“აღმოჩნდა, რომ დიდი ბრიტანეთის სამართლებრივი სისტემა ყოფილა კოშმარი. არ ვიცი რა პირით გვესაუბრებიან რაიმე მართლმსაჯულების თუ სამართლებრივ პროცედურებზე…
ჯერ დასხდნენ იგივე ჟურნალისტები, ვინც ეს ცილისწამება გაავრცელა. განიხილეს ჩვენი საჩივარი და თქვეს, ჩვენ ვართ მართლებიო, იმ ჟურნალისტებმა, ვინც ეს ტყუილი გამოიგონა, განიხილეს ჩვენი საკითხი და გვითხრეს უარი…
შევიტანეთ ახალი საჩივარი. ამის შემდეგ აღმოჩნდა, რომ შემდეგი ინსტანცია გახლავთ იმ ხალხის სარედაქციო ჯგუფი, რომელმაც დაავალა, ჩაიბარა და გაუშვა ეს სიუჟეტი. ამ რედაქციამაც განიხილა და თქვა, არა ჩვენ ვიყავით მართლებიო – უარი შემოვიდა.
ახლა ვართ მესამე ეტაპზე, რომ შევიტანოთ კიდევ ერთი საჩივარი, ისევ BBC-ის უნდა მივმართოთ, ერთი დონით მაღლა ხდება განხილვა, მაგრამ ასევე BBC-ში, რომელმაც ეს სიუჟეტი დაუკვეთა. ანუ გამოდის, რომ ვამზადებთ მესამე საჩივარს, რომელიც შებრუნდება ასევე BBC-ში. ვნახოთ რა გადაწყვეტილება იქნება, შემდეგ უკვე შემდეგი ეტაპებია… ჩვენ გავივლით ყველა ინსტანციას, თუ საჭირო გახდა სტრასბურგამდეც მივალთ.” | ამბობს შალვა პაპუაშვილი.
BBC-იმ 2025 წლის 1 დეკემბერს გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, რომლის თანახმადაც, 2024 წლის აქციების დაშლისას პოლიციამ სახიფათო ქიმიური აგენტი ბრომბენზოლ ციანიდი, იგივე კამიტი გამოიყენა. ოცნებამ 2026 წლის იანვარში BBC-ის საგამოძიებო სიუჟეტთან დაკავშირებით პირველი ოფიციალური საჩივრით მიმართა და ბოდიშის მოხდა, ასევე ფილმისა და მასთან დაკავშირებული მასალების წაშლა მოითხოვა. ოცნების მოთხოვნა ბრიტანულმა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა არ დააკმაყოფილა.