მთავარისიახლეებივენესუელის ოპოზიციის ლიდერი მარია მაჩადო დევნილობის შემდეგ ქვეყანაში დაბრუნდა

ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი მარია მაჩადო დევნილობის შემდეგ ქვეყანაში დაბრუნდა

Published on

ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი და ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი მარია კორინა მაჩადო 25 ოქტომბერს ქვეყანაში დაბრუნდა – მას ვენესუელა 2025 წლის დეკემბრის შემდეგ ჰქონდა დატოვებული.

“აქ ვარ. თქვენთან ერთად.” – დაწერა მაჩადომ X-ზე.

ოპოზიციონერი თავდაპირველად ლარას შტატში მდებარე ეკლესიაში გამოჩნდა, სადაც შეკრებილები მას ტაშითა და შეძახილებით შეხვდნენ. მოგვიანებით მაჩადო ქვეყნის დედაქალაქ კარაკასშიც ჩავიდა, გზად კი მის კოლონას ათასობით მხარდამჭერი უერთდებოდა ან ეგებებოდა.

მის დაბრუნებას ოპოზიციის კიდევ ერთი ლიდერი, ედმუნდო გონსალესი გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ მაჩადოს გვერდით “ძალიან მალე” იქნებოდა.

“დღეს ვენესუელელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა.” – დაწერა გონსალესმა.

მაჩადოს დაბრუნების შესახებ დასმულ კითხვაზე აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ამის შესახებ არაფერი იცოდა და იმედოვნებდა, რომ ოპოზიციონერი უსაფრთხოდ იქნებოდა.

“ის ძალიან სასიამოვნო ქალია. მან თავისი ნობელის პრემია მაჩუქა. ამიტომ, სხვა რამ როგორ უნდა ვთქვა? იმედი მაქვს, უსაფრთხოდაა. ის ძალიან სასიამოვნო ქალია. მაგრამ ვენესუელაში საქმეები ძალიან კარგად მიგვდის.” – აღნიშნა ტრამპმა.

ხოლო აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ვენესუელაში მაჩადოს უსაფრთხო დაბრუნება ქვეყანაში აშშ-ს მხარდაჭერით მიმდინარე პროცესების პირდაპირ შედეგად შეაფასა.

რუბიოს განცხადებით, ვაშინგტონი მოელის, რომ ვენესუელაში ყველა პოლიტიკური ძალის თავისუფლებები დაცული იქნება და მოლაპარაკებებს ყველა პოლიტიკური აქტორი დაუჭერს მხარს.

მისი შეფასებით, ეს ქვეყანას ბოლო 30 წლის განმავლობაში საუკეთესო შესაძლებლობას აძლევს, მშვიდობიანი გზით მიაღწიოს როგორც თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, ისე მდგრად დემოკრატიას.

მაჩადო ქვეყანაში პირველად დაბრუნდა მას შემდეგ, რაც იანვარში აშშ-ს სამხედროებმა ნიკოლას მადურო დააკავეს. ვენესუელას ამჟამად მადუროს მოკავშირე, დროებითი პრეზიდენტი დელსი როდრიგესი მართავს, რომელსაც ტრამპის ადმინისტრაცია მხარს უჭერს. ახალი არჩევნების თარიღი ჯერ არ დანიშნულა.

რუბიო მანამდე აცხადებდა, რომ არჩევნების ჩატარებამდე ვენესუელამ ეკონომიკა უნდა დაასტაბილუროს და ინსტიტუტები, მათ შორის, სასამართლოები და საარჩევნო საბჭო, აღადგინოს.

სიახლეები

TI-ოცნება სულ მცირე 800 000 მოქალაქეს პოლიტიკური არჩევანის გარეშე დატოვებს

„ქართული ოცნება“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვას ცდილობს, რაც სულ მცირე 800 000 მოქალაქეს პოლიტიკური არჩევანის...

გახარიას პარტიის შუამდგომლობა, ჩორჩანას საკითხზე ივანიშვილისა და “ოცნების” მაღალჩინოსნების მოწმედ დაბარებაზე, საკონსტიტუციომ არ დააკმაყოფილა

"მათი დაკითხვა არის არარელევანტური, ხელს არ შეუწყობს საქმის ეფექტურად განხილვას და ზოგადად, უდაო ფაქტთან...

პროკურატურა იუსტიციის სამინისტროს პენიტენციურის დირექტორის, გიორგი პატარიძისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაციით მიმართავს

საქართველოს პროკურატურა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის, გიორგი პატარიძისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაციით...

უკრაინის ნეიტრალიტეტის საკითხები განხილვას არ ექვემდებარება – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა არ დათანხმდება არმიის რაოდენობის შემცირებას ან ნეიტრალურ...