ნაციონალური მოძრაობა ფართომასშტაბიანი ყრილობის გამართვისთვის ემზადება. პარტიამ რამდენიმე საათიანი მსჯელობის შემდეგ, გადაწყვეტილება მიიღო.პარტიის წევრების ნაწილი ემხრობა ფართომასშტაბიანი ყრილობის გამართვას და ასევე იმ საკითხს, რომ პარტიამ არ უნდა აირჩიოს ახალი თავმჯდომარე.პარტიის ის წევრები, რომელთა პოზიციამ ხმათა უმრავლესობით, დღევანდელ პოლიტსაბჭოზე მიიღო მხარდაჭერა, აცხადებენ, რომ ფართომასშტაბიანი, 7 ათას დელეგატიანი ყრილობის ჩატარებასთან ერთად, დღეს ისიც გადაწყდა, რომ პარტიის თავმჯდომარესთან დაკავშირებით, შენარჩუნდება სტატუს კვო და ეს პოზიცია დარჩება კვლავ ვაკანტური.„პარტიაში შიდა დემოკრატიამ გაიმარჯვა. ჩვენ ვემზადებოდით მრავალათასიანი ყრილობისთვის. ჩვენ გვიდოდა მთავარი მიზანი იყოს, რომ არა ზემოდან ქვემოთ, არამედ ქვემოდან ზემოთ ყოფილიყო მართვა,“ – განაცხადა ლევან ვარშალომიძემ.განცხადება გააკეთა ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრმა ნინო კალანდაძემაც, რომელმაც აღნიშნა, რომ პოლიტსაბჭოს ამ გადაწყვეტილებით, ახალი თავმჯდომარის საკითხი არ დადგება დღის წესრიგში.„გადაწყვეტილება იქნა იმ წესის სასარგებლოდ მიღებული, რომელიც ითვალისწინებდა გახსნილობას, მრავალათასიანი დელეგატის მონაწილეობას და ერთადერთ სწორ დემოკრატიულ არჩევანს, რომელიც ამ პარტიამ შეიძლება გააკეთოს, რაც საწინდარი იქნება იმისა, რომ ეს პარტია აუცილებლად დაამარცხებს ბიძინა ივანიშვილს. პოლიტსაბჭოს ამ გადაწყვეტილებით, ახალი თავმჯდომარის საკითხი არ დადგება დღის წესრიგში,“ – განაცხადა კალანდაძემ.დავით ბაქრაძე ამბობს, რომ მიუხედავად კამათის და დისკუსიისა, პოლიტსაბჭოს დღევანდელ გადაწყვეტილებას, პოლიტსაბჭოს ყველა წევრი პატივს სცემს.პარტიის წევრთა მეორე ნაწილი აცხადებს, რომ ეს საკითხი საბოლოოდ გადაწყვეტილი ჯერაც არ არის და ის გაირკვევა და გადაწყდება სწორედ ყრილობაზე. გიგა ბოკერია აცხადებს, რომ პარტიის თავმჯდომარის პოსტზე, ყველაზე შესაფერისი პოლიტიკური ლიდერი დავით ბაქრაძე იქნება.„მიხეილ სააკაშვილი არ არის ჩვენი პარტიის თავმჯდომარე დღეს, იმ ვითარების გამო, რომელიც შექმნა ივანიშვილმა. რადგან ის არის დევნილი და საქართველოს მოქალაქეობა აღარ აქვს. მე ვთვლიდი, რომ უფრო სწრაფად უნდა ჩავატაროთ ყრილობა, იმიტომ რომ თვითმმართველობის არჩევნები მოდის, მე ვთვლიდი, რომ ევროპული პრაქტიკის მიხედვით უნდა ჩავატაროთ ყრილობა, სადღაც 2 ათასი ადამიანით, თუ შევადარებთ თანაზომად პარტიებს, და უნდა ავირჩიოთ თავმჯდომარე, და დავით ბაქრაძე, ჩვენი პარტიისთვის და ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებისთვის არის ყველაზე უფრო შესაფერისი პოლიტიკური ლიდერი, რომელიც ამ ვითარებაში, რომელიც გვაქვს, უნდა იყოს ნაციონალური მოძრაობისთავმჯდომარე,“ – განაცხადა გიგა ბოკერიამ.შეგახსენებთ, პოლიტსაბჭოს წევრებს დღეს ორ პოზიციას შორის მოუწიათ არჩევანის გაკეთება. ერთი ნაწილი ფართომასშტაბის ყრილობის გამართვას ემხრობოდა და საბოლოოდ ამ პოზიციამ ხმათა უმრავლესობით მხარდაჭერაც მიიღო, ხოლო მეორე ნაწილი კი ემხრობოდა მცირე მასშტაბიანი ყრილობის გამართვას და ასევე ისინი აცხადებდნენ, რომ პარტიას უნდა ყავდეს და მან უნდა აირჩიოს ახალი თავმჯდომარე.დღევანდელი გადაწყვეტილებით, 7 ათას დელეგატიანი ყრილობა 20 იანვარს გაიმართება.
ენმ-ს პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, 7 ათას დელეგატიანი ყრილობა 20 იანვარს გაიმართება.
Published on