ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ირანში ისრაელის იერიშებთან და ოპერაცია “აღმავალ ლომთან” დაკავშირებით ირანელ ხალხს მიმართა და აღნიშნა, რომ ისრაელი არ ებრძვის ირანელ ხალხს, რომელსაც ისრაელელი ხალხი პატივს სცემს, არამედ “საერთო მტერს”, ირანის ისლამურ რეჟიმს, ებრძვის, რომელიც ირანის მოსახლეობას “ჩაგრავს და აღატაკებს”.
ნეთანიაჰუმ ასევე აღნიშნა, რომ ისრაელის ოპერაციის ამოცანას ისლამური რეჟიმის მხრიდან ბირთვული და ბალისტიკური საფრთხის აღმოფხვრაა, ხოლო ამ ამოცანის მიღწევით ისრაელი ირანელ ხალხს საშუალებას აძლევს, რომ თავისუფლება მოიპოვოს. მისივე თქმით, ისრაელის იერიშების ფონზე ირანი იმაზეა სუსტია, ვიდრე ოდესმე ყოფილა და ეს ირანელი ხალხისთვის “შესაძლებლობას” წარმოადგენს.
ისრაელის პრემიერმინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ “აღმავალი ლომი” “ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი სამხედრო ოპერაციაა” და ბოლო 24 საათის განმავლობაში ისრაელმა მოკლა ირანის უმაღლესი სამხედრო მეთაურები და მოწინავე ბირთვული მეცნიერები და გაანადგურა ირანში ურანის გამდიდრებისთვის მნიშვნელოვანი ობიექტი და ბალისტიკური რაკეტების არსენალის დიდი ნაწილი.
ნეთანიაჰუს მიმართვას მისი ოფისი X-ზე ავრცელებს.
წარმოგიდგენთ მისი მიმართვის თარგმანს სრულად:
ამ ღამით მსურს, რომ თქვენ, ამაყ ირანელ ხალხს გელაპარაკოთ. ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი სამხედრო ოპერაციის შემსწრენი ვართ, ოპერაცია “აღმავალი ლომის”.
ისლამური რეჟიმი, რომელიც თქვენ თითქმის 50 წლის განმავლობაში გჩაგრავდათ, ჩემი ქვეყნის, ისრაელის სახელმწიფოს, განადგურებით იმუქრება. ისრაელის სამხედრო ოპერაციის ამოცანას წარმოადგენს ამ საფრთხის აღმოფხვრა, ისრაელის წინაშე არსებული ბირთვული საფრთხის და ასევე ბალისტიკური საფრთხის აღმოფხვრა.
როდესაც ჩვენს ამოცანებს ვაღწევთ, ასევე თქვენ გითავისუფლებთ გზას იმისთვის, რომ მიაღწიოთ თქვენს ამოცანას, ანუ თავისუფლებას.
ბოლო 24 საათის განმავლობაში მოვკალით უმაღლესი სამხედრო მეთაურები, უფროსი ბირთვული მეცნიერები, გავანადგურეთ ისლამური რეჟიმის ყველაზე მნიშვნელოვანი [ურანის] გამდიდრების ობიექტი და მისი ბალისტიკური რაკეტების არსენალის დიდი ნაწილი.
მეტს ელოდეთ. რეჟიმმა არ იცის, რის წინაშე დგას და რა დაარტყამს. ირანელი და ისრაელელი ერები კიროს დიდის დროიდან მოყოლებული ჭეშმარიტი მეგობრები არიან და დადგა დრო, რომ ბოროტი და მჩაგვრელი რეჟიმისგან თქვენი თავისუფლების დაცვით თქვენი დროშისა და თქვენი ისტორიული მემკვიდრეობის გარშემო გაერთიანდეთ. [რეჟიმი] ამაზე სუსტი არასდროს ყოფილა. ეს არის თქვენთვის შესაძლებლობა, რომ ადგეთ და თქვენი ხმა გააგონოთ: “ქალი, სიცოცხლე, თავისუფლება”. (რედ. – ირანში ანტისამთავრობო აქციების სლოგანი).
როგორც გუშინ ვთქვი და მანამდე მრავალჯერ მითქვამს, ისრაელის ბრძოლა თქვენს წინააღმდეგ არ არის მიმართული. ის არ არის მიმართული თქვენს წინააღმდეგ, მამაცი ირანელი ხალხის წინააღმდეგ, რომლებსაც პატივს ვცემთ და რომლითაც აღტაცებულები ვართ. ჩვენი ბრძოლა ჩვენი საერთო მტრის წინააღმდეგ არის მიმართული, სისხლისმღვრელი რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც თქვენ გჩაგრავთ და გაღატაკებთ.
მამაცო ირანელო ერო, თქვენი ნათელი სიბნელეს დაამარცხებს. მე თქვენთან ვდგავარ. ისრაელელი ერი თქვენთან დგას.