ჟურნალისტი თაზო კუპრეიშვილი ეხმიანება “ოცნების” ინიციატივას ჩამორთმეული მართვის მოწმობების მასობრივო ამნისტიის შესახებ და წერს, რომ ამ აქტით ათასობით პოტენციური მკვლელი ქუჩას უბრუნდება, და ეს მაშინ როცა ავტოავარიებს 2024 წელს 444 ადამიანი ემსხვერპლა, აქედან დაახლოებით 100 ადამიანი, ანუ ყოველი მეოთხე იყო ქვეითი:
“ათასობ ნასვამ მძღოლს, რომელსაც მართვის მოწმობა შეჩერებული ჰქონდა, ასევე იმ მძღოლებს, რომლებმაც ავარიის შემდეგ ადგილი მიატოვეს, მართვის მოწმობებს ნაადრევად უბრუნებენ, პატიობენ.
რას ნიშნავს ეს? ათასობით პოტენციური მკვლელი უბრუნდება ქუჩას, ეს ნიშნავს, რომ გზებზე, ტროტუარებზე საფრთხე კი არ შემცირდება, გაიზრდება.
ფლორიდაში როცა მართვის მოწმობას ვიღებდი, ყველა სამეცადინო მასალასა და გამოცდაში ყოველ მეორე წინადადებაში ხაზგასმულია, რომ “მართვის მოწმობა არის პრივილეგია და არა – უფლება”. არ გპატიობენ მინიმალურსაც კი, თუმცა ფლორიდა არ არის საგზაო უსაფრთხოების კარგი მაგალითი.
საქართველოში ავტოავარიებს 2024 წელს 444 ადამიანი ემსხვერპლა, აქედან დაახლოებით 100 ადამიანი, ანუ ყოველი მეოთხე იყო ქვეითი.
იმასაც ვერ იტყვით, რომ მე მანქანას არ ვატარებ და არ მეხება ეს პრობლემა. არაუშავს, ტროტუარზე მიგასრესს ვიღაც მთვრალი.
444 ადამიანის სიკდვილის უკან რამდენი გაუბედურებული ოჯახი და ადამიანი დგას? კიდევ უფრო ბევრია სამუდამოდ დასახიჩრებულთა რიცხვი. არაფერს ვამბობ იმაზე, მათი მკურნალობა-რეაბილიტაციის ხარჯები როგორ აწვება ოჯახებსა და ჯანდაცვის სისტემას.
მე არ მეგულება ადამიანი საქართველოში, ვისი ოჯახის წევრი, მეგობარი ან სხვა ახლობელი არ დაღუპულიყოს ავარიით.
ამ დროს ვის აწყობს მთვრალი, პოტენციური მკვლელებისთვის მართვის მოწმობის ჩამორიგება? წესით, არავის.
ეს არის საკითხი, რომელიც კი არ გვყოფს, გვაერთიანებს. ყველას გვეხება, მიუხედავად პოლიტიკური გემოვნებისა, პროფესიისა, ტროლებსაც კი ეხებათ, ახლა რომ გამოდგებიან და გაპრავებას დაიწყებენ.
ქართველებს ბევრი პრობლემა გვაქვს, მაგრამ ერთი რაღაც არ გვეშლება: უდროოდ წასულების სადღეგრძელოები ფეხზე წამოდგომით თქმა და ფეისბუკზე სამგლოვიარო ვიდეოების დაშეარება. ამაში ნამდვილად ერთიანები ვართ, პრობლემის მოგვარებაში – არა”, – წერს თაზო კუპრეიშვილი.