ცნობილი ამერიკელი დირიჟორი, უინსტონ ვოგელი პაატა ბურჭულაძის გათავისუფლებას მოთხოვნით ბიძინა ივანიშვილს წერილით მიმართავს:
“მიმართვა ქართველ ხალხს
მიმართვა ბატონ ბიძინა ივანიშვილს
მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს
რამდენიმე დღის წინ, Opera USA-ს სახელით, მე გავაგზავნე წერილი მსოფლიოში აღიარებული საოპერო მომღერლის პაატა ბურჭულაძის ჩვენს საპატიო ბორდში გაწევრიანების თაობაზე. ასევე მივმართე დირექტორთა საბჭოს წევრებს და აღვნიშნე, რომ ეს დიდი პატივი იქნებოდა Opera USA-ს 30-წლიანი ისტორიისთვის და მნიშვნელოვანი შთაგონების წყარო ახალი თაობის მომღერლებისთვის. ჩემს მოწვევაზე პასუხად საქართველოდან შოკის მომგვრელი ინფორმაცია მივიღე.
როგორც აღმოჩნდა, ლეგენდარული მომღერალი ციხეში იმყოფება. დეტალების განხილვის გარეშე, მსურს ხაზი გავუსვა, რომ პაატა ბურჭულაძე მსოფლიოში ცნობილია არა მხოლოდ თავისი უნიკალური ხმითა და კარიერით, არამედ გამორჩეული კეთილშობილებითა და ადამიანურობით. მრავალი წლის მანძილზე იგი იყო გაეროს კეთილი ნების ელჩი და UNICEF-ის კეთილი ნების ელჩი. მას მიღებული აქვს მრავალი საერთაშორისო ჯილდო, დაეხმარა არაერთ ახალგაზრდა მომღერალს და ინიციატორი და მონაწილე იყო მრავალ საქველმოქმედო პროექტისა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
წარმოუდგენელია, რომ ასეთი დამსახურების მქონე ადამიანი შვიდი თვის განმავლობაში ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე იყოს პატიმრობაში. როგორც გავიგეთ, მას დღემდე არ ეძლევა ოჯახის წევრებთან შეხვედრის, წერილის მიწერის და სატელეფონო ზარების განხორციელების უფლება. ასეთი არაჰუმანური მოპყრობა დაუჯერებელია.
ციხის მთავარი ფუნქციაა საზოგადოებისათვის საფრთხის შემცველი პირების იზოლაცია. ვინმეს შეუძლია დაადასტუროს, რომ პაატა ბურჭულაძე ოდესმე რაიმე საფრთხეს წარმოადგენდა თავისი ქვეყნისთვის? არა! დარწმუნებული ვარ, ამას ვერავინ დაადასტურებს და ამ აბსურდს არც არავინ დაიჯერებს. მაშ, რა ხდება? რატომ ისჯება არტისტი, რომლითაც ნებისმიერი ქვეყანა იამაყებდა და რომელსაც შეეძლო მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში საუკეთესო პირობებში ეცხოვრა? იმისთვის, რომ დაბრუნდა საქართველოში, დადგა საკუთარი ხალხის გვერდით და იბრძვის თავისი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის? შეიძლება თუ არა ადამიანი, რომელმაც ათწლეულ განმავლობაში საქართველო მსოფლიოს წინაშე საუკეთესო სახით წარმოაჩინა, ამისთვის იყოს დაპატიმრებული? მას დღესაც შეუძლია უზარმაზარი სარგებელი მოუტანს როგორც თავის ქვეყანას, ისე საერთაშორისო საზოგადოებას.
მე მჯერა, რომ ამ გაუგებრობიდან გამოსავალი მოიძებნება. ჩვენ ასევე მივმართავთ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს და კონგრესს პაატა ბურჭულაძისთვის დახმარების გაწევის თხოვნით. თუმცა ვიმედოვნებთ, რომ საკითხზე კონსტრუქციული დიალოგი პირველ რიგში საქართველოში დაიწყება. ასევე ვიმედოვნებთ, რომ პაატა ბურჭულაძის უზარმაზარი წვლილი ხელოვნებისა კაცობრიობის წინაშე გათვალისწინებული იქნება და იგი უახლოეს მომავალ გათავისუფლდება პატიმრობიდან. ჩვენი აზრით, ეს აუცილებელია არა მხოლოდ პაატასთვის, არამედ საქართველოს იმიჯისთვისაც. აუცილებელია, რომ ყველა გაითვალისწინოს ქვეყნის ინტერესები და იპოვნოს ამ სამარცხვინო გაუგებრობიდან ეფექტური გამოსავალი.
პატივისცემით, უინსტონ ვოგელი Opera USA სამხატვრო ხელმძღვანელი” – ვკითხულობთ მიმართვაში.
ცნობილი ამერიკელი დირიჟორი პაატა ბურჭულაძის გათავისუფლებას მოთხოვნით ბიძინა ივანიშვილს წერილით მიმართავს
Published on