საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნებისთვის“ სუბიექტურად უფრო მომგებიანი იქნებიდა არსებული პოლიტიკური სპექტრისა და „გაცვეთილი სახეების“ შენარჩუნება, რადგან მათთან ბრძოლა არჩევნებზე მარტივია, თუმცა მთავარი პრიორიტეტი ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებია.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული სარჩელის შეტანისას ხელისუფლება არა საკუთარი პარტიული სარგებლით, არამედ პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღების აუცილებლობით ხელმძღვანელობდა.
„სუბიექტურად, ჩვენთვის შეიძლება უფრო საინტერესო ყოფილიყო არსებული სპექტრის შენარჩუნება – ამ გაცვეთილი სახეებით შეიძლება უფრო მარტივი ყოფილიყო ჩვენთვის შემდეგი არჩევნების მოგება. ყოველ ჯერზე ძალიან მარტივად ვამარცხებთ ამ რადიკალურ გაერთიანებულ ოპოზიციურ ძალას, ე.წ. ოპოზიციას, რომელიც სინამდვილეში არის აგენტურა.
თუმცა აქ არ არის მთავარი ჩვენი სუბიექტური ინტერესები, მთავარია ის, რომ ქართველი ხალხის ინტერესებშია პოლიტიკური და დემოკრატიული სისტემის გაჯანსაღება. შესაბამისად, როდესაც სარჩელი წარვადგინეთ, ამოვდიოდით არა ჩვენი სუბიექტური, არამედ ქართული საზოგადოებისა და ქვეყნის ობიექტური ინტერესებიდან“, — განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ცნობისთვის, ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობისა და აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვას საკონსტიტუციო სასამართლო ხვალ, 21 ოქტომბერს იწყებს.