“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი ანა წითლიძე ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომების ჩანიშვნას საგანგებო განცხადებით ეხმაურება.
პოლიტიკოსის თქმით, გადაწყვეტილება, რომელიც პარტიების აკრძალვის ეხება, კრემლში დაიწერა.
რა გადაწყვეტილებაც არ უნდა იყოს, რუსულ საოკუპაციო რეჟიმს თავს არ დავუხრით – აცხადებენ ენმ-ში.
“მანანა კობახიძის გადაწყვეტილება, ჯერ თვითარიდება მიეცა პარტიების აკრძალვის განხილვაზე, შემდეგ კი საერთოდ დაეტოვებინა თანამდებობა, ძალიან ნათლად აჩვენებს იმ ზეწოლას, რაც მოსამართლეებზე ხორციელდება, რომ მიიღონ აბსოლუტურად დაუსაბუთებელი, სამართლებრივ საფუძვლებს მოკლებული, ანტიკონსტიტუციური და ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება პარტიების აკრძალვის შესახებ იმის ნაცვლად, რომ ოლიგარქიული რეჟიმი ხალხს პრობლემების მოგვარებას ჰპირდებოდეს, დღეს მათ მხოლოდ სანახაობას სთავაზობს.
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს უნდა ესმოდეთ შემდეგი: გადაწყვეტილებას, რომლის მიღებასაც თქვენ ბიძინა ივანიშვილი გავალებთ, არის გადაწყვეტილება, რომელიც დაწერილია კრემლში, რუსული საოკუპაციო რეჟიმის მიერ. ამ გადაწყვეტილებით თქვენ კრძალავთ არა ნაციონალურ მოძრაობას და მის ასეულობით ათას მხარდამჭერს, არამედ თქვენ ცდილობთ, მოკლათ თავისუფალი და ევროპული საქართველოს იდეა . თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ დღეს არჩევანი გიწევთ რუსულ საოკუპაციო რეჟიმსა და სამშობლოს შორის. უნდა გესმოდეთ, რომ თქვენი ინდივიდუალური პასუხისმგებლობა განუზომელი იქნება და თუ რუსული საოკუპაციო რეჟიმის ამ დავალებას შეასრულებთ, მკაცრ საერთაშორისო სანქციებს დაექვემდებარებით.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება როგორიც არ უნდა იყოს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა არა და არასოდეს თავს არ დაუხრის რუსულ საოკუპაციო რეჟიმს და იბრძოლებს ბოლომდე საქართველოს თავისუფლებისთვის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ”. – თქვა წითლიძემ.
ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლო „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვას იწყებს, რომელიც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვას ითვალისწინებს. სასამართლო სხდომები ბათუმში, 21, 22 და 23 ოქტომბერს, ზედიზედ არის ჩანიშნული. განხილვის დაჩქარებული გრაფიკი ევროკავშირის მხრიდან მწვავე კრიტიკას მოჰყვა.