ხადას ხეობაში მოკლული რაიან სმიტის დედა ლინ სმიტი მისი შვილის, რძლისა და 4 წლის შვილიშვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებულ მწყემსს, მალხაზ კობაურს ამერიკის შეერთებული შტატებიდან გამოგზავნილ წერილში ჩადენილ დანაშაულს პატიობს.
წერილი, რომელიც ლინ სმიტმა მალხაზ კობაურს 2018 წლის 1-ელ ოქტომბერს გაუგზავნა და მსჯავრდებულმა რამდენიმე დღის წინ მიიღო, სააგენტო „ინტერპრესნიუსმა“ მოიპოვა.
მოკლული რაიან სმიტის დედა ექვსგვერდიან წერილში მსჯავრდებულ მწყემსს მიმართავს და ამბობს, რომ მას და მის მეუღლეს არ სურთ „მიუტევლობის, სიმწარის, ზიზღის ან ბოროტების მარწუხებში ცხოვრება“, რის გამოც კობაურისთვის დანაშაულის მიტევების გადაწყვეტილება მიიღეს.
თუმცა, ლინ სმიტი წერილში ასევე აღნიშნავს, რომ მოკლულთა ოჯახის სურვილია, მალხაზ კობაურმა საპყრობილეში 30 წელი გაატაროს ან იქ სამუდამოდ დარჩეს, რათა მისგან საფრთხე სხვა ადამიანებსაც არ შეექმნათ.
გარდა ამისა, რაიან სმიტის დედა მსჯავრდებულ მწყემსს ლოცვისკენ მოუწოდებს და ურჩევს, ღმერთს შენდობა სთხოვოს.
2018 წლის 7 ივლისს დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხადის ხეობაში საქართველოსა და აშშ-ის ორმაგი მოქალაქე ცოლ-ქმარი 1975 და 1976 წელს დაბადებული რაიან სმითი და მისი მეუღლე ლორა დაღუპული იპოვეს. მოგვიანებით იპოვეს მათი 4 წლის ბავშვის ცხედარიც. მათი მკვლელობის ბრალდებით 19 წლის მწყემსი მალხაზ კობაური დააკავეს. მას 2018 წლის 11 ივლისს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. 2019 წლის 27 მარტს კი მალხაზ კობაურს უვადო პატიმრობა მიესაჯა.