,,პრეზიდენტ ხაჯიმბასა და მისი გარემოცვის განცხადებები 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით მიზანმიმართულად ახდენს მოქალაქეთა მასობრივი პროტესტის ახალი ტალღის პროვოცირებას, რის შედეგადაც სიტუაციამ შესაძლოა უკიდურესად საშიში განვითარება მიიღოს – ნათქვამია რეზოლუციაში, რომელიც მიღებულ იქნა აფხაზეთის ყველაზე გავლენიანი ოპოზიციური პარტიის ,,ამცახარას“ პოლიტსაბჭოს 7 ივლისის სხდომაზე. სხდომს ესწრებოდნენ ოპოზიციურ ბლოკში შემავალი სხვა პარტიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებიც.
,,აფხაზეთის ხელმძღვანელობის, გენერალური პროკურორის ა. ლომიასა და უშიშროების საბჭოს მდივნის მ. კილბას განცხადებები გვიჩვენებს, რომ ხელისუფლებას აღებული აქვს კურსი ქვეყანაში დაძაბულობის გაღრმავებაზე – აცხადებს ოპოზიციური ბლოკი – აღშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ ,,გადაყენებული’’ შს მინისტრი ლეონიდ ძიაფშბა ფაქტობრივად აგრძელებს მუშაობას, ატარებს თათბირებს პირად შემადგენლობასთან, რაც ამყარებს საფუძვლიან ეჭვებს, რომ პრეზიდენტის მიერ მისი გადაყენება მხოლოდ ფორმალურია და მას არა აქვს მზაობა დაარეგულიროს სიტუაცია.
ხელისუფლება, ნაცვლად იმისა, რომ წავიდეს დიალოგზე ოპოზიციურ ძალებთან, რომელთა მოთხოვნაა რეფერენდუმის გადადება შემოდგომამდე, აფხაზეთის სახელმწიფო ტელეკომპანიის საზოგადოებრივი საბჭოს შექმნა, საეთერო დროის დათმობა ოპოზიციისათვის, დაჟინებით აცხადებს, რომ აღარ წავა რაიმე სახის მოლაპარაკებებზე.
პარტია ,,ამცახარას’’ პოლიტსაბჭო კიდევ ერთხელ აფრთხილებს ხელისუფლებას, რომ მოუწევს პასუხისგება თავისი სახიფათო პოლიტიკისთვის დამოუწოდებს გამოიჩინოს კეთილგონიერება, გამოიყენოს რეფერენდუმამდე დარჩენილი დღეები სიტუაციის განმუხტვისათვის, მიიღოს დადებითი გადაწყვეტილება ოპოზიციურ ძალთა ბლოკის მიერ წამოყენებულ მოთხოვნებზე და გამოიყვანოს ქვეყანა შექმნილი კრიტიკული სიტუაციიდან. ‘’
ვინ არიან მ კილბა და ა. ლომია, რომელნიც სათავეში ჩაუდგნენ ხაჯიმბას მიერ 5 ივლისის საპროტესტო აქციის ორგანიზატორთა და მონაწილეთა მიმართ წამოწყებულ ,, კუდიანებზე ნადირობას’’?
მიხეილ კილბას ,,ამცახარა’’ უკვე დიდი ხანია პოლიტიკურ პროვოკატორს უწოდებს, მისი მტკიცებით იგი, როგორც უშიშროების საბჭოს მდივანი მოწოდებულია უზრუნველყოს სახელმწიფოსა და საზოგადოებისა უსაფრთხოება, მაგრამ სრულიად საპირისპიროს აკეთებს.
კილბამ ჯერ კიდევ აპრილში საზოგადოებრივ პალატასთან შეხვედრაზე ხელაღებით დასდო ბრალი ოპოზიციას სახელმწიფო გადატრიალების მზადებაში, შს სამინისტრომ მაშინ უარი უთხრა ოპოზიციას მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მოთხოვნაზე ცილისწამებისა და პროვოკაციული რალდების მუხლით, თუმცა გენერალურმა პროკურატურამ, თავის მხრივ, მიიღო დადგენილება შსს – ს ამ გადაწყვეტლების გაუქმების შესახებ, რადგან ჩათვალა, რომ ოპოზიციის პრეტენზიები უშიშროების საბჭოს მდივნის მიმართ სავსებით საფუძვლიანი იყო.
მიუხედავად ამისა, საქმე არ აღძრულა და კილბამ განაგრძო შეტევები ოპოზიციაზე და თავისი სტილის ერთგული დარჩა 5 ივლისის მოვლენების შეფასებაშიც. ოპოზიციის განსაკუთრებულ აღშფოთებას იწვევს მისი გამოხდომა და მუქარა შინაგან საქმეთა სამინისტროს ვეტერანთა მიმართ, კერძოდ, განცხადება იმის შესახებ, რომ ,, კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება სამართალდამცავი სტრუქტურების ყველა ყოფილი თანამშრომელი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო შსს შენობასთან მომხდარ მასობრივ არეულობებში. ,,კილბა კვლავ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ადანაშაულებს ვეტერანებს, რომელნიც, პირიქით, ხელს უწყობდნენ სიტუაციის განმუხტვას’’ – აცხადებს ,,ამცახარა’’
ოპოზიცია სვამს კითხვას – ,,რას გულისხმობს კილბა, როცა აცხადებს, რომ ,,ამ წუთიდან დაუშვებლად მიაჩნია რაიმე სახის მოლაპარაკებები ოპოზიციის წარმომადგენლებთან’’. ხომ არ ნიშნავს ეს, რომ უშიშროების საბჭოს მდივანი ქვეყნის ხელისუფლებას ურჩევს ცეცხლი გაუხსნას ოპოზიციის წარმომადგენლებს?’’
არანაკლებ აღიზიანებს ოპოზიციას გენერალური პროკურორის ა. ლომიას ,,პროვოკაციული და არაპროფესიული განცხადებებიც, რომლებშიც ხედავს ღია მუქარას, რომ იწყება აქციის მონაწილეთა სისხლის სამართლებრივი დევნა ’’.
სოხუმი პატარა ქალაქია და ყველამ იცის, რომ ინციდენტი რესტორან ,,ელბრუსთან“, რომელსაც ოთხი ადამიანის დაჭრა მოჰყვა, იყო ინციდენტი არა აქციის მონაწილეთა და მილიციას შორის, არამედ პრეზიდენტის დაცვის სამსახურსა და საბაჟო კომიტეტის თანამშრომელს შორის, და ამ ფაქტს ვერ შეცვლის მომხდარის ლომიასეული ლიტერატურულ – მხატვრული ინტერპრეტაცია. პროკურორის თანამდებობრივ მოვალეობებს არეგულირებს კანონმდებლობა და არა გენეტიკური მემკვიდრეობა (იგულისხმება, რომ პროკურორის მამა აფხაზეთში ცნობილი პოეტია– ოდიში ნიუსი)
ვიმედოვნებთ, ხაჯიმბა ამ პროვოკატორების ჩასანაცვლებლად იპოვის უფრო კეთილგონიერ ჩინოვნიკებს, სხვაგვარად იგი ვერ გაუმკლავდება არსებულ ურთულეს სიტუაციას'' – აცხადებს ოპოზიცია.