ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა გიორგი ქობულიამ საკომიტეტო მოსმენაზე დეპუტატებთან განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის პროექტის გადახედვას გეგმავს. ქობულიას არ დაუკონკრეტებია, სახელდობრ რა
შეიძლება შეიცვალოს დღეს არსებულ პროექტში,.
„ანაკლიის პროექტზე ბევრი ლაპარაკი იყო, ასეა თუ ისე, ეს არის მთლიანობაში საქართველოს ლოგისტიკური ჰაბის სტრატეგიის საკითხი. არ შეიძლება, ანაკლიის პორტი ცალკე იყოს. ეს არის განსახილველი პრიორიტეტი. მე ვამბობ, რომ აქ არის ამ საკითხზე ლაპარაკი კომპლექსურ შესწავლაზე და ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა გადავხადოთ ამას. ეს არის ერთ-ერთი უმსხვილესი პროექტი საქართველოში და როგორ შეიძლება, ეს პრიორიტეტი არ იყოს,“ – განაცხადა გიორგი ქობულიამ
ამ განცხადებას ოპოზიციის მწვავე რეაქცია მოყვა. ოპოზიციის შეფასებით, ანაკლიის პროექტის გადახედვა ინვესტორებისთვის ძალიან ცუდი სიგნალი იქნება. ,, თუ აღნიშნული პროექტი გადაიხედება, ქვეყნისთვის დამაზიანებელი იქნება და ამიტომ ანაკლიის პორტის პროექტის გადახედვა დაუშვებელია''. – მიაჩნიათ ხელისუფლების ოპონენტებს.
„დამაზიანებელი განცხადებაა ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატის მხრიდან, ანაკლიაზე რაც თქვა. მცირეოდენი ეჭვის გაჟღერებაც კი დღეს მთავრობის მხრიდან ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ინვესტორებს დააფრთხობს და ძალიან დიდ პრობლემას შეუქმნის ანაკლიის კონსორციუმს. უბრალოდ, კონკრეტულ პროექტზე კი არ არის ლაპარაკი და იმაზე, რომ ასე ჩვენი ქვეყანა, როგორც ლოჯისტიკური ჰაბი, ვერ განვითარდება, პრობლემა იმაშია, რომ 2-3 წელიწადში სხვადასხვა მთავრობის მიერ ასე დიამეტრალურად საწინააღმდეგო განცხადებების კეთება ქვეყანას სანდოობას უკარგავს,“ – განაცხადა ევროპული საქართველოს წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
„მომავალი მინისტრი, რომელსაც არა აქვს წარმოდგენა საქართველოს ეკონომიკაზე და ამის გამო არ ვაკრიტიკებთ ჩვენ და ამას არ ვუთვლით განსაკუთრებულ მინუსად, თუმცა, დიდი მინუსია. მეორე მხრივ, არ იცის და ამავე დროს მას აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია, რომ ანაკლიის შესახებ რაღაც ორჭოფული, ორაზროვანი იდეები გამოთქვა. ეს ნიშნავს, რომ ეს უკვე სადღაც აქვს მოსმენილი. ეს არის ძალიან სახიფათო მიდგომა. ვინც ანაკლიის პროექტს რაიმეთი დააზიანებს, ის პირდაპირ არის ქვეყნის მოღალატე. ვინც ანაკლიის პროექტს ხელს შეუშლის, ეს პირდაპირ არის რუსული პოლიტიკის გამტარებელი საქართველოში, პირდაპირ ანტიდასავლური პოლიტიკის მატარებელი,“ – განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, რომან გოცირიძემ.
მედიასა და სოციიალურ ქსელებში მყისვე გავრცელდა აზრი, რომ ის, ,,ვისგანაც მინისტრობის კანდიდატს ეს აქვს მოსმენილი'' , არც მეტი, არც ნაკლები, ბიძინა ივანიშვილია.
გიორგი ქობულიამ, რომელიც როგორც ჩანს დააფრთხო ოპოზიციისა მწვავე რეაქციამ, მოსმენის შემდეგ კომიტეტის სხდომაზე პროექტის გადახედვის შესახებ გაკეთებული კომენტარი მედიასთან შეცვალა.
მინისტრობის კანდიდატის განმარტებით, მას პარლამენტის წევრებთან არ უთქვამს, რომ ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშრებით ცვლილებები შეიძლება განხორციელდეს, მან იგულისხმა, რომ ის არის მასშტაბური პროექტი და სხვა პროექტებთან ერთად მასაც შეისწავლიან.
„ჩვენ, პრინციპში, უნდა გადავხედოთ არა ანაკლიის პორტს, არამედ საქართველოს, როგორც ლოგისტიკური ჰაბის და ლოგისტიკური დერეფნის სტრატეგიას მთლიანობაში. ეს არ არის მარტო პორტის, ან მარტო რკინიგზის საკითხი. ეს უნდა იყოს გადახედილი მთლიანობაში და აქ უნდა იყოს გადახედვა და გავიაზროთ ახლიდან, როგორ უნდა წარვმართო და რა კორექტივები შევიტანოთ ამ სფეროში, საქართველოს განვითარებაში. ეს არის კომლექსური ამოცანა. სიტუაცია მსოფლიოში ძალიან სწრაფად იცვლება და უნდა ინახოს ტვირთბრუნვები, უნდა ინახოს, რა შეგვიძლია, მოვიზიდოთ. აქედან იქნება მერე გეგმა შედგენილი,“ – განაცხადა გიორგი ქობულიამ
.ქობულიას თქმით, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრისას ანაკლიის პორტზე არ უსაუბრიათ., თუმცა საკითხავია, დაიჯერებს თუ არა ამას ვინმე ნახევარი საათის შუალედში შეცვლილი განცხადების შემდეგ. მით უფრო რომ ცნობილია ხელისუფლების იდეა ფიქსი ებრძოლოს ყველაფერს, რაც მიხეილ სააკაშვილს უკავშირდება. შენება მხოლოდ სიყვარულს შეუძლია.