16 დეკემბერს თელავში საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია ჩატარდება. ამის პარალელურად, თელავში გაერთიანებული ოპოზიცია აქციას გამართავს.
აღნიშნულის შესახებ „ტვ პირველის“ პირდაპირ ეთერში „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერმა, ბაჩუკი ქარდავამ ისაუბრა. ქარდავას განცხადებით, ხელისუფლებამ შესაძლოა, დაგეგმილი აქციით გარკვეული დისკომფორტი იგრძნოს:
„ტემპერატურას განსაზღვრავენ არა მხოლოდ ლიდერები, არამედ, განსაზღვრავს საზოგადოებისა და აქციის მონაწილეთა განწყობა. ჩემი ინფორმაციით, განწყობა იქნება საკმაოდ მწვავე იმიტომ, რომ ხალხს აქვს განცდა, რომ მას წაართვეს არჩევანის უფლება და თავზე გადაახიეს ბიულეტენები. ამდენად, როცა ვამბობთ სიმწვავეს, ეს არცერთ შემთხვევაში, არ გულისხმობს კონსტიტუციური ნორმებიდან გასვლას, კანონის დარღვევას და ასე შემდეგ. ეს იქნება პროტესტი, შეიძლება, ხელისუფლებას ეს პროტესტი მოეჩვენოს ძალიან მწვავედ, მაგრამს საზოგადოების განწყობა უფრო მწვავეა.
გაერთიანებული ოპოზიციის ყველა ლიდერი, ყველა პოლიტიკური სუბიექტი, რომელიც შედის გაერთიანებულ ოპოზიციაში, იქნება თელავში და ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ამ აქციამ მიიღოს ის ფორმა, რა ფორმაც უნდა ჰქონდეს აქციას დემოკრატიისა და არჩევანის უფლების დაცვისთვის.
დისკომფორტი სალომე ზურაბიშვილს და, ზოგადად, ხელისუფლებას აქვს, ალბათ, იმის გამო, რომ ამ არჩევნებში ხელისუფლებამ ვერ მიაღწია წარმატებას და მოუწია ყველა იმ ბერკეტის გამოყენება, რომელიც არ არის გათვალისწინებული საქართველოს კანონმდებლობაში და მან, ფაქტობრივად, ხალხს წაართვა არჩევანი. ამიტომაც, ჩვენ მიგვაჩნია, რომ სალომე ზურაბიშვილი არ არის ხალხის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტი და სწორედ ეს საზოგადოება, პოლიტიკოსებთან ერთად, გამხოატავს პროტესტს. უკვე არის დისკომფორტი ხელისუფლებისთვის. რაც შეეხება კონკრეტულად აქციით გამოწვეულ დისკომფორტს, ჩვენ ალბათ, გვექნება სხვადასხვა კრეატიული იდეები, იქნება სიმწვავეც და თუ ეს კიდევ უფრო მეტ დისკომფორტს შეუქმნის იმ ადამიანებს, რომლებმაც მოიტაცეს არჩევნები, რომლებმაც ქვეყანაში ფაქტობრივად, გააუქმეს დემოკრატიის უმთავრესი პრინციპი, ხელისუფლების არჩევითობის პრინციპი, დისკომფორტი მათ უნდა იგრძნონ, მაგრამ ეს აუცილებლად იქნება კანონის ფარგლებში“, – განაცხადა ქარდავამ.
ქარდავას თქმით, სახვადასხვა ოპოზიცური პარტიებისგან, სხვადასხვა ეტაპზე განსხვავებული დამოკიდებულებები არსებობდა, დაგეგმილი საპროტესტო აქცია კი ორ ნაწილად უნდა გაიყოს:
„სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა დამოკიდებულებები იყო, ორ ნაწილად უნდა გავყოთ ჩვენ ეს საპროტესტო აქცია. ერთის მხრივ, ეს არის აქცია, სადაც გაერთიანებული ოპოზიცია, რომელმაც მოიპოვა 900 ათასამდე ამომრჩევლის ხმა, თუმცა ხელისუფლებამ 800 ათასი დაწერა და ფაქტობრივად, 80 ათასამდე ბიულეტენი გააუქმა, მაგრამ იყოს 800 ათასი, რაც ოფიციალურად დააფიქსირეს. ეს მხარდაჭერა მოიპოვა გაერთიანებულმა ოპოზიციამ და ჩვენ ვართ ვალდებული, ერთის მხრივ, დავაფიქსიროთ ის პროტესტი, რაზეც არის საუბარი, რომ საქართველოს პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილი არ აურჩევია ქართველ ხალხს, არამედ ის დაინიშნა ბიძინა ივანიშვილის მიერ. ეს არის ერთი ნაწილი ამ აქციისა, რომელსაც ჩვენ ვატარებთ.
მეორე, რომელსლაც აუცილებლად გავაჟღერებთ, ახლა დეტალებში არ შევალ, რაც ყველასათვის საჯაროდ ცნობილია, ეს არის პროპორციულ სისტემაზე გადასვლა. თუ ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარდება პროპორციული სისტემით, არ შეიცვლება საარჩევნო ადმინისტრაცია, რომელიც უკვე ფაქტობრივად კრიმინალშია გსვრილი და ამ არჩევნებით ამ ადამიანებმა იციან, რომ ჩაიდინეს ხშირ შემთხვევაში სისხლის სამართლის დანაშაულებები, თუ არ შეიცვლება ეს ადმინისტრაცია, ამ პირობებში საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას არანაირი აზრი არ ექნება. ამ ნაწილში არის სრული კონსესუსი, ვიტყოდი, მინუს ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“, რაც შეეხება არჩევნების შედეგების გაპროტესტებას, ლოგიკურია ალბათ, რომ გაერთიანებული ოპოზიცია ამ შემთხვევაში არის ავანგარდში, იმიტომ, რომ ჩვენ მივაღწიეთ წარმატებას ამ არჩევნებში, თუმცა ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია, ახალგაზრდული ჯგუფები, ეს არ არის დაფარული, მათ სურვილი გამოთქვეს და იყვნენ მოსულები გაერთიანებული ოპოზიციის შტაბში, აქვთ სურვილი თბილისში გამართონ აქციები, მაგრამ ამ აქციებზე ჩვენ პასუხისმგებლობას არ ვიღებთ. ეს არის სხვა ჯგუფები, ყველას აქვს გამოხატვის უფლება“, – აღნიშნა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა.