მთავარისიახლეებიპოლიტიკაარასოდეს გამჩენია კითხვა, ვინ მოახდინა ომის პროვოცირება - რუსეთს სურდა აღედგინა საკუთარი...

არასოდეს გამჩენია კითხვა, ვინ მოახდინა ომის პროვოცირება – რუსეთს სურდა აღედგინა საკუთარი კონტროლი ამ ტერიტორიაზე,- აცხადებს ჯონ ტეფტი

Published on

ურთიერთობის ნორმალიზებაზე მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება საუბარი, როცა რუსეთი ჯარებს გაიყვანს ე. წ. სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან, – ამის შესახებ "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ამერიკელმა დიპლომატმა ჯონ ტეფტმა განაცხადა.
 
როგორც ტეფტმა აღნიშნა, ურთიერთობის ნორმალიზებისათვის რუსეთის მთავრობამ უკან უნდა გადადგას ნაბიჯი და სტატუს კვოს დაუბრუნდეს.
 
„ნორმალიზებაზე მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება საუბარი, როცა რუსეთი ჯარებს გაიყვანს ე. წ. სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან. ამ რეგიონების დამოუკიდებელ ქვეყნებად გამოცხადება სისულელე იყო. ვფიქრობ, ურთიერთობის ნორმალიზებისათვის რუსეთის მთავრობამ უკან უნდა გადადგას ნაბიჯი და სტატუს კვოს დაუბრუნდეს“, – განაცხადა ჯონ ტეფტმა ინტერვიუში.
 
ამერიკელმა დიპლომატმა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომი გაიხსენა და აღნიშნა, რომ „საელჩოში ეს ნამდვილად არ იყო მოვლენათა მოულოდნელი განვითარება“.
 
„გულწრფელად გეტყვით, ამ ყველაფერზე წიგნის დაწერას ვაპირებ და არ მინდა დეტალებზე ნაადრევად ლაპარაკი. მხოლოდ ერთს ვიტყვი – ჩემთვის ნათელი იყო, რომ რუსები რაღაცას ამზადებდნენ: მთელი ეს საჯარისო ნაწილები, რკინიგზის ინციდენტი და მსგავსი პროვოკაციები კარგს არაფერს მოასწავებდა. მაშინ, ისევე როგორც დღეს, ეჭვი არ მეპარებოდა, რომ შემდგომ განვითარებული კონფლიქტის ფესვები სწორედ ამ გამუდმებული ზეწოლის პერიოდში უნდა ვეძებოთ. განსაკუთრებით, თუ იმ პერიოდს დღევანდელი გადმოსახედიდან შეხედავთ, როდესაც უკვე ვიცით, რას სჩადის რუსეთი უკრაინაში, ცხადია, ეს იყო განუყოფელი ნაწილი იმ ზოგადი სქემისა, რაც რუსეთს ჰქონდა: აღედგინა საკუთარი კონტროლი იმ ტერიტორიაზე, რომელსაც რუსები ახლო აღმოსავლეთს უწოდებენ.
 
ჩვენ ვიცოდით, რომ ტემპერატურა დუღილის წერტილს აღწევდა. გაუკვირდათ თუ არა ეს ვაშინგტონსა თუ ევროპაში, ვერ გეტყვით, მაგრამ ჩვენთვის ეს მოულოდნელობა არ ყოფილა. ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ ეს ომი მოხდა მაშინ, როდესაც მისთვის ნაკლებად ეცალათ: ბუშის ადმინისტრაცია ჯერ კიდევ ერაყსა და ავღანეთზე იყო კონცენტრირებული, მიმდინარეობდა ოლიმპიადაც და ყველას ყურადღება ამისკენ იყო მიპყრობილი. მაგრამ ჩვენთან, საელჩოში, ეს ნამდვილად არ იყო მოვლენათა მოულოდნელი განვითარება და ჩვენ სრულ ინფორმაციას ვაწვდიდით ვაშინგტონს რუსეთის ქმედებებზე აფხაზეთსა და ე. წ. სამხრეთ ოსეთში“, – განაცხადა ტეფტმა.
 
კითხვაზე, შეიძლებოდა თუ არა ომის თავიდან აცილება? ტეფტი პასუხობს: „ვიცი, რომ არის ხალხი, ვინც პრეზიდენტ სააკაშვილს აკრიტიკებს ცხინვალში საჯარისო ნაწილების გაგზავნის გამო, აცხადებენ, რომ ეს არ უნდა გაეკეთებინა. მეორე მხრივ, ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა ახლახან "ვაშინგტონ პოსტში" გამოქვეყნებულ სტატიაში გაიხსენა სატელეფონო საუბარი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვთან, სადაც ამ უკანასკნელმა, მიუხედავად იმისა, რომ პროპაგანდის ოფიციალური ხაზი ამტკიცებდა, რუსეთი მხოლოდ მშვიდობის აღსადგენად, საბრალო ოსების დასაცავად მოქმედებსო, რაისს პირდაპირ უთხრა, რომ ისინი მთავრობის ჩამოგდებას აპირებდნენ. ვფიქრობ, ლავროვის აღიარებიდან გამომდინარე ცხადი ხდება, რომ რუსეთი სწორედ ამას გეგმავდა. არასოდეს გამჩენია კითხვა, ვინ მოახდინა ომის პროვოცირება და შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ უფრო დამარწმუნა ჩემს სიმართლეში“, – განაცხადა ტეფტმა.    

სიახლეები

შეერთებული შტატები კუბის პრეზიდენტ მიგელ დიას-კანელის გადადგომას მოითხოვს

შეერთებული შტატები კუბის პრეზიდენტ მიგელ დიას-კანელის გადადგომას მოითხოვს - ინფორმაციას გამოცემა New York Times...

პატრიარქის მკურნალობაში ჯანდაცვის სამინისტრო უცხოელ სპეციალისტებს ჩართავს

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს მკურნალობაში ჯანდაცვის სამინისტრო უცხოელ სპეციალისტებს ჩართავს. ამის შესახებ ინფორმაცია კონსილიუმის...

კლინიკის დირექტორი პატრიარქზე-მდგომარეობა რჩება კვლავ მძიმე, საყურადღებო

პაციენტის მდგომარეობა რჩება კვლავ მძიმე, საყურადღებო. მიმდინარეობს მულტიდისციპლინური მართვა. როგორც მოგეხსენებათ, შეიკრიბა კონსილიუმი, რომელმაც...

შსს-აჭარაში, “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 72 პირი დააკავეს

გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთობლივუი სპეცოპერაციის...