სახალხო დამცველი ლევან ხაბეიშვილის საქმეს შეისწავლის – ეს პირობა პოლიტიკოსის ადვოკატებმა და ოჯახის წევრებმა, დღეს, ლევან იოსელიანისგან მიიღეს.
ომბუდსმენს “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის უფლებადამცველები და ოჯახის წევრები დღეს შეხვდნენ და დაკავებული პოლიტიკოსის საქმის დეტალები გააცნეს.
მოსულები იყვნენ ლევან ხაბეიშვილის დედა, მისი მეუღლე, ასევე მისი უფლებადამცველები. მათ რამდენიმე საკითხი ჰქონდათ ჩვენთან, რომელიც შეეხება როგორც ლევან ხაბეიშვილის და მისი ოჯახის წევრების, კერძოდ, მისი სვილების შეხვედრის საკითხს, მეორე, ზოგადად მისი არსებითი საქმის დეტალებს.
დღეს ჩვენ არ გაგვაჩნდა არანაირი მასალები ლევან ხაბეიშვილის საქმის შესახებ. ადვოკატი დაგვპირდა, რომ ეს მასალები იქნება წარმოდგენილი, შემოიტანს. თუ მასალები მოგვცემს ამის საშუალებას, თუ იქნება იქ გამოკვეთილი ისეთი საკითხები/დარღვევები, რაზეც სახალხო დამცველს ექნება საშუალება, რომ თავისი ინტერვაცია მოახდინოს, რა თქმა უნდა ამას გავაკეთებთ,” – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
ლევან ხაბეიშვილის დედის მარინა კოტრიკაძის თქმით, მან ომბუდსმენს სთხოვა, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თავის მცირეწლოვან შვილებს შეახვედრონ.
ჩემი მოთხოვნა იყო, რომ ლევანი შეახვედრონ თავის მცირეწლოვან შვილებს, აღუდგინონ კომუნიკაცია ოჯახთან, სატელეფონო საუბრებიც, წერილები. შევხვდით ბატონ ლევან იოსელიანს. მე ძალიან კმაყოფილი ვარ სახალხო დამცველთან შეხვედრის, ძალიან თბილად მიგვიღო და შეგვპირდა, რომ კანონის შესაბამისად ყველაფერს გააკეთებს,” – თქვა მარინა კოტრიკაძემ.
ადვოკატის, ლაშა ტყეშელაძის განმარტებით, ლევან ხაბეიშვილისთვის ოჯახის წევრებთან კომუნიკაციის აკრძალვა “სადამსჯელო ოპერაციაა” და “ძალიან კარგია, რომ სახალხო დამცველი ამ საკითხით დაინტერესდა”.
სისხლის სამართლის კოდექსში მხოლოდ ჩანაწერი არის, მხოლოდ მაშინ უნდა შეეზღუდოს პატიმარს უფლებები, როდესაც შეიძლება მოხდეს მოწმეებზე ზემოქმედება, ან/და რაიმე დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელება და არასრულწლოვანი შვილების ნახვა სისხლის სამართლის კოდექსში არ წერია, რომ არ შეიძლება. ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ არის სადამსჯელო ოპერაცია, ეს არის წამების ერთ-ერთი ხერხი და ძალიან კარგია, რომ სახალხო დამცველი ამ საკითხით დაინტერესდა,” – თქვა ლაშა ტყეშელაძემ.