პოლიტოლოგები თვლიან, რომ აშშ-ს საელჩოს გუშინდელი განცხადებიდან ის დასკვნა უნდა გამოვიტანოთ, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესებით არა მარტო აშშ, არამედ მთელი დასავლეთი უკმაყოფილოა.
როგორც პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, „ხელისუფლებას არ უნდა ჰქონდეს იმის იმედი, რომ კრიტიკულ სიტუაციაში ჩვენი პარტნიორები ჩუმად იქნებიან“.
„ამ განცხადების ქვეტექსტი არის ის, რომ არა მარტო ამერიკა, დასავლეთი უკმაყოფილოა იმ პროცესით, რაც საქართველოში მიმდინარეობს. გამოდის, რომ ამით მარტო ქართული საზოგადოება კი არ არის შეშფოთებული, შეშფოთებულია ჩვენი თანამეგობრობაც იმიტომ, რომ სასამართლოს უპირველესი ღირსება არის მისი დამოუკიდებლობა . ცუდია, თუ არ ჰყოფნის მოსამართლეს განათლება, მაგრამ ამაზე კიდევ უფრო უარესია, როცა უნდობლობა არსებობს. ეს არ არის ერთჯერადი პროცესი. მას მოჰყვება მთელი რიგი პოლიტიკური პროცესები. იგივე ყველაზე მტკივნეული, რაც დღეს და ხვალ შეიძლება და ძალიან დიდი ალბათობით დღის წესრიგში დადგება, იქნება არჩევნების სამართლიანობის ცნობა და ვინ უნდა გადაწყვიტოს ეს, იმ მოსამართლეებმა რომელთა მიმართ საზოგადოებაში ნდობა არ არის?! არ მგონია ამან ძალიან დააზარალოს საქართველო-ამერიკის ურთიერთობები, მაგრამ ხელისუფლებისადმი დამოკიდებულება რა თქმა უნდა, შეიცვლება. ნდობის ფაქტორი იქნება მნიშვნელოვანი. რაღაც პროექტები შეიძლება შენელდეს ან შეჩერდეს და ხელისუფლებას არ უნდა ჰქონდეს იმის იმედი, რომ კრიტიკულ სიტუაციაში ჩვენი პარტნიორები ჩუმად იქნებიან“,- განაცხადა ძაბირაძემ.
,,როგორც ჩანს, ხელისუფლებაში გადაწყვიტეს, რომ არ აინტერესებთ, რას იტყვის ამერიკა. მთავარია, დარჩნენ ხელისუფლებაში და დანარჩენი მეორეხარისხოვანია, – ასე აფასებს ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე აშშ-ს საელჩოს მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას.
მისი თქმით, თუ „ქართულმა ოცნებამ“ ასე გააგრძელა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე შეიძლება ვერ მივიდეს.
„მთავარი არის ის, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერებს საერთოდ არანაირი რეაქცია არ აქვთ. მთავარია, ხელისუფლებას ჩაებღაუჭონ, მაგრამ რა სახით, მნიშვნელობა არ აქვს. ამით, ამერიკის საელჩო რასაც ამბობს, გასაგებია და ამაზე უფრო მეტად მკვეთრი კრიტიკა და მკვეთრი ენით საუბარი დიპლომატიაში, წარმოუდგენელია. ამათ, როგორც ჩანს, გადაწყვიტეს, რომ არ აინტერესებთ, რას იტყვის ამერიკა. მთავარია, დარჩნენ ხელისუფლებაში და დანარჩენი მეორეხარისხოვანია. ეს აზიანებს საქართველოს. როგორც არიან, ისე თავს გადასარევად გრძნობენ, რატომ აძალებთ, რაც არ უნდათ იმის გაკეთებას?! ასე ურჩევნიათ, ყველანაირი ფასით დარჩნენ ხელისუფლებაში, დანარჩენი მეასეხარისხოვანია – რას იტყვის ამერიკა. ამერიკა იტყვის რამეს, იტყვიან, რომ „ნაცებმა“ შეაცდინეს, ევროპა იტყვის რამეს, იტყვიან, რომ ისევ „ნაცებმა“ შეაცდინეს. არაფერი იქნება, ასე გააგრძელებენ. სიმართლე გითხრათ, თუ ასე გააგრძელეს, მგონია, რომ არჩევნებამდე შეიძლება ვერ მიატანონ და ეს თვითონ ქვეყნისთვის არის ცუდი“, – განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.
აშშ-ს საელჩოს განცხადებაში ნათქვამია: „მოსმენებისას მოსამართლეობის კანდიდატების ნაწილმა ვერ შეძლო საკმარისად წარმოეჩინა იურიდიული ცოდნა ან ერთგულება მიუკერძოებლობისადმი – ვწუხვართ, რომ პარლამენტის მიერ დამტკიცებულ სიაში ეს კანდიდატებიც არიან“.