9 ნოემბრის ღამეს უკრაინამ რუსეთის ნოვგოროდის ოლქის ქალაქ სტარაია-რუსაზე იერიში მიიტანა. OSINT-არხების ცნობით, თავდასხმის სამიზნე 123-ე საავიაციო სარემონტო ქარხანა გახდა.
“საავიაციო სარემონტო ქარხანაზე თავდასხმაა […] ვრცელდება ცნობები ხანძრისა და საავიაციო სარემონტო ობიექტისკენ მიმავალი სახანძრო მანქანების შესახებ”. – დაიწერა ადგილობრივ სოციალურ ქსელში.
ნოვგოროდის ოლქის გუბერნატორმა დრონების შეტევის შესახებ გავრცელებული ცნობები დაადასტურა. ალექსანდრ დრონოვის თქმით, ერთ-ერთი სამრეწველო ობიექტი დაზიანდა, თუმცა მას არ აღუნიშნავს კონკრეტულად რომელ ობიექტზე მოხდა თავდასხმა.
9 ნოემბერს ნოვგოროდის ოლქში დრონების საფრთხის გამოცხადების შემდეგ, ხელისუფლებამ მოსახლეობა მობილური ინტერნეტის შესაძლო შეფერხების შესახებ გააფრთხილა.
“სტარაია-რუსას მცხოვრებლებმა 10 ნოემბრის ღამეს ქალაქში რამდენიმე აფეთქების შესახებ განაცხადეს. სავარაუდოდ, უკრაინულმა დრონებმა ადგილობრივ 123-ე საავიაციო სარემონტო ქარხანაზე იერიში მიიტანეს”. – გავრცელდა ცნობები რუსულ Telegram არხებზე.
ნოვგოროდის საავიაციო სარემონტო ქარხანა რუსეთის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავების , ასევე საავიაციო ძრავების შეკეთებასა და ტექნიკურ მომსახურებას უზრუნველყოფს.
ცნობისთვის, უკრაინის შეიაარღებულმა ძალებმა სტარაია-რუსაში მდებარე ქარხანაზე იერიში მარტშიც მიიტანეს.
უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, 17 მარტს სტარაია-რუსას 123-ე საავიაციო სარემონტო ქარხანას დაარტყეს.
პროუკრაინული პარტიზანული დაჯგუფება Atesh-ის განცხადებით, ჯგუფის წევრებმა, რომლებიც უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან კოორდინაციით მოქმედებდნენ, 17 მარტს ცეცხლი წაუკიდეს სამ მობილურ ანძას, რომლებიც რადიო-ელექტრონული ბრძოლის ანტენებით იყო აღჭურვილი.
დაჯგუფების თქმით, ნოვგოროდში მათი ოპერაციის დამსახურებით უკრაინულ დრონებს თავისუფალად გადაადგილების საშუალება მიეცათ, რის შედეგადაც უკრაინის ძალებმა ქალაქ სტარაია-რუსაში თვითმფრინავების სარემონტო ქარხანაზე იერიში მიიტანეს.
უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, 17 მარტს სტარაია-რუსაში მდებარე 123-ე საავიაციო სარემონტო ქარხანას დაარტყეს.