თბილისის მერის, კახა კალაძის მწვავე განცხადებასა და გერმანიის მისამართით გაკეთებულ კრიტიკას საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი გამოეხმაურა. ელჩის თქმით, საქართველო ევროკავშირთან დაახლოების ნაცვლად საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს, ხოლო “ოცნების” ხელისუფლების გზავნილები და დასავლეთის წინააღმდეგ გამოყენებული ნარატივები ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას კიდევ უფრო აზიანებს. ფიშერის შეფასებით, ეს პროცესი გერმანიის მთავრობაში „წუხილსა და იმედგაცრუებას“ იწვევს.
ეს გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, ჯერ გამოცხადდა. ეს ქალაქ ზაარბრიუკენის გადაწყვეტილებაა, ამ ქალაქს თავისი მერია ჰყავს, რომელიც დემოკრატიული არჩევნების გზით არის არჩეული. მესმის, რომ ქალაქ ზაარბრიუკენის მერიას ჰყავს გერმიანიის მთავრობა, რომელიც შეშფოთებულია დემოკრატიული უკუსვლით, იმ ფაქტით, რომ საქართველოს მთავრობა ქვეყანას ევროკავშირისგან აშორებს. ეს სამძიმრის წერილი, რომელიც ამბობს, რამდენად ცუდად არის საქმე გერმანიაში, რომელიც იმართება დიფ სთეითის მიერ, არაფორმალური ოლიგარქების მიერ, ის ფაქტი, რომ მსგავსი ნარატივები საქართველოში არსებული ამგვარი წრეებიდან მოდის, კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ მთავრობას საქართველო ევროკავშირისგან შორს მიჰყავს. დღეს ასევე პრემიერ-მინისტრმა გამოაქვეყნა ღია წერილი ევროკავშირის ლიდერებისადმი, რომელიც ზუსტად იმავე შინაარსისაა, ჩვენ, ქართველები ვართ ნამდვილი ევროპელები, ხოლო თქვენ ყველანი ცუდები ხართ და უკან მიდიხართ. ასე ევროკავსირში ვერ შეხვალთ, ნამდვილად ვერა. ეს რჩევა შეგიძლია, მიიღოთ ჩემგან როგორც ევროკავშირის წერვი სახელმწიფოების ელჩისგან. მე ვერ ვხედავ ნაბიჯებს წინ, მე ვხედავ საპირისპირო მიმართულებით, ევროკავსირისგან გადადგმულ ნაბიჯებს. ეს წუხილს და იმედგაცრუებას იწვევს გერმანიის მთავრობაში. საქართველომ თავისი თავი უკრაინისგან და მოლდოვისგან მოწყვიტა ევროკავშირისკენ მიმავალი საერთო გზიდან. ჩვენ გვსურს, რომ ეს სამი სახელმწიფო ერთად დაწინაურდეს რაც შეიძლება სწრაფად, მაგრამ ეს ასე არ ხდება, – განაცხადა პეტერ ფიშერმა.
თბილისის მერი კახა კალაძე გერმანიის ქალაქ ზაარბრიუკენის გადაწყვეტილებას, თბილისთან მრავალწლიანი პარტნიორობის შეწყვეტის შესახებ, მწვავე განცხადებით გამოეხმაურა. კალაძე ამტკიცებს, რომ გერმანული ბიუროკრატია „პოლიტიკურ სპეკულაციებშია ჩართული“, ხოლო ევროპა სერიოზული კრიზისების წინაშე დგას.
თბილისის მერმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ წერილში ასევე გააკრიტიკა კოპენჰაგენში დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციის მოქმედებები და განაცხადა, რომ ევროპელმა პოლიტიკოსებმა ყურადღება საკუთარ ქვეყნებში არსებულ გამოწვევებზე უნდა გაამახვილონ, ნაცვლად იმისა, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესებზე „გადამჭრელი ზომები“ მიიღონ.
კალაძის განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც გერმანიის ქალაქმა ზაარბრიუკენმა თბილისთან 51-წლიანი მეგობრული ურთიერთობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გადაწყვეტილება საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების შეფასებას უკავშირდება.