მთავარისიახლეებისაზოგადოებაროგორ ემუქრებოდნენ მეგრელები ქარების მბრძანებელს თავზე ქალის ნიფხვის ჩამოცმით

როგორ ემუქრებოდნენ მეგრელები ქარების მბრძანებელს თავზე ქალის ნიფხვის ჩამოცმით

Published on

ნონა ქობალიას ბლოგი ,,მთვარის მოზაიკა’

12-15 აგვისტოს სინოპტიკოსები კოლხეთის დაბლობსი ძლიერ ქარს ვარაუდობენ. წინამდებარე  ბლოგი სწორედ ქარსა და მექარეს ეძღვნება.

მეგრელებსა და   ლაზებს ქარის  სტიქიის, ქარების მბრძანებლის ( მექარე, მექარეში, ბორია ღორონთი) მიმართ სრულიად განსაკუთრებული (კრძალულება და შეუპოვრობა ერთდროულად) ჰქონდათ.  შიშის მიზეზი იყო ის, რომ  მის დანდობაზე და წყალობაზე იყო დამოკიდებული მოსავლის ბედი და სიმშვიდე ნავსა და ჯარგვალში. შეუპოვრობისა – სიმშვიდის დაცვა  ნავსა და ჯარგვალში.

ქარის მიმართ განსაკუთრებული კრძალვა ჩანს თუნდაც ფორმულაში ,,ჯაქუაბორიას!’’ ( ხეს, ქვას და ქარს! – ქართული შესატყვისია ,,მტრისას’’), რომლის თანახმად, ქარი ისევე შეუსმინარია,  როგორც ქვა და ხე და ძნელად ემორჩილება მოხვეწის, მლოცველის ლოცვა-ვედრებას, ამასთან  ქარს მიაქვს ყველა სიავეც ( თუკი კეთილად განაწყვე ან მით უმეტეს, დაიმორჩილე).  

კოლხურ ეკერეცხში ანუ კალენდარში ქარის პატივგებისთვის საგანგებო დღეც იყო გამოყოფილი – 6 მაისი ( ძვ, სტილით), რომელსაც ბორიამო დღას, მექარობა დღეს ეძახდნენ. ამ დღეს სრულდებოდა ,,ბორიაშ დუდო ხვამა’’ – (მთავარი ლოცვა ქარისთვის) 

მნათობების მოძრაობასა და ატმოსფერულ ცვლილებებში მენცარული, მერცხულური განბრძნობის  წყალობით თუ ცხოვრებისეული დაკვირვებით ჩახედულ მეგრელებს ეს დღე შეთხვევით არ შეურჩევიათ -ისინი თვლიდნენ, რომ  ამ დღეს მექარე ღმერთი აუცილებლად შეახსენებდა თავს ადამიანებს ან   მძლავრი გრიგალის, ზღვაურისა  და მისი თანმხლები შტორმის სახით, ან თუნდაც  დამნდობი, ზოგჯერ სასიამოვნო ქარის, მსუბუქი ბრიზის სახით, რასაც   ნოესობის წვიმასაც ( ან საწვიმარ ღრუბლებს – მაჭვიმერ ფომფიეფს ) მოაყოლებდა ხოლმე. 

 ბორიაშ ხვამა – ქარის ლოცვა სრულდებოდა სხვა დღეებშიც, როცა ზღვაზე თუ ხმელეთზე  ქარი მძლავრობდა,  მაშინაც, როცა  ჯეჯილი ამოდიოდა და მაშინაც, როცა ყანა მწიფდა. იმისთვის, რომ ქარს გაზაფხულზე – ჯეჯილი, შემოდომაზე კი  ყანა არ ჩაეწვინა და    შემოული ღომისა და სხვა ნათესების მარცვლები არ დაეფანტა.  

ქარის ლოცვა აღევლინებოდა დამტვერვის პერიოდშიც, რადგან სწორედ იგი  ახდენდა  ბუნებრივ დამტვერვას. დამტვერვის პერიოდში აღვლენილი ლოცვის ობიექტს – ქარს  კონკრეტული სახელი ჰქონდა – ბორია მაჩიჩალი, ბორია ჩიჩა ( დაახლოებით – მჩინჩლავი ქარი), ამ სახელში ერთდროულად  გვქონდა  მოცემული ქარის ფუნქცია ( ჩიჩუა – ჩინჩვლა ) და ქარის სახე ( ჩიჩა  –  თმაგაწეწილი ქარი).  ბორიაზე შესახელებული საწირი    უსათუოდ ხის გობზე ( ოხვამერ ჯაშ ნისორი) უნდა დაწყობილიყო და  არავითარ შემთხვევაში, მაგალითად თიხის კეცზე, თიხის ლანგარზე  ( სხვა ლოცვებისგან განსხვავებით), რადგან ხე, ერთის მხრივ, ქართან ბრძოლის, ქარისადმი წინააღმდეგობის სიმბოლო იყო, მეორე მხრივ კი, მისი სიმძლავრის, ძლიერების, საერთოდ არსებობის მაჩვენებელი ანუ მისი უშუალო  მაცნე.თუ ზედმიწევნით იცავდნენ ტრადიციას -გობი ნაძვისგან უნდა ყოფილიყო გამოთლილი ( ნუზუშ ნისორი, ნიშ ნისორი). 

ის, რომ ტაბლა უსათუოდ ნაძვისა და საზოგადოდ ხისა უნდა ყოფილიყო, სავარაუდოდ, უკავშირდება იმას, რომ სწორედ ნაძვის ხეშია  გამოღებული ნავი ( მეგრულად – ნიში)  რომელიც იოლად არ ემორჩილება ზღვის ქარებს,  ქართან მებრძოლია ღია ზღვაში და იცავს მენიშოლს – მენავეს, ნაოსანს, მეთევზეს ღია ზღვაში.  როგორ ხდება, რომ ქარის ღმერთისადმი ვედრებისას მას ამ გობითვე  უგზავნიან შეფარულ მუქარას და მიანიშნებენ შესაძლო დაუმორჩილებლობაზე, ეს ალბათ ერთადერთი ლოცვაა, რომელშიც ვლინდება  ორგვარი,  წინააღმდეგობრივი  დამოკიდებულება ვედრების ობიექტისადმი . საერთოდ, ქარებთან დაკავშირებულ ყველა რიტუალში გვაქვს მეტნაკლებად არის ქარისადმი შეუპოვრობისა და მუქარის, პირდაპირი შებრძოლების და თვით  აბუჩად აგდების ელემენტებიც კი, მაგრამ ამაზე ქვემოთ, ახლა კი დავუბრუნდეთ ბორიაშ ხვამას.  მლოცველი ( მახვამერი) ბორიაშ ხვამასთვის განკუთვნილ  ტაბლას ოხვამერ ნისორს (სალოცავ გობს),  ყანაში გაიტანდა და ყანის დანდობას, ხელშეწყობას  შესთხოვდა. მნიშვნელოვანია, რომ იგი იქვე იბლიშ წკირს – იელის ჩხირს (ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ იბლიშ ჯვარს – იელის ჯვარსაც  დაასობდა.

ჯერ ერთი, იბლი, იელი ელიას – ამინდის (და კონკრეტულად ქარის სტიქიისაც)  გამგებლის რიტუალური  სიმბოლო იყო, და მეორეც – ამაში ვლინდებოდა  ხის, როგორც ქართან მებრძოლის,  ფუქნცია და შეფარული თუ გამჭვირვალე მუქარა, რომელზეც ზემოთ ვილაპარაკეთ.    ასეთი იყო ქარის შეკვრის რიტუალებიც – ბორიაშ ხართუა, კუჩხიშ გითოღალა ( ქარის შეკვრა, ფეხის გამოღება). მთისა და ბარის მეგრელი, მით უფრო, თუ საქონელი ავდარსა და ქარიშხალსი  გარეთ ჰყავდა დარჩენილი,  ჯორკოს (კველას) აიღებდა, ბაწარს ( ჭაპუს) შემოახლართავდა ფეხებზე  და მექარე ღმერთს, ქარების მბრძანებელს  შეევედრებოდა -ასე შეკარი შენი გამოგზავნილი ქარი, რომ ხეტიალს შეეშვას და თავის სამყოფლოს დაუბრუნდესო. ( უნდა ითქვას, რომ მსგავსი რიტუალი სრულდებოდა მგლის, საერთოდ,  ნადირის კრიჭის შესაკრავადაც და ავი განზრახვის მქონე გალენიშების განსაფრთხობადაც  ასეთ სიტუაციებში, მაგრამ ეს უკვე სხვა თემაა).

 რაკი გალენიშებს შევეხეთ, ქარისათვის  განკუთვნილ ძველ მეგრულ რიტუალებს შორის არის ერთი ფრიად უცნაური, ღიმილისმომგვრელი ( მაგრამ არა მარტივი!)  რიტუალიც:  ქარის განსაფრთხობად ლაკადის სოფლებში (შესაძლოა სხვაგანაც), წინკარში გარდაცვლილის ნიფხავს გაფენდნენ. ეთნოგრაფ ალიო ქობალიას განმარტებით, ეს   იყო ორ სტიქიას, ორ ღვთაებას შორის – ქარების მბრძანებელსა და მიცვალებულ  სულთა მბრძანებელ ძალას, გალენიშ ორთას შორის ომის   პროვოცირება, რაც ქარის ჩაქვესკნელებით, პარალელურ სამყაროში, თუ გნებავთ, მოუსავლეთში გაგზავნით  მთავრდებოდა. სახელდობრ, ნიფხვის, საწმერთულის  გაფენაში კი  იდო მეგრელის დამცინავი დამოკიდებულება ქარისადმი ( გალენიშ ორთა ოსურიშ კურთას ქიგგორთვანს დუს – გალენიში ნიფხავს ჩამოგაცმევს თავზე)’’.

 ქარის ასალაგმად  ზღვისპირ მოსახლე მეგრელები ძაფით შეკრავდნენ ხისგან გამოთლილ ბუტაფორიულ მაკრატელს და ზღვაში გადაისროდნენ, რათა, დაუძირავი ხის მაკრატლის ტივტივზე  ქარბორბალას ხსომებოდა რომ იყო სხვა ძალაც, რომელიც, თუ არ ჩადგებოდა, ფრთებს შეაკვეცდა.  

ზღვიდან დაშორებული ხმელეთის მეგრელები ხის მაკრატელს ჯარგვლის წინკარში (აბარწაზე) ან  გადმოხურულზე ( მაქუდორზე) დაკიდებდნენ ბაწრით, რომ   ქარი ფრთების დაჭრის შიშით უკანვე გადახვეწილიყო:  სოლე მორთინ, თევრე ფეუ! (დიახ,  ფეუ და არა მეუ, ფეუში  უკან გაფრენა- გადახვეწის, ფურთხის გაგებაც იდო).

 რაც შეეხება ლაზ-მეგრელ ზღაოსნებს და მეთევზეებს, მათი ბრძოლა ქართან სრულიად გასაკუთრებულ სიმაღლეზე იყო ასული. ასეთი იყო ზღვიდან ამდგარი ქარისთვის ფეხის გამოჭრის რიტუალი, რომელიც ალიო ქობალიას ჩაწერილი აქვს ოჩამჩირელი ლაზებისაგან.  უხუცესი მეთევზე, ნაოსანი პერანგისამარა დადგებოდა აბობოქრებული ზღვის წინაშე და სიმბოლურად დანას გაუსვამდა და გამოუსვამდა, ფეხქვეშ გაუტარებდა ზღვიდან ამდგარ ქარბორბალას  – ფეხგამოჭრილი ქარბორბალა ზღვის ზედაპირზე თავს ვეღარ დაიჭერდა და ზღვის უფსკრულში დაინთქმებოდა.

აფხაზეთი ახლა ახლოსაა, მაგრამ შორს, თუმცაეს რიტუალი ძალიან დამშვენდებოდა ანაკლიას, როგორც წარსულთან მიახლოების შესაძლებლობა, აი, ღიმილიანი თუ სერიოზული, თქვენზეა დამოკიდებული.

სიახლეები

კურსკის ოლქში ქართველი მებრძოლი ჯაბა კვარაცხელია დაიღუპა

კურსკის ოლქში კიდევ ერთი ქართველი, "თავისუფალი საქართველოს" მეთაური ჯაბა კვარაცხელია დაიღუპა. მისი უკრაინელი თანამებრძოლების...

“ახალი არჩევნების ჩატარების გარდა ამ სიტუაციიდან სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ” – იუკნევიჩიენე

"სანქციები, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არაა ერთადერთი, რაც ახლა უნდა გავაკეთოთ. დღევანდელი...

“ვნახოთ, სად გააგრძელებს [სალომე ზურაბიშვილი] ცხოვრებას, გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ…”- კობახიძე

"ვნახოთ, სად გააგრძელებს ცხოვრებას, გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ," - ამის შესახებ "ქართული...

“საქართველოს ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენს შეშფოთებას ადასტურებს ეუთო/ოდირი თავის საბოლოო დასკვნაში” – ნორვეგიის საგარეო მინისტრი

"საქართველოს ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენს შეშფოთებას ადასტურებს ეუთო/ოდირი თავის საბოლოო დასკვნაში. როდესაც არჩევნები ხარვეზიანია, დემოკრატიას...