ვენეციის კომისიამ 2026 წლის მარტში მიღებულ გრანტების კანონზე სამართლებრივი დასკვნა გამოაქვეყნა. როგორც სამოქალაქო საზოგადოების ფონდის სამართლებრივი მრჩეველი, გიორგი ბურჯანაძე აღნიშნავს, დასკვნაში გრანტების კანონი მკაცრად არის კრიტიკის საგნად ქცეული და ადამიანის უფლებებისა და საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების საწინააღმდეგოდ არის შეფასებული.
იურისტის თქმით, ვენეციის კომისიამ პირდაპირ მიუთითა, რომ გრანტების კანონის ცვლილებების მიზანი არ არის საქართველოს სუვერენიტეტის ან რაიმე ღირებული ინტერესის დაცვა. გიორგი ბურჯანაძის განცხადებით, ეს გარემოება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მმართველ გუნდთან დაკავშირებული პოლიტიკური განცხადებების ფონზე.
ცალკე ყურადღებაა გამახვილებული იმ ფაქტზე, რომ ვენეციის კომისია მწუხარებას გამოთქვამს იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ სურდა კომისიასთან თანამშრომლობა ამ დასკვნის მომზადების პროცესში.
რა წერია დოკუმენტის დასკვნით ნაწილში?
ვენეციის კომისია მტკიცედ მიიჩნევს, რომ განსახილველი კანონმდებლობა არ ემსახურება საქართველოსა და პოლიტიკური პარტიების სუვერენიტეტის დაცვისა და გაძლიერების მიზანს უცხოური გავლენისა და გარე ჩარევისგან. ის, პირიქით, აწესებს არაპროპორციულ და არასაჭირო შეზღუდვებს საქართველოს მოქალაქეების ფუნდამენტურ უფლებებსა და პოლიტიკურ თავისუფლებებზე, კერძოდ, გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებას, და ხელს უშლის პოლიტიკური ოპოზიციის ჩამოყალიბებასა და გადარჩენას.
ეს კანონმდებლობა ეწინააღმდეგება პლურალიზმისა და დემოკრატიის საერთაშორისო სტანდარტებს. იმის ნაცვლად, რომ დაიცვას საქართველოს სუვერენიტეტი, კონსტიტუციური სისტემა და პოლიტიკური პარტიები უცხოური გავლენისა და გარე ჩარევისგან, აღნიშნული კანონმდებლობა მათთვის საფუძვლიანად ძირის გამოთხრის რისკს შეიცავს”.
“ქართული ოცნების” მიერ მიღებული კანონის თანახმად:
გრანტად მიიჩნევა კანონის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სუბიექტის მიერ ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომელიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოხდენის რწმენით ან განზრახვით განხორციელებულ ან განსახორციელებელ ისეთ საქმიანობას, რომელიც მიმართულია საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ, გატარებისკენ ან შეცვლისკენ, აგრეთვე ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან გამომდინარეობს.
ამასთან, კანონის მიხედვით, სხვა სახელმწიფოს იურიდიული პირის მიერ საკუთარი ქართული ფილიალისთვის გრანტის მიღება მთავრობის თანხმობის გარეშე გამოიწვევს მიმღების დაჯარიმებას გრანტის ორმაგი ოდენობით.