გუშინ საღამოს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა და უკრაინული ოპოზიციის ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა რუსთავი 2–ის გადაცემაში ,,არჩევანი ‘’საქართველოსა და უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე, საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებსა და მის შედეგებზე ,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე მოვლენებზე, ნაციონალურ მოძრაობაში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა. ეს არის მისი პირველი ვრცელი ინტერვიუ ქართული მედიისათვის არჩევნებისა და ოდესის ოლქის გუბერნატორობიდან გადადგომის შემდეგ.
მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას ვარდების რევოლუციის პერიოდი გაიხსენა და უკრაინაში ამჟამად არსებულ სიტუაციას შეადარა. თუმცა, კითხვაზე, გეგმავს თუ არა რევოლუციას უკრაინაში, მან უპასუხა, რომ ამას „გარემოება უჩვენებს“.
„ჩემთვის ეს არის მეორე სუნთქვა და მეორე ახალგაზრდობა. ძალიან ბევრი რამ გავს იმას, რაც იყო მაშინ საქართველოში. ეს ხომ თამაში არ არის, მიდის ბრძოლა უკრაინის გადარჩენისთვის,“ – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი, რომელიც საკუთარ თავს უკრაინელ პოლიტიკოსს უწოდებს და ამბობს, რომ საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან მის გადაწყვეტილებას კავშირი არა აქვს.,, მე ვარ უკრაინელი პოლიტიკოსი და სხვა ასპექტები აქ არ არის,“ – აცხადებს იგი. .
„უკრაინაში ხალხი უკვე მეორედ მოტყუვდა, რადგან ორჯერ მოხდა რევოლუცია და მას რევოლუციური ცვლილებები არ მოჰყოლია. აქ ძველი პოლიტიკური კლასი შენარჩუნდა, რამაც ქვეყანა მიიყვანა იქამდე, რომ უკრაინა არის ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყანა. ხალხი ძალიან გაბრაზებულია. ჩემთვის ასეთ პირობებში უკრაინის ხელისუფლებაში დარჩენა სრულიად უპასუხისმგებლობა იქნებოდა. ეს იქნებოდა პირადი კომფორტის ძიებაში სირაქლემას პოზიციაში ყოფნა.
მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ოდესის გუბერნატორის თანამდებობის დატოვება და პრეზიდენტის გუნდიდან წასვლა არ იყო მარტივი გადაწყვეტილება, თუმცა საჭირო იყო. მისი თქმით, ოპოზიციაში წასვლის შესახებ ბევრი იფიქრა, თუმცა საბოლოოდ მაინც ეს გადაწყვეტილება მიიღო.
"ჩემი აქტიურ კრიტიკაზე წასვლა პრეზიდენტის და მთავრობის არ იყო ადვილი გადაწყვეტილება, ზოგადად გეოპოლიტიკის გამო. მე ხო არ ვარ ვიღაც, მე ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი ფიგურა ვარ უზარმაზარ რეგიონში. გეოპოლიტიკის ფაქტორი თამაშობს, მათ შორის არ დავაზიანოთ საქართველოს ფაქტორი, რუსეთი რამით არ ვასიამოვნოთ. მაგრამ არის სიტუაცია, როცა რაღაც უნდა გაბედო. როცა სიმართლის ართქმა თავისთავად დიდი შეცდომაა," – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი
"ეს იყო ყველაზე დიდი აფიორა, რაც კი ჩატარდა საქართველოში", – ასე აფასებს მიხეილ სააკაშვილი 8 ოქტომბერს არჩევნებს.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა გაყალბების ყველა ტექნოლოგია გამოიყენა და განსაკუთრებულად ზუგდიდში სანდრა რულოვსის წინააღმდეგ იაქტიურა.
„ციფრები, რომელიც დაფიქსირდა, ყველამ იცის, რომ არ ასახავს რეალობას. ამ ციფრებს არ ვთვლი არაფრად იმიტომ, რომ ეს არის ყალბი. რატომ არ ზეიმობენ ქოცები გამარჯვებას? იმიტომ, რომ ყველამ იცის, რაც მოხდა და როგორც გაყალბდა. ეს იყო ყველაზე დიდი აფიორა, რაც კი ჩატარდა საქართველოში,“ – განაცხადა სააკაშვილმა, რომელსაც მიაჩნია, რომ გაყალბებული არჩევნები ნაციონალურმა მოძრაობამ „დედის რძესავით შეირგო“.
„ივანიშვილმა პირდაპირ თავხედურად გააყალბა ზუგდიდში არჩევნები. სულ რომ ყირაზე დამდგარიყო ზუგდიდი, სანდრა მაინც არ წააგებდა და ეს ყველამ იცოდა,“ – აცხადებს სააკაშვილი.
მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმების დასაცავად არ ემზადებოდა და სწორედ ამიტომ ვერ მოხდა არჩევნებზე არსებული დარღვევების გამოვლენა და დაფიქსირება. მეტიც, სააკაშვილი ამბობს, რომ პარტიას საერთაშორისო საზოგადოებასთან სათანადოდ არ უმუშავია.
ამ კონტექსტში მან 2003 წლის რევოლუციის პერიოდი გაიხსნა და აღნიშნა, რომ მაშინ ნაციონალურმა მოძრაობამ და მათმა წარმომადგენლებმა ყველა დარღვევა გამოავლინეს, დააფიქსირეს, მიაწოდეს საერთაშორისო საზოგადოებას და არ დაიხიეს უკან.
"ახლა ამბობენ, ყველა ამერიკელები გვეუბნებიან, არჩევნები აღიარეთო და რა, ჩვენ არ გვეუბნებოდნენ? რიჩარდ მაილსმა ჯორბენაძესთან რამდენიმე შეხვედრა მომიწყო და თქვეს, რომ არ გვინდა არეულობაო. ჯერ ხო ასე იყო შედეგები, – პირველზე შევარდნაძე, მეორე იყო აბაშიძე და მერე ჩვენ. მერე ამბობდნენ, რომ მეორეზე გადაგიყვანთ, არ გვინდა არეულობაო. მე მაშინ დავურეკე თეთრ სახლში ჩემს მეგობრებს და ვკითხე, რას აკეთებს თქვენი ელჩი მეთქი. მიხვდნენ მერე, რომ ჩვენ უკან არ დავიხევდით. ჩვენ მივაწოდეთ მათ ყველა დარღვევის შესახებ დეტალური ინფორმაცია, ვიმუშავეთ მათთან კარგად და მივიღეთ შედეგი. ვინ გითხრათ, რომ უცხოელები იბრძვიან შენი უფლებებისთვის, თუ შენ არ იბრძვი მაშინ, როცა იქ სირიაა, მიგრანტებია, ფინანსური კრიზისია. როგორც დავფიქსირდით მსოფლიო რუკაზე, ისევე გავქრებით," – აღნიშნა სააკაშვილმა.
სააკაშვილი აცხადებს, რომ ის რომ ყოფილიყო, საქართველოში პარტიას ხმების დასაცავად მოამზადებდა. მან ისაუბრა უკრაინაში ჩასული პარტიის ლიდერებისგან მიღებული პირობის დეტალებზე.
„აქ რომ იყვნენ რამდენჯერმე ჩამოსულები, მათ თქვეს, რომ ჩვენ ვაგებთ პასუხს საარჩევნო კამპანიაზე. ეს იყო მთელი ლაპარაკი. როცა ადამიანი იტყვის, მე ვაგებ პასუხს, მან უნდა აგოს პასუხი,“ – განაცხადა სააკაშვილმა, თუმცა კონკრეტული გვარები, ვის სთხოვს პასუხისგებას, მას არ დაუკონკრეტებია.
მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ ბიძინა ივანიშვილი მომავალ არჩევნებსაც გააყალბებს და ნაციონალური მოძრაობა ამას შეგუებულია, თუმცა თავად სააკაშვილი ამასთან შეგუებას არ აპირებს.„მე არ ვარ მზად, რომ თავი მოვიტყუო. ივანიშვილი ამბობს, რომ ათწლიანი ციკლია, ნიშნავს რომ მომავალშიც გააყალბებს. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვაწერთ ხელს, რომ მომავალშიც გავფარჩაკდებით. მე არ ვაწერ ხელს დამარცხებაზე,“ – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
სააკაშვილი აცხადებს. რომ ახლა საქართველოში საზოგადოებრივი აზრის გაჯანსაღების პროცესი მიმდინარეობს და, აქედან გამომდინარე, აუცილებელია ახალი პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბებაც. მისი თქმით, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ყველაზე მეტად პროგრესული, განათლებული, მშრომელი და მოაზროვნე ადამიანები უჭერენ მხარს და მათზე გაბრაზება არასწორია.
"ვიღაცა გაგაკრიტიკებს, ვიღაცა რაღაცას იტყვის, მაგრამ შენ ხალხს არ უნდა გაებუტო. საქართველოში საზოგადოებრივი აზრის გაჯანსაღების პროცესი მიდის. ივანიშვილმა ვერ შეძლო სიძულვილის ტალღის შექმნა. ამიტომ საუბარი იმაზე, რომ ქართულ საზოგადოებას მაინც არაფერი გამოასწორებს, საშინელი ხალხია, ამას თუ ამბობ, მაშინ არაფერი არ გესმის და უნდა წახვიდე პოლიტიკიდან. ქართველი ხალხი ძალიან ჯანსაღ ტალღაზე მიდის. ქართულ პოლიტიკაში ახალი ტალღა უნდა მოვიდეს. ჩვენებიც უკვე დაიღალნენ. ადამიანი, რომელიც კაბინეტში იჯდა და კარგი საქმე აკეთა თუნდაც, ეტყობა, შემდეგ დაღლა. ჩვენმა მხარდამჭერებმა საოცარი წლები გამოიარა, დაიჭირეს, ბრალი წაუყენეს, დაკითხეს, მაგრამ მათ ეს გადაიტანეს. არასწორი იქნებოდა, რომ იმათზეც გაბრაზებულიყვნენ, ვინც ივანიშვილს მისცა ხმა," – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
სააკაშვილი ენმ-ის წევრების წინასაარჩევნო განცხადებებს და ამომრჩევლებთან მიმართებაში მათ დამოკიდებულებას აკრიტიკებს.
„ამომრჩეველი მზითვებში არავის მოჰყვება, ამომრჩევლისთვის მუდმივად სჭირდება ბრძოლა. როცა ამბობ, რომ ესენი ისედაც მოგვცემდნენ ხმას, ასე არ არის. ტყუილად არავინ მოგცემს ხმას. მითუმეტეს ვიწრო ჯგუფის და ერთი-ორი ახირებული ჯგუფის კუთვნილება ამომრჩეველი არ არის,“ – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი. ამასთან არ უარყოფს , რომ წინასაარჩევნოდ მისი შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით ,,რეალური’’ შიშები გაჩენილიყო და ამბობს, რომ საქართველოში მართლაც რაღაც ნაწილს შეეშინდა, რომ ის დაბრუნდებოდა საქართველოში.
მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ უახლოეს პერიოდში არ გეგმავს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შიდაპარტიულ საქმიანობაში ჩარევას, "მე საერთოდ აგერ ვარ. მე არ ვაპირებ უახლოეს პერიოდში ნამდვილად რაღაც აქტიურად ჩავერთო გადაწყვეტილებების მიღებას პარტიის შიგნით, ეს არ არის ჩემი ფუნქცია. მაგრამ ძალიან მაწუხებს ამ გაერთიანების ბედი. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ მხარდაჭერებს ბევრად უფრო უხარიათ, რასაც მივაღწიეთ, ვიდრე თვითგამოცხადებული ლიდერების ჯგუფი.
"მე მგონი, მათ არ სჯერათ, რომ ჩვენ რამეს მივაღწიეთ. ცოცხები იყო ტყუილი, ჩემზე რასაც ყვებოდნენ, იყო სრული სისულელე. გვეუხერხულებოდა ჩვენ წარმატებაზე საუბარი, ,,ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ამაზე არ გველაპარაკა, ცუდი ტონიაო’’– ასეთი იყო ამაზე პასუხი. ივანიშვილს რამე უკეთესი რომ გაეკეთებინა, წარსულზე აღარ უნდა გვესაუბრა. მაგრამ გვეკითხა ხალხისთვის, 2016 წელს უკეთ ცხოვრობს საქართველო თუ 2012-ში, ყველა გეტყოდა, რომ არა. ბოლოს მივიღეთ სურათი, სადაც მმართველი გუნდი ლანძღავდა ოპოზიციას და ოპოზიცია ლაპარაკობდა 45 000 სამუშაო ადგილზე. იმის მაგივრად, რომ გვესაუბრა, თუ როგორ გააბანძეს ყველაფერი, როგორ გააჩერეს ქვეყანა. ჩვენ ძალიან კომპეტენტური ადამიანები გვყავს. სიმართლე უნდა ითქვას, სიყალბით ვერ მოიგებ," – აცხადებს სააკაშვილი.
მიხეილ სააკაშვილი ენმ-ში არსებულ ვითარებიდან გამოსავალს დემოკრატიაში ხედავს და ამბობს, რომ „ჭირი ვეღარ დაიმალება“.იგი პარტიაში თავმჯდომარეობის შესახებ მიმდინარე საუბრებსაც გამოეხმაურა და პარტიის ლიდერებს ურჩია, აზრი ენმ-ის რიგით წევრებსაც ჰკითხონ. „თავმჯდომარის ფუნქციები ნაციონალური მოძრაობაში არის ძალიან ბუნდოვანი. რას იყოფენ, ვერ გავიგე, რა გვაქვს გასაყოფი. ჯერ ერთი, არ ვარ თავმჯდომარე. უბრალოდ, არც ერთი საბაბი არ უნდა იყოს გამოყენებული იმისთვის, რომ ხალხი გააღიზიანო. უნდა ჰკითხონ ყველაფერი ხალხს. ახლა გამოსავალი ამ სიტუაციიდან არის მეტი დემოკრატია. ახლა ვიწრო ჯგუფი ჩაიკეტა და ამბობს, ჩვენ ყველაზე მაგრები ვართ და მაგათ არაფერი იციან, ეგრე არ გამოვა. მე ამ ხალხს ვუყვავებდი, რომ ახლა არაა დრო რყევის, ჭირი ვეღარ დაიმალება,“ – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი გიგი უგულავას დაკავების ფაქტს იხსენებს და მასთან საფრანგეთში შეხვედრის დეტალებს ყვება. ,,მე იგი მაისში გავაფრთხილე, რომ საქართველოში ჩასვლისთანავე დააკავებდნენ, თუმცა უგულავა დარწმუნებული იყო, რომ წლის ბოლომდე მას არავინ შეეხებოდა. გიგი სრულიად უსამართლოდ ზის საკანში ისე, როგორც სხვა ჩვენი პატიმრები. მე მას ვუსურვებ ჩქარ გათავისუფლებას“ – განაცხადა მან.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამბობს, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ვარაუდობდა, რომ ნაციონალური მოძრაობა არჩევნებში დამარცხდებოდა. აქვე სააკაშვილი აცხადებს, რომ ხალხის სურვილი იყო, მომხდარიყო ქვეყანაში ცვლილება და ეს ასეც მოხდა. "2012 წელს გადავაბარეთ არა იმიტომ, რომ სუსტები ვიყავით, არამედ იმიტომ, რომ იყო ქართველი ხალხის ნება, რომ უნდა ყოფილიყო ცვლილება. თორემ რა უნდოდა, ყველაფრის გამოყენება შეიძლებოდა. რა სისულელეა, რომ ამბობენ, რომ სააკაშვილს ხალხის შეეშინდაო. ძალიან ძლიერები ვიყავით, ბევრად მეტი ბერკეტები გვქონდა, ვიდრე ივანიშვილს და ბევრად მეტი საერთაშორისო მხარდაჭერაც, მაგრამ ზუსტად ვიცოდი, რომ არჩევნებში ქართველი ხალხის ნება იყო გამოხატული. 2-3 თვით ადრე ჩემს ვიწრო წრეში ვამბობდი,არჩევნები ალბათ წაგებულია–მეთქი. ზუსტად ასევე მოუხდება ივანიშვილს წასვლა იმიტომ, რომ ასეთი იქნება ქართველი ხალხის ნება, მაგრამ ამ ნებას გამოხატულება სჭირდება პოლიტიკური პარტიის ლიდერებში," – აცხადებს სააკაშვილი.
მიხეილ სააკაშვილი გადაწყვეტილებების მიღებას ენმ-ის პარტიის ყრილობაზე ურჩევს. ,,მე არასდროს ვყოფილვარ ერთპიროვნული მმართველი. არასდროს მიმიღია ერთპიროვნული გადაწყვეტილება. პრეზიდენტის კაბინეტში იყო მრავალსაათიანი კამათები, ბევრჯერ შემოუბრუნებიათ ჩემთვის სიტყვა, ხმა აუმაღლებიათ, უჩხუბიათ, უსიამოვნო სიტყვებიც უთქვამთ, ამ ყველაფრის შემდეგ მიგვიღია გადაწყვეტილებები. მე არასდროს ვყოფილვარ ერთპიროვნული მმართველი და ვერც ვიქნები იმიტომ, რომ არ არის ეს ჩემი ბუნება. სამი-ოთხი თვითგამოცხადებული ადამიანის განცხადება, რომ ჩვენ ვართ პარტიაო. მე არ მითქვამს არასდროს, რომ მე ვარ პარტია. მათ რა უფლება აქვთ, რომ ასე აცხადებენ,“ – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი. იგი არ მალავს, რომ განაწყენებულიაპარტიის რამდენიმე ლიდერზე და ამ ხალხთან ვერ მოხდება პოზიციებისთანხვედრა თუმცა კონკრეტულ გვარებს არ ასახელებს.
მიხეილ სააკაშვილი უარყოფს თავის მონაწილეობას სანდრა რულოვსის გადაწყვეტილებაში პარლამენტში შესვლასა და მეორე ტურში მონაწილეობაზე უარის თქმის შესახებ..„ეს არის მისი გადაწყვეტილება, ძალიან დამოუკიდებელი და ძალიან ჯიუტი ხასიათი აქვს. მან თქვა, რომ პარლამენტში აზრი არა აქვს ასეთი შემადგენლობით და ასეთ ჯგუფით შესვლას. დრო აჩვენებს, მართალი იყო თუ არა. მე ვფიქრობ, რომ მართალი იყო,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ მომდევნო რამდენიმე თვე მსოფლიოსთვის და მათ შორის საქართველოსთვის საფრთხილო პერიოდი იქნება. ამის მიზეზი ამერიკაში მთავრობის ცვლილებაა.
"მას ( ტრამპს) მოსწონს წარმატება. საქართველომ იმიტომ მიიზიდა, რომ წარმატებული ქვეყანა იყო. 2012-ში , ბათუმში ყოფნისას მან თქვა, ,,უიშვიათესია ამ მშენებლობების ტემპი, რაც თქვენ გაქვთო’’. მას უყვარს წარმატება. ახლა? ან საქართველო ან უკრაინა ასხივებს წარმატებას? ლუზერები არავის უყვარს, ტრამპს – მით უმეტეს, იმიტომ, რომ ასეთი ფსიქოლოგიის ადამიანია. ჩვენთვის კიდევ კარგი ვარიანტი იქნება, თუ ამერიკის პრობლემებით დაკავდება. ახლა პუტინს ბევრი უბედურობის ჩადენა შეუძლია, სანამ ისინი აზრზე მოვლენ, იმიტომ, რომ ახლა ძალიან რადიკალური გადასვლაა ამერიკაში და შეიძლება, რამდენიმე თვე არავინ გამოიხედოს ამ რეგიონისკენ. ახლა ევროპელი გავლენიანი პოლიტიკოსების ნაწილი შეიძლება რუსეთთან საოცრად ბინძურ გარიგებებზეც კი წავიდეს, რადგან მათი თვალსაზრისით, ამერიკა ხელიდან წავიდა და რუსეთია ახლოს.. ახლა ყველას სიფრთხილე მართებს" – აცხადებს სააკაშვილი.
მიხეილ სააკაშვილი რუსთავი 2-ს "ქვეყანაში დარჩენილ ბოლო ინსტიტუტს" უწოდებს იმ პირობებში, როცა სხვა ყველა ინსტიტუტი ჩამოიშალა.„თქვენ ხართ ბოლო ინსტიტუტი, რომელიც მუშაობს საქართველოში, სხვა ყველა ინსტიტუტი ჩამოიშალა. არჩევნების ინსტიტუტი გაუქმდა, პარლამენტის ინსტიტუტი უქმდება, საკონსტიტუციო სასმართლო გაუქმდა. ნამდვილად არ მშურს, ისეთი წნეხის ქვეშ ხართ თქვენ, მაგრამ მეორეს მხრივ თქვენ ხართ ხალხის ერთადერთი იმედი,“ – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.