როგორც ზვიად ცეცხლაძის მამამ, ზურაბ ცეცხლაძემ თბილისის საკრებულოსთან გამართულ აქციაზე განაცხადა, ისინი აპირებენ შეიტანონ სარჩელი შალვა პაპუაშვილის წინააღმდეგ.
ამის მიზეზად იმას ასახელებენ, რომ ივანიშვილის პარლამენტის თავჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ზვიად ცეცხლაძეს ტერორისტი, მას შემდეგ უწოდა, რაც მან ევროკავშირის ელჩისგან წერილი ციხეში მიიღო.
ზურაბ ცეცხლაძის თქმით, თავდაპირველად ზვიადმა მისწერა წერილი ევროკავშირის ელჩს, რითაც მოითხოვდა არ გაეუქმებიდათ ვიზალიბერალიზაცია და ევროსაბჭოდან არ გამოვეძევებინეთ.
“ეს პოზიცია თანხვედრაში იყო რეჟიმის პოზიციასთანაც, რეჟიმი თავად ამბობდა, რომ არ უნდოდათ ვიზალიბერალიზაციის დაკარგვა და თითქოს, ოპოზიცია მუშაობდა იმისთვის, რომ ჩვენთვის ვიზალიბერალიზაცია წაერთვათ.
შემდგომ ევროკავშირის ელჩისგან გამოიგზავნა წერილი ციხეში, სადაც ძალიან კორექტულად, აბსოლუტურად სამართლიანად იყო აღნიშნული, რომ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით წუხდნენ, რომ ქვეყანა ევროპულ გზას აცდენილია და ა.შ.”
ამ წერილის გავრცელების შემდეგ, ივანიშვილის პარლამენტის თავჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა facebook პოსტში ზვიად ცეცხლაძეს ტერორისტი უწოდა – “თვითმარქცია პარლამენტის თავმჯდომარე პაპუაშვილი გამოვიდა და ჩემს შვილს უწოდა ტერორისტი. ვციტირებ – “ევროკავშირის ელჩი იცლის იმისთვის, რომ ციხეში ტერორისტს მისწეროს წერილიო”.
ზურაბ ცეცხლაძემ განაცხადა, რომ მოილაპარაკა შვილთან და ამზადებენ სარჩელს, რათა სარჩელი შეიტანონ პაპუაშილის წინააღმდეგ და ბოდიში მოახდევინონ იმ სიტყვებისთვის, რასაც ის ზვიად ცეცხლაძეს უწოდებს.
“მე ძალიან გამაბრაზა ამ თემამ, იმდენად, რამდენადაც სახელმწიფოებრივად მოაზროვნე უნდა იყოს პარლამენტის თავმჯდომარე, აბსოლუტურად არანაირი პასუხისმგებლობა არ მოჰყვება მის სიტყვებს.
ადამიანი უაპელაციოდ უწოდებს ტერორისტს ჩემს შვილს, მაშინ, როცა ტერორიზმის მუხლით არ იყო გასამართლებული და ის მუხლიც კი, რომელიც ბრალად ჰქონდა წარდგენილი, შეუცვალეს მსუბუქი მუხლით.
გამომდინარე აქედან, მე მოვილაპარაკე ზვიადთან, გუშინ შეხვედრა გქვონდა და ვამზადებთ სარჩელს, რათა შევიტანოთ პაპუაშვილის წინააღმდეგ და ბოდიში მოვახდევინოთ იმ ამაზრზენი სიტყვებისთვის, რასაც ის ჩემს შვილს, 20 წლის ბიჭს უწოდებს.
პაპუაშვილს მივმართავ, თუ ჩემი შვილი ტერორისტია, რატომ არ მიუსაჯეს 20 წელი ან სამუდამო, არაა სახიფათო ეს ბიჭი წელიწადნახევარში რომ გამოვა ციხიდან, ეს დიდი “ტერორისტი“, რომელიც თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის შესანიშნავი სტუდენტია, რომელიც გრანტით მოეწყო უნივერსიტეტში, რომელიც სკოლაში სწავლის დროს საქართველოს საუკეთესო მოსწავლეთა გუნდის წევრი იყო, სკოლა მედალზე დაამთავრა, კონფლიქტი თავის ცხოვრებაში არავისთან ჰქონია, ჰუმანიზმის, სინდისის ადამიანი იყო. მას უაპელაციოდ ტერორისტს უწოდებთ, აუცილებლად მოგიწევთ სასამართლოში პასუხის გაცემა, ბატონო პაპუაშვილო, არ გეგონოთ, რომ ეგ თანამდებობა სამუდამოა თქვენთვის.” – თქვა ზურაბ ცეცხლაძემ.
21 ოქტომბერს დაფიონმა გამოაქვეყნა წერილი, რომელიც ევროკავშირის ელჩის ოფისიდან საპასუხოდა გამოუგზავნა ზვიად ცეცხლაძეს.
ცნობისთვის, ივანიშვილის პარლამენტის თავჯდომარემ, შალვა პაპუაშილმა, 22 ოქტომბერს, გამოქვეყნებულ პოსტში ზვიად ცეცხლაძეს ტერორისტი მას შემდეგ უწოდა, რაც ცნობილი გახდა, რომ რეჟიმის პატიმარს წერილი ევროკავშირის ელჩმა გამოუგზავნა.
მოგვიანებით, 25 ოქტომბერს, პაპუაშილმა კიდევ ერთხელ უწოდა ზვიად ცეცხლაძეს ტერორისტი – “იტყოდა ადამიანი, რომ კატასტროფაა, როდესაც ევროპული ფონდებიდან დაფინანსებული მედია ტერორისტს “სინდისის პატიმრად” მოიხსენიებს. თუმცა, როდესაც თავად ევროკავშირის საელჩოს აქვს მიმოწერა იმავე ტერორისტთან, ხვდები, რომ ეს არა ერთეული წამოცდენა, არამედ ერთი ხელით ორკესტრირებული პროპაგანდისტული ხაზია, რომლის მიზანი ტერორიზმის გამართლება და ძალადობის ნორმალიზებაა.”
საპროტესტო აქციების დროს დაკავებულ ზვიად ცეცხლაძეს, 2 სექტემბერს, მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა ბრალდება გადააკვალიფიცირა სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლით, რაც გულისხმობს ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, ან მასში აქტიური მონაწილეობას და 2 წელი და 6 თვე პატიმრობა მიუსაჯა.