ცესკო-ს განცხადება არჩევნებთან დაკავშირებით

0
420
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავჯდომარემ თამარ ჟვანიამ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა და ამომრჩევლებს ინფორმაცია მიაწოდა.
 
თამარ ჟვანიას განცხადებით, ხვალ, ამომრჩეველს შესაძლებლობა ექნება, აირჩიოს პარლამენტის 150 დეპუტატი, აქედან 77 პროპორციული საარჩევნო სისტემის, 73 მაჟორიტარული სარჩევნო სისტემის საფუძველზე. ამომრჩეველმა არჩევანი 25 საარჩევნო სუბიექტს, 19 პარტიას და 6 ბლოკს შორის უნდა გააკეთოს. ასევე, არჩვანი უნდა გააკეთოს ამ სუბიექტებისა და საინიციატივო ჯგუფების მიერ მაჟორიტარ კანდიდატებს შორის.შექმნილია 3645 საარჩევნო უბანი, აქედან 11 გამონაკლის შემთხვევაში. 40 ქვეყანაში 55 საარჩევნო უბანიანია. ყველა უბანი სრულ მზადყოფნაშია არჩევნების ჩასატარებლად.
 
5 ოქტომბერს უკვე გაიმართა არჩევნები ავღანეთში გახსნილ 2 საარჩევნო უბანზე ქართველი სამხედრო მოსამსახურეებისთვის, რომლის შედეგებიც 8 ოქტომბერს დაითვლება.
 
ცესკო-ს თავჯდომარის ინფორმაციით, არჩევნებს დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 42 092 წარმომადგენელი, ისინი რეგისტრირებული არიან როგორც ოლქებში, ისე ცესკო-ში. ასევე, საუბნო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები, 111 ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია, 91 ცესკო-ში რეგისტრირებული,  20 საარჩევნო ოლქებში, ამასთან ადგილობრივი ორგანიზაციების 29 931 ადგილობრივი დამკვირვებელი, 55 საერთაშორისო ორგანიზაციის 1440 დამკვირვებელი, და საარჩევნო პროცესს გააშუქებს უპრეცედენტო რაოდენობა, 184 მედია ორგანიზაციის 5 368 წარმომადგენელი.
 
როგორც თამარ ჟვანიამ აღნიშნა, დილის 8:00 საათზე ყველა საარჩევნო უბანი მზად იქნება ამომრჩეველთა მისაღებად. საარჩევნო ოლქებს უკვე გადაეცათ ბიულეტენები, ოქმები და შესაბამისი საარჩევნო დოკუმენტაციისა და მასალის უბნებზე გადაცემის პროცესიც დღეს სრულდება.
 
“საარჩევნო უბნები აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით, თითოეული უბნის წევრს გავლილი აქვს ტრენინგები და ისინი მზად არიან არჩევნების ჩასატარებლად”, – აღნიშნა თამარ ჟვანიამ.
 
ამასთან, თამარ ჟვანიას თქმით, ყველა საარჩევნო უბანზე მცირემხედველი ამომრჩევლისთვის ხელმისაწვდომი იქნება ორი გამადიდებელი ლინზა, ხოლო უსინათლო ამომრჩევლებისთვის, ბიულეტენის შესავსები სპეციალური ჩარჩო ფორმა.
 
ფიზიკური შეზღუდვის მქონე ამომრჩევლისთვის ადაპტირებულია 1115 საარჩევნო უბანი, რომლებიც ასევე აღჭურვილია სპეციალური ხმის მიმცემი კაბინეტით.
 
ცესკო-ს ინფორმაციით, ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 მილიონ 513 ათას 884 ამომრჩეველია.
 
“საკუთარი და ოჯახის წევრების მონაცემების გადამოწმების გამარტივების მიზნით, ცესკო-მ  ამომრჩეველს არაერთი ინოვაციური სერვისი შესთავაზა და აღსანიშნავია, რომ ამ სერვისებით მილიონამდე ამომრჩეველმა ისარგებლა”, – განაცხადა ცესკო-ს თავჯდომარემ.
 
ამასთან, ჟვანიას განცხადებით,  8 ოქტომბერს აჭარის 6 საარჩევნო ოლქში პარლამენტის არჩევნებთან ერთად ტარდება აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები. ამავე დღეს საქართველოს სხვადასხვა საარჩევნო ოლქში ასევე ტარდება საკრებულოს შუალედური და მერის გამგებლის რიგგარეშე არჩევნებიც.
 
საკრებულოს შუალედური არჩევნები ჩატარდება თბილისის, წალკის, ჭიათურის, აბაშისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების შესაბამის ადგილობრივ საარჩევნო ოლქებში.
 
ხოლო რიგგარეშე არჩევნები ტარდება თვითმმართველი ქალაქის, ახალციხის მერისა და თვითმმართველი თემების ბოლნისის, ხარაგაულის, ჭიათურის, ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების გამგებლების ასარჩევად.
 
ამასთან,ჟვანია ამომრჩეველს შეახსენებს, რომ  საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, კენჭისყრის დღეს აგიტაცია იკრძალება, კენჭისყრის შენობაში.
 
“მოვუწოდებთ, როგორც ამომრჩეველს, ისე საარჩევნო უბანზე მყოფ უფლებამოსილ პირებს, თავი შეიკავონ აგიტაციისგან კენჭისყრის შენობაში, მოერიდონ პოლიტიკური სუბიექტების სარეკლამო, სააგიტაციო ატრიბუტიკით გამოცხადებას უბანზე.
 
აღნიშნული ქმედება შეიძლება გახდეს ფულადი ჯარიმის საფუძველი”, – აღნიშნა თამარ ჟვანიამ.
წინა სტატია“თავისუფალი დემოკრატების” მაჟორიტარობის კანდიდატის ირაკლი ჩიქოვანის მიმართვა ზუგდიდელებს.(video)
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებასთან დაკავშრებით
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური