ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე მიმდინარე დებატებისას ევროპარლამენტარმა მალგოჟატა გოშიევსკამ საქართველოში დემოკრატიული პროცესების მდგომარეობაზე ისაუბრა და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები მკაცრად გააკრიტიკა.
მისი შეფასებით, ბიძინა ივანიშვილი საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას საფრთხეს უქმნის და ქვეყნის რუსული ტიპის მმართველობისკენ წაყვანას ცდილობს. ევროპარლამენტარის განცხადებით, ივანიშვილმა სახელმწიფო ინსტიტუტებზე გავლენა გააძლიერა, მართლმსაჯულება დაიმორჩილა და ოპოზიციის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს.
გოშიევსკას თქმით, ქვეყანაში არსებული ვითარება უკვე აღარ წარმოადგენს მხოლოდ პოლიტიკურ კრიზისს და იგი „ოლიგარქიული დიქტატურის დამყარების მცდელობად“ უნდა შეფასდეს.
ევროპარლამენტარმა განსაკუთრებული ყურადღება მიხეილ სააკაშვილის საკითხსაც დაუთმო. მისი განცხადებით, სააკაშვილი პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია და ევროკავშირს მოუწოდა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და სხვა, მისი შეფასებით, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების საკითხზე უფრო აქტიური პოზიცია დაიკავოს.
გოშიევსკამ ევროკავშირს ასევე მოუწოდა, მხოლოდ განცხადებებითა და კრიტიკით არ შემოიფარგლოს და ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ კოორდინირებული ზომები მიიღოს.
„საქართველო ეკუთვნის ქართველ ერს და ევროპას, და არა ივანიშვილს და პუტინს“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.