13 იანვარს აშშ-ს სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ მხარეებმა გამოაქვეყნეს აზერბაიჯანის სატრანზიტო დერეფანთან დაკავშირებული პირველი დეტალები.
უკვე ოფიციალურად დადასტურდა, რომ სატრანზიტო გზაზე კონტროლს სომხეთი გადასცემს სპეციალურ კომპანიას, რომელსაც აშშ-ს სახელმწიფო გრძელვადიანი ექსკლუზიური უფლებებით გააკონტროლებს. კომპანიის მეწილე სომხეთის მთავრობაც იქნება.
გასული წლის აგვისტოში, აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შუამავლობის შემდეგ, სომხეთი აზერბაიჯანთან სატრანზიტო შეთანხმებას დათანხმდა. აქამდე აზერბაიჯანს სურდა, რომ სომხეთის სამხრეთში მდებარე სიუნიქის სასაზღვრო რეგიონის გავლით დაკავშირებოდა საკუთარ ექსკლავს, ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას, აქედან კი თურქეთს. ამ პროექტს ილჰამ ალიევი ზანგეზურის დერეფანს უწოდებდა და იმუქრებოდა, რომ თუ ერევანი მას არ დათანხმდებოდა, მიზანს ძალის გამოყენებით მიაღწევდნენ. აშშ-ს შუამავლობის შემდეგ ქვეყნებს შორის სამშვიდობო შეთანხმება გაფორმდა და შეიქმნა ახალი გეგმა, რომელიც ე.წ. ზანგეზურის დერეფნის როლს შეასრულებდა. სატრანზიტო გზას, რომელსაც ამერიკული კომპანია გააკონტროლებს, ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისთვისა და კეთილდღეობისთვის (TRIPP) ერქმევა.
გასულ დღეს გამოქვეყნებული პროექტის აღსრულების გეგმის მიხედვით, ამერიკულ-სომხური კომპანია შეთანხმებულ მონაკვეთზე ააშენებს რკინიგზას, გზას და ენერგომომარაგების ხაზებს, ასევე სხვა ინფრასტრუქტურას სატრანზიტო დერეფნისთვის. ეს კომპანია იქნება პასუხისმგებელი გზიდან შემოსავლების მენეჯმენტზე, სულ მცირე, 49 წლის განმავლობაში.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ TRIPP-ის განვითარების კომპანიაში აშშ-ს 74%-იანი, სომხეთს კი 26%-იანი წილი ექნება. ამას გარდა აღნიშნულია, რომ სავარაუდოდ, ვადის გასვლის შემდეგ შეთანხმება კიდევ 50 წლით გახანგრძლივდება და კომპანიაში სომხეთის წილი ამ დროს 49%-მდე გაიზრდება.
ასევე აღნიშნულია, რომ სომხეთს ექნება სრული კონტროლი საზღვარსა და საბაჟოზე. დოკუმენტის მიხედვით, “სომხეთის სუვერენიტეტი და იურისდიქცია სასაზღვრო და საბაჟო ოპერაციებზე აბსოლუტურია და უდავოა”.
TRIPP-ის განვითარების კომპანია დაიქირავებს კერძო ოპერატორებს, რომლებიც უზრუნველყოფენ “მომხმარებელზე ორიენტირებულ მომსახურებას”, რაც მოიცავს საბუთების პირველად შეგროვებასა და გადამოწმებას, ტვირთისა და ინდივიდუალური მგზავრების სატრანზიტო გადასახადის აკრეფვას. პარალელურად, სომხეთი “შეინარჩუნებს ფიზიკურ წარმომადგენლობას სომხეთის საზღვრისა და საბაჟო ყველა დაწესებულებაზე” და მიიღებს გადამწყვეტ გადაწყვეტილებებს განბაჟებასთან და საემიგრაციო კონტროლთან დაკავშირებით.
გასულ კვირაში ილჰამ ალიევმა თქვა, რომ TRIPP-ი უტოლდება ზანგეზურის დერეფანს, რომელსაც ის 2020 წლის ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ ითხოვდა. როგორც ზანგეზურის დერეფნის, ისე TRIPP-ის წინააღმდეგ კომენტარებს აკეთებდა ირანი, რომლის საზღვართანაც ხსენებული გზა აშენდება.