ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ ევროკავშირის ლიდერებმა უკრაინის დაფინანსების გზების შესახებ გადაწყვეტილება მიმდინარე კვირაში უნდა მიიღონ.
ლიდერები ბრიუსელში ხვალ, 18 დეკემბერს, შეიკრიბებიან. დღეს კი სტრასბურგში, ევროპარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროპა ვერ დაუშვებს, მისი გზა „სხვების მსოფლმხედველობამ განსაზღვროს“ და იგი საკუთარ ძალებს უნდა დაეყრდნოს.
გასულ კვირას ევროკავშირმა წევრ ქვეყნებში შენახული 210 მილიარდი ევროს ღირებულების რუსული აქტივების გაყინვის გადაწყვეტილება მიიღო. როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა დღესაც განაცხადა, ეს აქტივები გაყინული დარჩება მანამ, სანამ რუსეთი ომს არ შეწყვეტს და უკრაინას მიყენებული ზიანისთვის სათანადო რეპარაციებს არ გადაუხდის.
ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროკავშირის ლიდერებს საშუალებას მისცემს, მიმდინარე კვირის სამიტზე იმსჯელონ, როგორ გამოიყენონ რუსეთის ცენტრალური ბანკის ათობით მილიარდი ევროს ღირებულების აქტივები უკრაინისთვის დიდი სესხის უზრუნველსაყოფად, რათა ქვეყანამ მომდევნო ორი წლის განმავლობაში ფინანსური და სამხედრო საჭიროებები დაფაროს.
ევროპაში გაყინული რუსული აქტივების უდიდესი ნაწილი – 193 მილიარდი ევრო სექტემბრის მდგომარეობით ბელგიურ Euroclear-ში ინახება. ბელგია ამ თანხის გამოყენებისგან თავს იკავებს, რადგან შიშობს, რომ ქვეყანა შედეგების წინაშე შესაძლოა მარტო აღმოჩნდეს. ბელგიის პრემიერ-მინისტრის, ბარტ დე ვევერის, პოზიციას გასულ კვირას მხარი დაუჭირეს იტალიამ, ბულგარეთმა და მალტამ. ამასთან, ინიციატივის მოწინააღმდეგეებად რჩებიან უნგრეთი და სლოვაკეთი. ევროკავშირის ლიდერები საკითხის გადაწყვეტას ხვალ გეგმავენ.
„ამ კვირის ევროპული საბჭო დღევანდელი რეალობისთვის თვალის გასწორებას ეხება – იმ მსოფლიოს რეალობისთვის, რომელიც სახიფათო და ტრანზაქციული გახდა – ომების მსოფლიოსთვის. ეს რეალობა ნიშნავს, რომ ჩვენ, ევროპელებმა, საკუთარი თავი უნდა დავიცვათ და საკუთარ ძალებს უნდა დავეყრდნოთ. უკვე გარკვეული დროა, ამგვარ მსოფლიოში ვცხოვრობთ, დიდი გამოფხიზლების ზარამდეც კი, ანუ რუსეთის არაკანონიერ შეჭრამდე უკრაინაში 2022 წლის თებერვალში. გუშინდელი მშვიდობა აღარ არსებობს. ნოსტალგიის დრო აღარ გვაქვს. მნიშვნელოვანი ისაა, თუ როგორ ვუპირისპირდებით დღევანდელობას – ვერ დავუშვებთ, რომ ჩვენი გზა სხვების მსოფლხედვამ განსაზღვროს.
სწორედ ამიტომ წარმოვადგინე ორი განსხვავებული ვარიანტი ევროპული საბჭოსთვის – ერთი აქტივებზე და მეორე ევროკავშირის სესხზე დაფუძნებული. მოგვიწევს გადავწყვიტოთ, რომელი გზა ავირჩიოთ, თუმცა ერთი რამ სრულიად ნათელია: ამ ევროპულ საბჭოზე უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება მომდევნო ორი წლის განმავლობაში უკრაინის დაფინანსების შესახებ. ჩვენ უკვე გადავდგით ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი. გასულ კვირას შევთანხმდით რუსული აქტივების გაყინვაზე და ეს არის გადამწყვეტი ნაბიჯი, რომელიც ძალიან ძლიერ პოლიტიკური გზავნილია. ეს ნიშნავს, რომ რუსული აქტივები გაყინული დარჩება, ვიდრე ჩვენ სხვაგვარად არ გადავწყვეტთ – სანამ რუსეთი არ შეწყვეტს ომს და სათანადო რეპარაციებს არ გადაუხდის უკრაინას მიყენებული ზიანისთვის. აქტივების განუსაზღვრელი ვადით გაყინვა ასევე ემსახურება უკრაინის შესაძლებლობების გაძლიერებას, რათა უზრუნველყოფილი იყოს ნამდვილი მშვიდობა – სამართლიანი, ხანგრძლივი და ისეთი, რომელიც როგორც უკრაინას, ისე ევროპას დაიცავს“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.