მთავარისიახლეებისაზოგადოებაჩვენ გადავარჩინეთ საქართველო - მიხეილ სააკაშვილი

ჩვენ გადავარჩინეთ საქართველო – მიხეილ სააკაშვილი

Published on

ჩვენ გადავარჩინეთ საქართველო, დავიცავით ღირსება და თავისუფლება, რუსეთმა კი ომის ვერც ერთ სტრატეგიულ მიზანს ვერ მიაღწია – ამ სიტყვებით ეხმიანება მიხეილ სააკაშვილი აგვისტოს ომის 18 წლის თავს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი წერს, რომ საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე მძიმე დღეებში საქართველომ მსოფლიო დაარწმუნა, რომ მხარდაჭერის ღირსი იყო.

სააკაშვილს მიაჩნია, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება შურისძიების რეჟიმზეა გადასული და მას არ პატიობენ, რომ კრიტიკულ მომენტში არ დატოვა საქართველო.

„რაზე სკდებიან ბოღმით “ქოცები” და მათი პატრონები, რუსები 2008 წლის აგვისტოსთან დაკავშირებით.

მათ ვერ უპატიებიათ ჩემთვის, რომ არ დავტოვე საქართველო, როგორც პუტინი და სარკოზი მოითხოვდნენ და ამერიკელები მთავაზობდნენ. საკუთარი თავის გადარჩენისთვის არ მივატოვე ჩემი ხალხი განსაცდელში, პირიქით სრულიად საქართველო და მთელი დემოკრატიული სამყარო ფეხზე დავაყენე და საქართველო გადავარჩინეთ იმას, რომ რუსეთმა 2008-ში ვერ მიაღწია იმ ომის ვერცერთ სტრატეგიულ მიზანს და ჩვენ კი გავაგრძელეთ დიდი აღმშენებლობაც და მსოფლიოში ყველაზე წარმატებული რეფორმები.

ისინი დღემდე სასტიკად გაბრაზებულები არიან და პიარის პერსონას უწოდებენ ჩვენს ალვანელ გმირს, გიორგი ანწუხელიძეს, იმისთვის, რომ თავი არ დახარა, დამპყრობლის ჩექმებს არ აკოცა, უმაღლეს მთავარ სარდალს არ შეაგინა და უყოყმანოდ გაწირა სიცოცხლე საქართველოსთვის. “ქოცს”, რომელიც საკუთარი ნებით დახოხავს დამპყრობლის წინაშე, ისტერიულად ეშინია ასეთი გაუტეხელი ადამიანების, ამიტომაც ებრძვიან გიორგის ხსოვნას.

მათ ვერ უპატიებიათ ქართული ჯარისთვის, რომ სრულიად უთანასწორო ბრძოლაში მოგვაგებინა რამდენიმე დღე, სანამ მსოფლიო ჩაერეოდა, ამიტომაც ლამობენ ქართული ჯარის დასაჭურისებას, საბრძოლო სულისკვეთების ჩაკვლას, ამიტომაც მოკლეს ქართული სამხედრო წარმოება და ბოლოს, მათ ვერ უპატიებიათ ქართველი ერისთვის, რომ გადამწყვეტ მომენტში ერთ მუშტად შევიკარით, ჩვენი განსხვავებები გვერდზე გადავდეთ და ასე ერთიანი წარვდექით მტრის და მსოფლიოს წინაშე.

სწორედ ამიტომ 14 წელია უმოწყალოდ შურს იძიებენ ქართველებზე, თავისუფლებას ართმევენ, ამცირებენ, ავიწროებენ, ქვეყნიდან ყრიან და მათ ნაცვლად რუსებს და სხვებს ასახლებენ, მთელს მსოფლიოში სახელს უტეხავენ. ერთი უღირსი მოღალატის პირად მონობაში და საკუთრებაში გაყიდეს მთელი ქვეყანა.

მაგრამ რამდენი ასწლეულიც არ უნდა გავიდეს, მომავალი თაობების ქართველებს ემახსოვრებათ, რომ ღირსება და თავისუფლება დავიცავით, დაუნდობელ იმპერიას ხელი შევუბრუნეთ, მსოფლიო დავარწმუნეთ, რომ ღირსი ვიყავით მხარდაჭერის და საერთაშორისო მასშტაბით უპრეცედენტო რეფორმები განვახორციელეთ, რომ უმძიმესი დარტყმის შემდეგ ისევ დავდექით ფეხზე და გავაგრძელეთ სწრაფი განვითარება და ძალიან წარმატებული საქართველოს პრეცედენტი შევქმენით.

აღარ არიან ანწუხელიძე და შინდისის გმირები, აღარ ვიქნები მე და წავლენ დღევანდელი თაობები, მაგრამ დარჩება და მრავალი სახეცვლილებით მაინც იარსებებს მარადიული საქართველოს იდეა, წარმოუდგენლად მამაცის, ნიჭიერის და მაშინაც კი, როცა აღარავინ არ ელის ამას, ყოველ ჯერზე ფეხზე წამომდგომი და სრულიად უიმედო სიტუაციებიდან გამარჯვებულად გამომსვლელის.

დიდება გმირებს! დიდება მარადიულ საქართველოს!“, – წერს სააკაშვილი.

სიახლეები

7 აგვისტო რუსული იმპერიალიზმის მძიმე შედეგების კიდევ ერთი შეხსენებაა – საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის განცხადება

“საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების ერთობლივი განცხადება 7 აგვისტო რუსული იმპერიალიზმის...

აშშ-ის საელჩო საქართველოში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 18-წლისთავს ეხმაურება

აშშ-ის საელჩო საქართველოში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 18-წლისთავს ეხმაურება. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შეერთებული...

ტრამპი ამერიკაში დაბადებით მოქალაქეობის მიღების წესს ამკაცრებს

ტრამპი ამერიკაში დაბადებით მოქალაქეობის მიღების წესს ამკაცრებს. მან ხელი მოაწერა ორ აღმასრულებელ განკარგულებას, რომლებიც...

აგვისტოს ომიდან თვრამეტი წელი გავიდა

აგვისტოს ომის დაწყებიდან 18 წელი გავიდა - 2008 წლის 7 აგვიტოს საქართველოში რუსეთის რეგულარული...