოდ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მისცა. არჩევნებამდე მეც,ისევე როგორც ნაცმოძრაობის მხარდამჭერთა უმრავლესობა მისი მხრიდან ამ სპორადულ ესკაპადებს უფრო ვიწრო-პირადულ კონტექსტში აღვიქვამდით,რომლის უკან მიხეილ სააკაშვილის,როგორც დიდი ხნის პირადი მეგობრის (რასაც თამარა მუდამ ხაზს უსვამდა) მიმართ რაღაც პირადი წყენა იდგა და სხვა არაფერი.
ასე გრძელდებოდა 2016 წლის არჩევნებამდე,რომლის შედეგებიც როგორც ყველამ ვიცით-ტოტალურად გაყალბდა და პარტიამ არაფერი გააკეთა იმისთვის,რომ საკუთარი ამომრჩევლის ხმები დაეცვა-ის მარტივად შეეგუა ამ მდგომარეობას და როგორც ვიცით-პარლამენტშიც შევიდა.
პირველი ნიშანი იმისა,რომ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმართული კამპანია ორკესტრირებულ ხასიათს ატარებდა,გახლდათ შოთა უტიაშვილის,სააკაშვილის მმართველობის დროს შსს-ს მაღალჩინოსნის საჯარო განცხადება იმის თაობაზე,რომ ნაცმოძრაობამ არჩევნები უკრაინიდან მიხეილ სააკაშვილის ჭარბი აქტიურობის გამო წააგო,რამაც ამ პარტიის მხარდამჭერთა უმრავლესობის ჩემი აზრით, სამართლიანი აღშფოთება გამოიწვია. არადა წინა საპარლამენტო არჩევნებზე პარტიამ 300 000 ხმა მიიღო,ბოლო არჩევნებზე კი 500 000 (ოფიციალური ვერსიით),რაც ნათლად აჩვენებდა,რომ პარტიამ წინა არჩევნებთან შედარებით 200 ათასით მეტი ხმა აიღო. უტიაშვილი აშკარად მიუთითებდა,რომ სააკაშვილის გარეშე ეს ციფრი ბევრად დიდი იქნებოდა,ვიდრე ნახევარი მილიონი და რომ სააკაშვილი პარტიის ტვირთად გადაიქცა.
მე ყურადღებით ვადევნებდი თვალს ამ საკითხის გარშემო საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანთა გამოხმაურებას და კარგად მახსოვს გიგი თევზაძის ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში გამოთქმული კონტრარგუმენტი-რომ ის 200 ათასი ხმით მატებაც სწორედ მიხეილ სააკაშვილს უკავშირდებოდა და უტიაშვილის მტკიცება საფუძველს მოკლებული იყო.
ამ საჯარო განცხადებების პარალელურად გიგა ბოკერიას სოციალურად აქტიური მეუღლე კიდევ უფრო გააქტიურდა და მისმა სააკაშვილისთვის მიძღვნილმა სტატუსებმა არსებითად ახალი სიმწვავე შეიძინა-ეს უკვე აღარ იყო მხოლოდ ირონიული ნართაულების ფორმით გამოხატული ტექსტები,მისი სტატუსები უკვე ნაირ-ნაირ ბრალდებათა ნუსხად იქცა.
ოდნავ უკან დავბრუნდები და იმასაც გავიხსენებ,არჩევნებამდე ერთი თვით ადრე რა ბრძოლა გაიმართა თამარასა და ნაცმოძრაობის მხარდამჭერებს შორის. საბაბად (სწორედ საბაბად,რადგან მიზეზზე ქვემოთ მოგახსენებთ) კი ერთ-ერთი ამერიკაში მცხოვრები ქართველი ფბ-მომხმარებლის ფეისბუკ-სტატუსი იქცა,რომელშიც გამოთქმული იყო აზრი იმის თაობაზე,რომ თამარა ჩერგოლეიშვილს არ უნდა გაეყიდა თავისი გადაცემა რუსული ტელეკომპანიისთვის,რომელიც პუტინის "გაზპრომის" შვილობილ ფირმას წარმოადგენდა.
ნაცმოძრაობის მხარდამჭერთა უმრავლესობისთვის,ვინც ამ სტატუსის ქვეშ საკუთარი აზრი დააფიქსირა-ეს ამბავი სრულიად მიუღებელი იყო,რაზეც მათ დაუფარავად განაცხადეს თავის კომენტარებში-დიდი უმრავლესობა კორექტულად,მცირე ნაწილი კი ბევრად მწავე ფორმით გამოხატავდა სათქმელს და პირდაპირ ადანაშაულებდა თამარა ჩერგოლეიშვილს უპრინციპობასა და ვერცხლისმოყვარეობაში. თამარა თავიდანვე სასტიკად შეურაცხყოფილი ადამიანის პოზიციიდან ჩაერთო ამ კამათში და ამ კონკრეტულმა დაპირისპირებამ ფეისბუკზე მთელი კვირა გასტანა-კედლიდან კედელზე გადადიოდა და არაფრით არ ცხრებოდა. სამი დღე ისე ვუყურე ამ ყველაფერს-არ ჩავრეულვარ,მაგრამ ბოლოს-ნიკა გვარამიას კედელზე გაჩაღებული დაპირისპირების შემდეგ გადავწყვიტე ჩემი აზრიც გამომეხატა,მას მერე რაც ძალიან უცნაური და უსიამოვნო ფრაზა წავიკითხე თამარას პოსტში:
"ყველა თქვენი პოსტი დასქრინული მაქვს და ყველას სახელებით გიმახსოვრებთ, რათა როცა დრო მოვა -სამსახურებში თანამდებობებზე შემთხვევით არ მოხვდეთ ო". ამ ფრაზამ გამაოგნა და თუკი იქამდე თავს ვიკავებდი, გადავწყვიტე-მეც დამეწერა კომენტარი და ჩემი დამოკიდებულება გამომეხატა,რომლის აზრიც ის იყო,რომ იმ შემთხვევაშიც კი-თუ ცალკეულ მხარდამჭეთა პოსტები არაეთიკური იყო,თუნდაც მისი აზრით უსამართლო,თამარას-როგორც გავლენიანი პოლიტიკოსის ცოლსა და თავად საჯარო პირს,თმენის ვალდებულება უნდა ჰქონოდა და ჯობდა ეცადა ადამიანებისთვის თავისი სიმართლე იმავე ფორმით მიეტანა,როგორსაც ის ოპონენტებისგან ითხოვდა.
ბოლოს თითქოს ჩაცხრა პირდაპირი დაპირისპირება,მაგრამ არაფრით ცხრებოდა თამარა-თავის ფბ-კედელზე ის უკვე არა მხოლოდ სააკაშვილს,არამედ მის მხარდამჭერებსაც მუდმივად მოიხსენიებდა ისეთი ტერმინებით ,როგორიცაა: „არასწორ ღირებულებებზე მდგარი“ ,"ბნელი","ბელადომანი","ტოქსიკური ბალასტი","კერპთაყვანისმცემელი"და ა.შ.
ამის პასუხად განაწყენებული ადამიანები თამარას უწერდნენ შესაბამისი შინაარსის პოსტებს,აღარც ისინი არჩევდნენ სიტყვებს და ეს ყველაფერი ხდებოდა არჩევნების პირველსა და მეორე ტურებს შორის,როდესაც თითოეული ამომრჩევლის ხმა ოქროდ ფასობდა! მოხდა ალბათ მსოფლიოში უპრეცენდენტო ფაქტი-არჩევნების წინ პარტიის გავლენიანი ლიდერის ცოლი ეომებოდა იმ პარტიის მხარდამჭერებს,რომელსაც მისი ქმარი წარმოადგენდა! ეს სიტუაცია იმდენად აბსურდულად გამოიყურებოდა,რომ ბევრ ადამიანს პირველი კითხვის ნიშნები დაებადა-ხომ არ იყო ეს მიზანმიმართული დესტრუქცია,რომელიც პარტიის არჩევნებში შეგნებულ დამარცხებას ისახავდა მიზნად?
ეს ექსკურსი მხოლოდ იმისთვის დამჭირდა,რომ მკითხველისთვის შემეხსენებინა-თუ რა არაჯანმრთელ,სრულიად არაბუნებრივ და კონფრონტაციულ ფონზე მიმდინარეობდა ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო კამპანია,როცა მისი ერთ-ერთი ლიდერის ცოლი ლამის ყოველდღე აკარგვინებდა პარტიას მისსავე ამომრჩეველს. ისეთი ერთი შეხედვით პრაგმატული ადამიანისთვის,როგორიც თამარ ჩერგოლეიშვილია-ეს სრულიად ამოუხსნელად გამოიყურებოდა,თუმცა შემდგომში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო,რომ ეს დაპირისპირება გათვლილი იყო და ემსახურებოდა ერთ მთავარ მიზანს-მიხეილ სააკაშვილის და მისი აქტიური მხარდამჭერების მარგინალიზებას და როგორც მოგვიანებით გაცხადდა-მის საკუთარი პარტიისგან ერთხელ და სამუდამოდ ჩამოშორებას.
გავყვეთ ქრონოლოგიას და მოკლედ აღვნიშნოთ შემდეგი მოვლენები:
მიუხედავად მიხეილ სააკაშვილის არაერთი გაფრთხილებისა საკუთარი თანაპარტიელების მიმართ,არ მიეღოთ მონაწილეობა მეორე ტურის არჩევნებად წოდებულ ფარსში,პარტიის პოლიტსაბჭომ არ მიიღო მისი რჩევა და მოხდა ის,რისი წინასწარმეტყველებაც რთული არ იყო-ნაცმოძრაობისთვის მეორე ტური სავალალოდ დამთავრდა,კიდევ უფრო სავალალოდ-ვიდრე პირველი,რომლის დროსაც პარტიამ 27 ადგილი აიღო,მეორე ტურში კი-ნული. ისიც საგულისხმოა,რომ გიგა ბოკერიას მიერ არჩევნების შემდგომი ღამით,"ცესკოსთან" გაკეთებული კატეგორიული განცხადების მიუხედავად-რომ „პარტია არ დათანხმდება ივანიშვილის მიერ მოგდებულ 27 თუ 29 ადგილს“, იგი მეორე დღიდანვე ისე იქცეოდა,თითქოს არც არაფერი უთქვამს, საკუთარივე საჯაროდ ნათქვამი სიტყვები სამარხვინოდ დაივიწყა და სრულიად მოულოდნელად რადიკალურად განსხვავებული პოზიცია დაიკავა-პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო!
ასეთი პოლიტეკვილიბრისტიკის ფონზე ნაცმოძრაობის ამომრჩეველი სრულიად სამართლიანად აღშფოთდა საკუთარი პარტიის ლიდერების უპრინციპობით, განსაკუთრებით მას მერე,რაც გაუგონარი გაყალბების შემდეგ პარტიამ არაფერი მოიმოქმედა საკუთარ ამომრჩეველთა ხმების დასაცავად,რაც გამოიხატა იმაში,რომ პარტიამ არ ისურვა მასობრივ დარღვევათა ფაქტების აღნუსხვა და მტკიცებულებათა შეგროვება,რაც თავის მხრივ-საფუძვლად დაედებოდა სასამართლოში შესატან საჩივრებს. ერთადერთი,ვინც ვალმოხდილი აღმოჩნდა ამომრჩევლისა და საკუთარი სინდისის წინაშე-ლევან ვარშალომიძე გახლდათ,რომელმაც ბოლომდე იბრძოლა ამომრჩეველთა ხმების დასაცავად და მისხალ-მისხალ აღნუსხა არჩევნების პერიოდში ივანიშვილის რეჟიმის მიერ მასობრივი გაყალბების ფაქტები.
აი სწორედ ამ დროიდან გაჩნდა ხალხში ეჭვი,რომ ნაცმოძრაობის ლიდერთა ნაწილი ივანიშვილთან კულუარულ გარიგებაშია და ამ გარიგების ლაიტმოტივი იყო ის,რაც ორივე მხარის მთავარ ინტერესს წარმოადგენდა-ნებისმიერი საშუალებით არ დაეშვათ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნება და იმ წინაპირობების განეიტრალება,რაც ამას შესაძლებლად გახდიდა. ეს წინაპირობა კი ერთადერთი იყო-არჩევნებში ნაცმოძრაობის დამაჯერებელი გამარჯვება,მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა,არცერთ სხვა შემთხვევაში ის არ ჩამოვიდოდა და არც უნდა ჩამოსულიყო გასაგებ მიზეზთა გამო.
მხოლოდ ამ კომბინაციის გააზრების შედეგად დგება ყველაფერი თავის ადგილზე და აღარ გეჩვენება ამოუხსნელად და უცნაურად-თუ რატომ არ იცავდა ნაცმოძრაობა საკუთარ ხმებს,თუ რატომ იქცეოდა პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ცოლი გაგანია საარჩევნო ციკლის დროს ისე,თითქოს ვერ ხვდებოდა-მისი მოქმედებით პარტიას ამომრჩეველს რომ უკარგავდა. ამ ფაქტების შემდეგ ერთადერთი ლოგიკური დასკვნა,რომელიც შეიძლება გააკეთო ისაა,რომ გიგა ბოკერიას და ნაცმოძრაობის პოლიტსაბჭოს იმ ნაწილს,რომელსაც ის აკონტროლებდა- პრინციპულად არ აინტერესებდა საკუთარი პარტიის გამარჯვება და პარლამენტში უმრავლესობით შესვლა. ეს რომ მომხდარიყო,მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნდებოდა,თუნდაც დროებით-მაგრამ დაბრუნდებოდა და პარტიის ხელმძღვანელობაში აქტიურად ჩაერთვებოდა,როგორც მისი დამფუძნებელი და თავმჯდომარე.
მაგრამ ამას კი ვერაფრით დაუშვებდა გიგა ბოკერია,რომელიც განვლილი ოთხი წლის მანძილზე,რაც სააკაშვილი იძულებით ემიგრაციაში იყო-დროს ტყუილად არ კარგავდა, ბევრი რამ მოასწრო და ბევრიც იშრომა იმისთვის,რომ პარტიის არაფორმალური მმართველი გამხდარიყო-მან გადაიბირა პოლიტსაბჭოს თითქმის ნახევარი,მისი და მისი მეუღლის, თამარ ჩერგოლეიშვილის პირადი გემოვნებითა და კონტროლით შეადგინა საპარლამენტო სია და ამ სიაში მოხვედრის მთავარი კრიტერიუმი გიგა ბოკერიას და მისი ცოლისადმი პირადი ერთგულება გახდა. არ მინდა იმის თქმა,რომ უკლებლივ ყველა, ვინც დღეს პარლამენტში ზის ნაცმოძრაობის კვოტით-არაპროფესიონალია,ასე ნამდვილად არ არის-თუმცა ისეთებიც მოხვდნენ,ვინც მხოლოდ და მხოლოდ ბოკერიასადმი პირადი ერთგულების ნიშნით ეღირსა საპარლამენტო სკამს-თუნდაც იგივე ლელა ქებურია და ლაშა დამენია,რომელთა პროფესიონალურ ღირსებებში და პატრიოტიზმში მხოლოდ მე არ მეპარება ეჭვი,მთელი ზუგდიდის რაიონული „ენმ“-ც ამ ჭკუაზეა. მაგრამ აქ მთავარი ისაა,რომ ბოლო წლები ერთი კაცი წყვეტდა პარტიაში პოლიტიკურად მნიშვნელოვან საკითხებს და ეს ადამიანი სწორედ გიგა ბოკერიაა. აი ასე ესმის ამ ადამიანს „ევროპული ტიპის პარტია“ და რა გინდა რომ უყო!
და ამ ფონზე რა ტრაგიკომიკურად გამოიყურება პარტიის არაფორმალური მმართველის,რუხი კარდინალი გიგა ბოკერიას ცოლი,რომელიც დღე არ გავა-მიხეილ სააკაშვილი „ძალაუფლების უზურპაციაში“ ,“პიროვნების კულტში“ და სხვა მსგავს ცოდვებში არ დაადანაშაულოს ფბ-კედელზე. მახსოვს ბოლოს როცა ვნახე,10 ოქტომბრის ღამე იყო -“ცესკოს“ შენობასთან,თამარამ მითხრა -„მაია, გაიგე რომ მიშა არ უნდა დასავლეთს, ეს რეალობააო“. გამოგიტყდებით,მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი ბევრი რამ,რაც განვლილ ბოლო ერთ თვეში დამანახა ბოლო მოვლენებმა და თავად თამარამ-უბრალოდ არ დავეთანხმე და არ დავუჯერე. სამწუხაროდ,მაშინ არც გიგა ბოკერიას მიზნებზე მქონდა წარმოდგენა და არც პარტიის შიგნით მის რეალურ საქმიანობაზე,მაშინ არც ის ვიცოდი, თუ როგორ იყენებდა ცოლ-ქმარი სააკაშვილის დროს ბოკერიას მაღალი თანამდებობით მიღებულ შესაძლებლობებს და დასავლელ პოლიტიკოსებთან საკომუნიკაციო არხებს-უკვე საკუთარ პირად,ოჯახურ და მერკანტილურ ინტერესებში.
არც ის ვიცოდი,რომ ამ ელჩებსა და დიპლომატებს განვლილი ოთხი წლის განმავლობაში ორივესგან თურმე მხოლოდ ის ესმოდათ-როგორი „უკონტროლოა“ სააკაშვილი, რომ ის „საშიშია, რადგან თუ ხელისუფლებაში დაბრუნდა-აუცილებლად ისევ დაიწყებს რუსეთთან ომს“ და ა.შ. და ა.შ. ეს ყველაფერი მოგვიანებით გავიგე და თამარას ფეისბუკ-პოსტები დღეს სწორედ ამ ტექსტებითაა აჭრელებული-უკვე ღიად და დაუფარავად,რადგან დაფარვა მხოლოდ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე იყო საჭირო-იქამდე რომ ასეთები ღიად ეწერა,მიშას მომხრეების ხმებს ხომ ვერ მიიღებდნენ! გამოდის-მიშას პარტია უნდათ,მიშას მხარდამჭერთა ხმები უნდათ,მაგრამ მიშა არ უნდათ! არც ის უნდათ-რაც თავის დროზე სააკაშვილმა გააკეთა,როცა „მოქკავშირში“ თავისი ყოფნა მიუღებლად ჩათვალა: გავიდა და საკუთარი პარტია შექმნა! მართლაც,რატომ უნდა იწვალო იმდენი,რამდენიც თავის დროზე მიშამ იწვალა და ირბინა,როცა პარტიას ქმნიდა-როდესაც გამზადებული,მერე რა რომ სხვისი ხელით და შრომით შექმნილი პარტია შეგიძლია უბრალოდ მიისაკუთრო,არაფორმალური მმართველობა დააკანონო და თან ამ პარტიის დამფუძნებელს უკიჟინო-ავტორიტარი და უზურპატორი ხარო! განსაკუთრებით მას შემდეგ,რაც მიშას მხარდამჭერებით მიღებული ხმებით საპარლამენტო სიას შენი ხალხით დააკომპლექტებ!
და ამის მერე,რითი განსხვავდება სააკაშვილის მიმართ თამარა/გიგას მესიჯბოქსები ივანიშვილის მესიჯბოქსებისგან?! სრულიად არაფრით, ტყუპისცალებივით გვანან ერთმანეთს,მგონი ბოლო დროს ივანიშვილს თამარამ აჯობა მიშას გინებაში.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით კი მარტივი სურათი იხატება-ივანიშვილზე დიდი მტერი ბოკერიას წყვილისთვის მიხეილ სააკაშვილია, რადგან ივანიშვილთან გარიგება მოსულა,სააკაშვილთან კი-ვერა!
სწორედ ესაა შეთქმულება, რომელიც შედგა მიხეილ სააკაშვილისა და თითოეული ჩვენთაგანის, ამ ქვეყნის ზურგსუკან!
ყოველდღე ახალ-ახალი ბრალდება ისმის თამარ ჩერგოლეიშვილის მხრიდან მიშა სააკაშვილის მისამართით, მაგრამ ამ ულამაზო ფონზეც კი განსაკუთრებით უღირსად მოსჩანს ტენდენცია,რომელიც ბოლო დროს სულ ახალ-ახალ ფორმებს იძენს და რომლის დედააზრიც ასეთია – ყველაფერი,რაც კი იმ “9 წლის” განმავლობაში არ ვარგოდა – მიშას ბრალია, კარგზე ექსკლუზივი კი რატომღაც მხოლოდ ბოკერიას ეკუთვნის, თითქოს გიგა ბოკერია არ ედგა გვერდში სააკაშვილს მთელი ის წლები და თითქოს იმხანად ვინმემ დაუშალა მიშასთვის პირში ეთქვა-თუ რამ არ მოსწონდა!
ასეთია მდაბიოთა ბუნება – გამარჯვებულის გვერდზე დგომის სიამოვნებას არასოდეს იკლებენ,მაგრამ თუ დამარცხდი – ისინი არაფერ შუაში არიან და უმოწყალოდ გადაგივლიან-თითქოს მთელი ის წლები რაიმე მოეკლოთ ან რაიმეზე უარი ეთქვათ!
ბოკერიების წყვილს რომ იმის ნახევარი ენერგია და შრომა, რაც სააკაშვილის წინააღმდეგ ინტრიგებში ბოლო ოთხ წელიწადში დახარჯეს,ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ მიემართათ,ნაცმოძრაობის მრავალასიათასიანი ამომრჩევლის ხმა დაეცვათ და ივანიშვილის გაყალბებული არჩევნები არ „გაეპრავებინათ“-დღეს სრულიად სხვა საქართველოში ვიქნებოდით,სრულიად სხვაში! სწორედ ამიტომ ვთვლი,რომ ეს იყო შეთქმულება არა მხოლოდ მიშას,არამედ ქვეყნის წინააღმდეგ,რასაც არც ხალხი და არც ისტორია არავის არ პატიობს.
და ბოლოს. რამდენიმე დღის წინ კარგი ამბავი მოხდა-ნაცმოძრაობის პოლიტსაბჭოს იმ ნაწილმა,რომელიც ერთგული დარჩა უპირველესყოვლისა არა მიშასი,არამედ ქვეყნის,იდეისა და საკუთარი სინდისის – მართალია მცირე,მაგრამ უპირატესობით გაიმარჯვა. გაიმარჯვა კლანურობაზე, ჩაკეტილობაზე, სნობურ-კლუბური არაფორმალური მართვის მანერაზე და „ჩვენიანებად „ და „სხვისიანებად“ დაყოფის მავნე და მახინჯ ჩვეულებაზე!
გაიმარჯვა იმისთვის,რომ ბოლო წლებში კაბინეტური ტიპის პარტია ისევ სახალხო,გამჭვირვალე და დემოკრატიულ პარტიად გადაიქცეს,რაც დიდი იმედი მაქვს – 2017 წლის 20 იანვარს კანონიერად გაფორმდება!
ხალხს ვერ მოატყუებ,ხალხს ომს ვერ მოუგებ-ეს უნდა იცოდეს ყველამ.
და მიშა მართლაც მაგარია-ოღონდაც გულები ნუ დაგისკდებათ ამის გაგონებაზე! '' წერს მაია ორჯონიკიძე