საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის პატიმრობას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. ამაღლობელის დაკავებიდან 1 წელი გავიდა.
“დღეს, 12 იანვარს, ერთი წელი სრულდება, რაც მზია ამაღლობელი სისხლის სამართლის წესითაა დაკავებული და უკანონო პატიმრობაში იმყოფება. მისი პატიმრობაში დატოვება განგრძობითი სირცხვილია ქართული სახელმწიფოსთვის და იმ პოლიტიკური ძალისთვის, რომელიც მას მართავს. გაათავისუფლეთ მზია ამაღლობელი და დაუბრუნეთ საზოგადოებას პასუხისმგებლიანი მოქალაქე, ხოლო პროფესიულ თემს – კეთილსინდისიერი პროფესიონალი, ერთგული კოლეგა და მეგობარი”. – წერს ქარტია Facebook-ზე.
2025 წლის 6 აგვისტოს ჟურნალისტ მზია ამაღლობელს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა 2-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.
მზია ამაღლობელი ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმის ბრალდებით 2025 წლის 11 იანვარს დააკავეს. იმავე წლის 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ჟურნალისტისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე ადვოკატების შუამდგომლობა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან ყოლბაიამ დაუშვებლად ცნო. 2025 წლის 19 თებერვალს კი ქუთაისის სააპელაციომ არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა პატიმრობის გაუქმების შესახებ.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, სასამართლომ გაყალბებული ოქმი გამოიყენა პატიმრობის გასამართლებლად.
მზია ამაღლობელი 38 დღე შიმშილობდა. 2025 წლის 18 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ჟურნალისტი ექიმების დახმარებით კვებას აღადგენდა.