1-წლიანი პატიმრობის შემდეგ თამარ ლორთქიფანიძე თავისუფალია.
თამარ ლორთქიფანიძეს, რომელიც პოლიციის ავტომობილზე ასვლისა და მისი დაზიანების ბრალდებით დააკავეს, 30 ივნისს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. შეთანხმების თანახმად, მას სასჯელის სახით 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და 3-წლიანი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა.
ლორთქიფანიძე 22 ოქტომბერს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.
პროკურატურის ინფორმაციით, ლორთქიფანიძეს ბრალი ორ ეპიზოდზე წარედგინა. უწყების ცნობით, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, მან ტაქსის მძღოლს სახის არეში დაარტყა, რის შედეგადაც მძღოლმა დაზიანება მიიღო.
ასევე, პროკურატურის განცხადებით, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის დროს ლორთქიფანიძე შსს-ს საპატრულო პოლიციის ავტომობილზე ავიდა და ფეხების დარტყმით განზრახ დააზიანა. უწყების ცნობით, მიყენებულმა ზარალმა 3 300 ლარი შეადგინა.