როსტოვის სამხრეთის საოლქო სამხედრო სასამართლომ 77 წლის უკრაინელს, ყირიმში დაბადებულ ვლადიმირ ანანიევს, 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
მას რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი აქსიონოვის მკვლელობის მცდელობის მომზადებაში ადანაშაულებდნენ.
გამოცემა „Крым.Реалии“-ს ინფორმაციით, სასამართლომ ანანიევი დამნაშავედ ცნო ასაფეთქებელი ნივთიერებების უკანონო ბრუნვისა და ტერაქტის მომზადების მუხლებით.
რუსული გამოძიების ვერსიით, ანანიევმა სხვა, „დაუდგენელ პირებთან“ ერთად შექმნა ჯგუფი, რომელსაც სერგეი აქსიონოვის აფეთქება უნდა მოეწყო.
ბრალდების თანახმად, 2023 წლის 8 მაისიდან 16 ნოემბრამდე პერიოდში ანანიევმა დატოვა უკრაინის კიევის ოლქი, გადაკვეთა რუსეთის საზღვარი და ანექსირებულ სიმფეროპოლში ჩავიდა.
იქ მან, სავარაუდოდ, იქირავა არასაცხოვრებელი ფართი, რომელზეც დამონტაჟებული სათვალთვალო კამერა გზის სავალ ნაწილს რეალურ დროში იღებდა. გამოძიების მტკიცებით, კამერის ჩანაწერზე წვდომა მან ჯგუფის ხელმძღვანელს გადასცა.
ჩხრეკისას, რუსული მხარის განცხადებით, ანანიევს აღმოუჩინეს დანაშაულის სავარაუდო ჩადენისთვის განკუთვნილი საშუალებები და თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის დამატებითი კომპონენტები.
ანანიევი და მისი ორი სავარაუდო თანამზრახველი – ვლადიმირ ბოდნარი და ოქსანა შევჩენკო – 2024 წლის თებერვალში ყირიმში დააკავეს.
2025 წელს ბოდნარს 13 წლით, ხოლო შევჩენკოს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
პროკურატურა ანანიევისთვის 22-წლიან პატიმრობას ითხოვდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, 77 წლის კაცმა პირველი ოთხი წელი ციხეში უნდა გაატაროს, დარჩენილი 14 წელი კი – მკაცრი რეჟიმის კოლონიაში.
მას დამატებით 600 ათასი რუბლის ჯარიმაც დაეკისრა.
გამოცემა „Медиазона“-ს ცნობით, სასამართლო სხდომის დაწყებამდე ანანიევმა განაცხადა, რომ მისი ასაკის გათვალისწინებით, ნებისმიერი რეალური პატიმრობა მისთვის სასიკვდილო განაჩენის ტოლფასი იქნება.
„ორი წელი იქნება თუ ოცდაორი – ჩემთვის ნებისმიერი რეალური პატიმრობა სასიკვდილო განაჩენი იქნება“, – განაცხადა 77 წლის უკრაინელმა.
წყაროები: „Крым.Реалии“, „Медиазона“.