უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, კიევი რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე იერიშებს განაახლებს. ამის შესახებ მან Financial Times-ს განუცხადა.
“ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე იერიშების შეზღუდვა მოხსნილია, დასრულდა.” – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინამ აშშ-ს მოთხოვნის შესასრულებლად რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებზე იერიშები სამი დღით შეაჩერა, თუმცა, ამ პერიოდში მოსკოვმა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები და მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობა განაგრძო.
ზელენსკის განცხადებით, უკრაინელ სამხედროებს ამერიკელმა კოლეგებმა უთხრეს, რომ თუ კიევი რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიშებს არ შეწყვეტდა, ვაშინგტონი სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებას დაბლოკავდა. მისი თქმით, კიევს მოგვიანებით განუმარტეს, რომ ინფორმაციის მიწოდების შეფერხება ტექნიკურ ხარვეზთან იყო კავშირში.
ზელენსკიმ ასევე თქვა, რომ უკრაინაში Starlink-ის სატელიტური კავშირის სიჩქარის შემცირებამ ფრონტზე მიმდინარე ოპერაციებსა და რუსეთის სამხედრო ობიექტებზე საშუალო მანძილზე იერიშებს ხელი შეუშალა. მან უარყო, რომ პრობლემა ტექნიკური მიზეზით იყო გამოწვეული.
“ეს ტექნიკური პრობლემა არ ყოფილა, ეს პოლიტიკური ნება იყო.” – თქვა ზელენსკიმ. თავის მხრივ, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უარყო, რომ ვაშინგტონმა უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება შეწყვიტა.
კითხვაზე, დათანხმდებოდა თუ არა უკრაინა თეთრ სახლთან ურთიერთობის გამოსასწორებლად ენერგეტიკულ ობიექტებზე იერიშების კვლავ შეჩერებას, ზელენსკიმ უპასუხა, რომ ამას მხოლოდ ამერიკული Patriot-ის დამატებითი გზაგადამჭერი რაკეტების მიღების სანაცვლოდ განიხილავდა. უკრაინის პრეზიდენტმა ამას მისაღები შეთანხმების “მინიმალური” პირობა უწოდა