სამოქალაქო აქტივისტები და ერევანში დაკავებული, უკრაინაში მებრძოლი ქართველი მოხალისის გიორგი კინოიანის ახლობლები დღეს, 10 სექტემბერს, 11 საათზე საქართველოში სომხეთის საელჩოსთან შეიკრიბებიან და ნიკოლ ფაშინიანის სახელზე შედგენილ წერილს საჯაროდ წაიკითხავენ, შემდეგ კი მას სომხეთის საელჩოს გადასცემენ.
შეგახსენებთ, გიორგი კინოიანი ერევანში 3 სექტემბერს დააკავეს. მანამდე, 2024 წლის ოქტომბერში, თვითაღიარებული “დონეცკის სახალხო რესპუბლიკის” სასამართლომ, უკრაინის მხარეს ბრძოლის გამო, ქართველ მებრძოლს დაუსწრებლად მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა და მასზე დსთ-ს ფარგლებში ძებნა გამოაცხადა.
უცნობია, როგორ და რატომ აღმოჩნდა კინოიანი ერევანში, ასევე უცნობია ერევანში დაკავების მიზეზი. რუსეთი კინოიანის ექსტრადიციას მოითხოვს – გააჩნია, რას უპასუხებს ოფიციალური ერევანი.
დღეს საელჩოსთან შეკრებილები სომხეთს მიმართავენ თხოვნით, არ დაუშვას გიორგი კინოიანის ექსტრადირება რუსეთში, რადგან იქ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.